პარასკევს ამერიკული აქციების ფასები გაიზარდა და ამით დასრულდა გასული კვირა, რომლის განმავლობაშიც ძირითადმა საფონდო ინდექსებმა 2022 წლის შემდეგ საუკეთესო და ყველაზე ცუდი დღეები დააფიქსირა. წინა კვირის მოვლენები გამოწვეული იყო ტექნოლოგიური მარაგების მკვეთრი ცვალებადობით და აშშ-ის ეკონომიკის სიჯანსაღის მიმართ ეჭვების გაჩენით.
პარასკევს როგორც S&P 500-მა, ისე Nasdaq Composite-მა 0.5%-იანი გაუმჯობესება დააფიქსირა, ხოლო Dow Jones Industrial Average-მა (DJIA) მხოლოდ 0.1%-ით მოიმატა. ამ ინდექსებისთვის ეს აღმასვლის ზედიზედ მეორე დღე იყო, თუმცა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მათ გასული კვირა მთლიანობაში ზრდით დაესრულებინათ.
Mega-cap ტექნოლოგიური აქციების უმეტესობამ კვირა ზრდის დაასრულა. მათ შორის იყვნენ: Alphabet (GOOGL), Amazon (AMZN), Apple (AAPL), Meta Platforms (META), Microsoft (MSFT) და Tesla (TSLA).
„Magnificent Seven“1-ის ერთადერთი წევრი, რომელმაც პარასკევს კლება დააფიქსირა, იყო ხელოვნური ინტელექტზე (AI) ფოკუსირებული ინვესტორების ფავორიტი — Nvidia (NVDA). გასული კვირის ბოლოს ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი მცირედით — 0.2%-ით შემცირდა. Intel-მა (INTC) კი 3.8%-იანი ვარდნა განიცადა და პარასკევს ეს კომპანია DJIA-ში ყველაზე დიდი კლებით გამოირჩეოდა. ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების საინდექსო ფონდი — iShares Semiconductor ETF-მა (SOXX) კი, წინა დღის 8.7%-იანი აღმასვლის შემდეგ, 0.6%-ით დაიკლო.
პარასკევს Eli Lilly-ის (LLY) აქციების ფასი 5.5%-ით გაიზარდა. ეს იყო ზედიზედ მეორე დღე, როდესაც ფარმაცევტული კომპანია S&P 500-ის ლიდერებს შორის აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა.
2024 წლის მეორე კვარტალში წონაში კლების მედიკამენტების — Mounjaro-სა და Zepbound-ის მწარმოებლის შემოსავალი წლიურად 36%-ით — $11.3 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს $1 მილიარდზე მეტით აღემატება.
Eli Lilly-ის წმინდა მოგებამ 68%-ით მოიმატა და $2.97 მილიარდს მიაღწია, ანუ ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი მოგება თითო აქციაზე (EPS) 3.28 იყო, რაც ასევე აჭარბებს უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.95-ს. კორექტირების შემთხვევაში კი ამ მაჩვენებელმა $3.92-ს მიაღწია (პროგნოზი — $2.11).
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
შემოსავალი | $11.3 მილიარდი | $8.3 მილიარდი | 36% |
წმინდა მოგება | $2.97 მილიარდი | $1.77 მილიარდი | 68% |
EPS | $3.28 | $1.95 | 68% |
კორექტირებული წმინდა მოგება | $3.5 მილიარდი | $1.9 მილიარდი | 86% |
კორექტირებული EPS | $3.92 | $2.11 | 86% |
პარასკევს S&P 500 ინდექსში საუკეთესო წარმადობით კი გამოირჩეოდა Akamai Technologies (AKAM). კომპანიის აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები, გაზარდა მოგების პროგნოზები უსაფრთხოებისა და ქლაუდ გამოთვლითი პროდუქტების მაღალი მოთხოვნის ფონზე.
აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელი პარასკევს 3.94%-მდე დაეცა, მას შემდეგ, რაც ეს მაჩვენებელი ხუთშაბათს დაახლოებით 4%-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Taiwan Semiconductor Manufacturing, Take-Two Interactive Software და e.l.f. Beauty.
