უმუშევრობის განაცხადი არის სტატისტიკური მონაცემი, რომელიც ყოველკვირეულად ქვეყნდება აშშ-ის შრომის დეპარტამენტის (DOL) მიერ. ეს მაჩვენებელი ზომავს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებმაც მოცემული კვირის განმავლობაში უმუშევრობის დაზღვევის შეღავათები მოითხოვეს.
არსებობს უმუშევრობის განაცხადების ორი კატეგორია: პირველადი — მოიცავს ადამიანებს, რომლებიც ამ განაცხადს პირველად ავსებენ; გაგრძელებული — შედგება უმუშევარი ადამიანებისგან, რომლებიც უკვე იღებენ უმუშევრობის შეღავათებს.
უმუშევრობის განაცხადები შრომის ბაზრისა და ეკონომიკის სიჯანსაღის მდგომარეობის შესაფასებლად მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს.
უმუშევრობის განაცხადის არსის გააზრება
ქვეყნის უმუშევრობის განაცხადების რაოდენობა უკიდურესად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მაკროეკონომიკური ანალიზისთვის. შრომის დეპარტამენტის მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული ყოველკვირეული ანგარიში ასახავს, რამდენი ახალი ადამიანი ითხოვდა უმუშევრობის შეღავათებს წინა კვირაში.
ინვესტორებს შეუძლიათ, ეს ანგარიში გამოიყენონ, რათა ჩამოიყალიბონ წარმოდგენა ქვეყნის ეკონომიკური წარმადობის შესახებ. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მონაცემი ძალიან არასტაბილურია, რადგან ის ყოველკვირეულად ქვეყნდება. სწორედ ამიტომ, ბაზრის მონაწილეები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ უმუშევრობის განაცხადების ოთხკვირიან საშუალო მაჩვენებელზე დაკვირვებას.
COVID-19 ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის დროს, აშშ-ში ყოველკვირეული უმუშევრობის განაცხადების რაოდენობა ისტორიულ ნიშნულამდე გაიზარდა, რადგან კომპანიებმა ხელფასები შეამცირეს. სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის მონაცემებით, 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან 30 აპრილამდე 30 მილიონზე მეტმა ამერიკელმა გააკეთა უმუშევრობის განაცხადი. 2020 წლის აპრილში უმუშევრობის დონემ 14.7%-ს მიაღწია.
როგორ მოქმედებს უმუშევრობის განაცხადები ბაზარზე
როგორც აღინიშნა, უმუშევრობის პირველადი განაცხადები ზომავს მზარდ უმუშევრობას, ხოლო გაგრძელებული განაცხადების მონაცემები გვიჩვენებს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც კვლავ ითხოვენ უმუშევრობის შეღავათებს. ეს უკანასკნელი, პირველადი განაცხადების მონაცემების გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში ხდება ცნობილი. ამ მიზეზით, როგორც წესი, ფინანსურ ბაზრებზე უფრო მეტად პირველადი განაცხადები ზემოქმედებს.
ბევრი ფინანსური ანალიტიკოსი პროგნოზების გაკეთებისას უმუშევრობის განაცხადების მონაცემებსაც ითვალისწინებს. თუ რეალურად გამოქვეყნებული შედეგები პროგნოზებისგან განსხვავებული იქნება, შეიძლება შედეგი ბაზრების აღმავალი ან დაღმავალი მიმართულებით მოძრაობა იყოს. ხშირ შემთხვევაში, თუ უმუშევრობის პირველადი განაცხადები მცირდება, ბაზარი იზრდება და პირიქით.
უმუშევრობის პირველადი განაცხადების ანგარიშს პრესაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მისი სიმარტივისა და იმ ძირითადი დაშვების გამო, რომ რაც უფრო ჯანსაღია სამუშაო ბაზარი, მით უფრო ჯანსაღია ეკონომიკა. მეტი დასაქმებული ადამიანი ნიშნავს მეტ წმინდა შემოსავალს ეკონომიკაში, რაც უფრო მაღალ სამომხმარებლო ხარჯებს და მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) განაპირობებს.
რატომ არის უმუშევრობის განაცხადების მონაცემები ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი?
შესაძლოა, ბაზრის მონაწილეებს მკვეთრი რეაქცია ჰქონდეთ უმუშევრობის განაცხადების შუა თვის ანგარიშზე განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ბოლოდროინდელი ეკონომიკური ინდიკატორების კუმულაციური მტკიცებულებებისგან განსხვავებულ შედეგს აჩვენებს. მაგალითად, თუ სხვა ინდიკატორები ეკონომიკის შესუსტებაზე მიუთითებს, უმუშევრობის განაცხადების რაოდენობის მოულოდნელმა ვარდნამ შეიძლება რეალურად აქციების ფასების ზრდა გამოიწვიოს.
ზოგჯერ ბაზარზე ამ ძვრებს ადგილი აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ მოცემულ მომენტში სხვა უახლესი მონაცემები უბრალოდ არ არსებობს. უმუშევრობის პირველადი განაცხადების ანგარიში ასევე შეიძლება ჩაიკარგოს სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების ფონზე და ის უოლ სტრიტის ყურადღების მიღმა დარჩეს.