Taiwan Semiconductor Manufacturing
პარასკევს მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი საკონტრაქტო მწარმოებლის — Taiwan Semiconductor Manufacturing-ის (TSM) მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ივლისში კომპანიის შემოსავალი წლიურად 45%-ით გაიზარდა. ეს მიუთითებს მზარდ მოთხოვნაზე ჩიპებზე, რომლებმაც ხელი შეუწყო ხელოვნური ინტელექტის ბუმს.
თვის გაყიდვებმა მიაღწია $7.93 მილიარდს, ხოლო შემოსავალი იანვარსა და ივლისს შორის 30.5%-ით გაიზარდა.
ამ სიახლის შემდეგ კომპანიის აქციების ფასმა 1%-ზე მეტით მოიმატა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 65%-ით არის გაუმჯობესებული.
ბოლო კვარტალური ანგარიში
აღსანიშნავია, რომ Taiwan Semiconductor Manufacturing-მა გასულ თვეში კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წლის მეორე მეოთხედში კომპანიის შემოსავალი წლიურად 32.8%-ით — $20.82 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $20.16 მილიარდს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი, 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 10.3%-ით გაუმჯობესდა.
გასულ კვარტალში TSMC-ის მთლიანმა მარჟამ 53.2% შეადგინა, საოპერაციო მარჟამ — 42.5%, ხოლო წმინდა მოგების მარჟამ — 36.8%.
ჩიპების მწარმოებელი გიგანტის კვარტალური წმინდა მოგება კი წლიურად 36.3%-ით — $7.59 მილიარდამდე გაიზარდა. 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 9.9%-ით გაუმჯობესდა.
მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.48 შეადგინა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.4-ს.
კომპანია „CHIPS and Science Act“-ის ბენეფიციარია
„CHIPS and Science Act“ შექმნილია აშშ-ის კონკურენტუნარიანობის, ინოვაციებისა და ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად და TSMC მისი ბენეფიციარია. მიმდინარე წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა კომპანიისთვის $6.6 მილიარდის გადაცემა დააანონსა და ტაივანური ფირმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს თანხა კომპანიას არიზონაში მესამე ქარხნის აშენებაში დაეხმარება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები TSMC-ის აქციებს?
Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $167.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $184.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.3%-იან ზრდას გულისხმობს.
Take-Two Interactive Software
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Take-Two Interactive Software-მა (TTWO) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ვიდეო თამაშების გამომცემლის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით არის შემცირებული.
კომპანიის ბიზნესის მიმოხილვა
Take-Two Interactive Software არის ვიდეო თამაშების წამყვანი გამომცემელი, რომელიც ცნობილია პოპულარული ფრანჩაიზებით, როგორებიც არის Grand Theft Auto, Red Dead Redemption და NBA 2K. კომპანია ფოკუსირებულია მაღალი ხარისხის თამაშების შემუშავებაზე სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის კონსოლებზე, კომპიუტერებზე და მობილურ მოწყობილობებზე. ამისთვის ის იყენებს როგორც შიდა სტუდიებს, ისე გარე პარტნიორებს.
ბოლო წლებში Take-Two-მ პრიორიტეტად აქცია ციფრული სადისტრიბუციო არხების გაფართოება. მისი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ციფრული გაყიდვებიდან. გარდა ამისა, კომპანია მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს მომხმარებელთა განმეორებით ხარჯვაზე თამაშში შესყიდვებისა და ვირტუალური ვალუტების საშუალებით.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Take-Two-ს შემოსავალი წლიურად 4.7%-ით — $1.34 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.26 მილიარდს. წმინდა ზარალმა წლიურად 27.2%-ით მოიმატა და $262 მილიონს მიაღწია, ზარალმა თითო აქციაზე კი $1.52-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.02).
მაჩვენებელი | ფისკალური 2025 წლის I კვ. | მენეჯმენტის პროგნოზები | ფისკალური 2024 წლის I კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $1.34 მილიარდი | $1.30 to $1.35 მილიარდი | $1.28 მილიარდი | 4.7% |
ჯავშნები | $1.22 მილიარდი | $1.20 to $1.25 მილიარდი | $1.20 მილიარდი | 1.7% |
GAAP წმინდა ზარალი | $262 მილიონი | $245 to $272 მილიონი | $206 მილიონი | 27.2% |
ზარალი თითო აქციაზე | $1.52 | $1.43 to $1.58 | $1.22 | 24.6% |
საოპერაციო ხარჯები | $956 მილიონი | $928 to $938 მილიონი | $883.5 მილიონი | 8.2% |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Take-Two-ს მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2025 წლის განმავლობაში ჯავშნები $5.55-$5.65 მილიარდს მიაღწევს, ხოლო შემოსავალი — $5.57-$5.67 მილიარდს. თუმცა მენეჯმენტმა წლის პროგნოზირებული ზარალი $690 მილიონიდან $757 მილიონამდე გაზარდა. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $365-$420 მილიონს მიაღწევს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Take-Two-ს აქციებს?
Take-Two-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $145.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $154.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Take-Two-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
e.l.f. Beauty
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, e.l.f. Beauty-მ (ELF) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა პარასკევს სწრაფად მზარდი კოსმეტიკური ბრენდის აქციების ფასი 14%-ზე მეტით შემცირდა. როგორც ჩანს, ბაზარს არ მოეწონა e.l.f. Beauty-ის პროგნოზები მეორე კვარტლისთვის, რომელიც მოიცავს მკვეთრად დაბალ მოგების მარჟას, რადგან კომპანია მარკეტინგულ ხარჯებს ზრდის.
წლის დასაწყისიდან კოსმეტიკური ბრენდის აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში e.l.f. Beauty-ის შემოსავალი წლიურად 50%-ით — $324.5 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $304.1 მილიონს.
მთლიანი მარჟა 80 საბაზისო პუნქტით — 71%-მდე გაუმჯობესდა, რასაც ხელი შეუწყო ფასების ზრდამ, ტრანსპორტირების დაბალმა ხარჯებმა და ვალუტის უკეთესმა გაცვლითმა კურსმა. კომპანიამ ასევე მკვეთრად გაზარდა მარკეტინგული, ციფრული და სხვა ზედნადები ხარჯები, რამაც გამოიწვია გაყიდვების, ზოგადი და ადმინისტრაციული დანახარჯების 104%-იანი ზრდა — $164.4 მილიონამდე.
შედეგად, კორექტირებული EBITDA მხოლოდ 4%-ით — $77.4 მილიონამდე გაიზარდა. კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) უცვლელი — $1.10 იყო, თუმცა ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.84-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი ამ მაჩვენებელმა $0.81 შეადგინა (უოლ სტრიტის მოლოდინი — $0.15).
e.l.f. Beauty-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტარანგ ამინმა გასული კვარტლის შედეგებს წლის ძლიერი დასაწყისი უწოდა და დასძინა, რომ კომპანიამ ამ პერიოდში ბაზრის წილი 260 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, e.l.f. Beauty-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში შემოსავალი 25%-27%-ით გაიზრდება და $1.28-$1.3 (ძველი პროგნოზი — $1.23-$1.25 მილიარდი) მილიარდს მიაღწევს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS — $3.36-$3.41-ს შეადგენს, რაც ასევე აღემატება ძველ პროგნოზს $3.20-$3.25-ს.
თუმცა ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზები ამ დიაპაზონების მაღალ ზღვრებთან არის ახლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების კომპანიის მიერ პროგნოზების უფრო მეტად ზრდას მოელოდნენ. გარდა ამისა, e.l.f. Beauty-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში კორექტირებული EBITDA-ს მარჟა 13%-19%-მდე შემცირდება. შედარებისთვის, გასული ფისკალური წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა 28% შეადგინა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები e.l.f. Beauty-ის აქციებს?
e.l.f-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $161.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $224.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $260.00-ს, ხოლო მინიმალური — $161.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი e.l.f-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 39.6%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] „შესანიშნავი შვიდეული“ მოიცავს შემდეგ კომპანიებს — Alphabet (GOOGL; GOOG), Amazon (AMZN), Apple (AAPL), Meta Platforms (META), Microsoft (MSFT), NVIDIA (NVDA) და Tesla (TSLA).