პარასკევს, ტექნოლოგიური აქციების ზრდის შედეგად, Nasdaq ზედიზედ მეხუთედ დაიხურა რეკორდულ ნიშნულზე მიუხედავად იმისა, რომ კვირის ბოლოს ამერიკული აქციების უმეტესობა შემცირდა.
პარასკევს Nasdaq Composite 0.12%-ით გაიზარდა და კვირა 3.24%-იანი აღმასვლით დაასრულა. დროის იმავე მონაკვეთში S&P 500-მა 1.58%-ით მოიმატა, ხოლო Dow Jones Industrial Average (DJIA) 0.54%-ით შემცირდა.
გასული სავაჭრო კვირის ბოლო დღეს Adobe-ის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა კომპანიამ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და მომავლის პროგნოზები გაზარდა.
Tesla-ს აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც ელექტრომობილების მწარმოებლის აქციონერებმა ილონ მასკისთვის $56-მილიარდიანი კომპენსაციის პაკეტის გადახდა დაამტკიცეს.
აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სარგებელმა კი ვარდნა ზედიზედ მესამე დღის განმავლობაში განიცადა. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთმა 3-თვიან მინიმუმამდე დაიკლო. ფედერალური რეზერვის (Fed) ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთები, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთხელ შემცირდება 0.25%-ით. თუმცა ბაზრის მონაწილეებს ინფლაციის შემცირების ნიშნები აფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ცენტრალური ბანკი იძულებული გახდეს, საპროცენტო განაკვეთები სექტემბერშივე შეამციროს.
გარდა ამისა, პარასკევს საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tempus, Arm Holdings, RH და Boeing.
Tempus
პარასკევს, Nasdaq-ის ბირჟაზე IPO-ს შემდეგ, ჯანდაცვის ტექნოლოგიების ფირმის — Tempus AI-ის აქციების ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა. ბირჟაზე მისი აბრევიატურა იქნება „TEM”.
პირველადი საჯარო შეთავაზებით კომპანიამ 11.1 მილიონი აქცია გაყიდა და მათი ფასისთვის მენეჯმენტის სამიზნე დიაპაზონი $35-$37 იყო. Tempus-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ $410.7 მილიონის მოზიდვა შეძლო.
Tempus-ს მხარს უჭერს Google
სამედიცინო ტესტების ანალიზისთვის Tempus იყენებს ხელოვნურ ინტელექტს (AI), რათა ის ექიმებს პაციენტების უკეთ მკურნალობაში დაეხმაროს. აღსანიშნავია, რომ Alphabet-ის Google ფირმის ინვესტორებს შორის ერთ-ერთია.
დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის — ერიკ ლეფკოფსკის თქმით, Tempus ჯერ კიდევ ზარალზე მუშაობს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის მდგომარეობა შეიცვლება და როგორც ფულადი ნაკადები, ისე EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) დადებითი გახდება. ერიკ ლეფკოფსკი ასევე არის Groupon-ის დამფუძნებელი, რომელიც მომხმარებლებისა და მოვაჭრეების დამაკავშირებელ ონლაინ კომერციის ბაზარს წარმოადგენს.
Arm Holdings
Nasdaq-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნახევარგამტარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის ბრიტანული კომპანია — Arm Holdings Nasdaq-100 ინდექსს დაემატება.
Nasdaq-ში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათს, 24 ივნისს, სავაჭრო დღის დაწყებამდე შევა. Arm Holdings ინდექსში ჩაანაცვლებს სატელიტური პროგრამირების პროვაიდერს — Sirius XM Holdings-ს.
Nasdaq-ის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ Arm Holdings, Nasdaq-100-თან ერთად, შეუერთდება შემდეგ ინდექსებს: Nasdaq-100 Equal Weighted Index, Nasdaq-100 Tech Sector Index, Nasdaq-100 Technology Sector Market-Cap Weighted Index და Nasdaq-100 Technology Sector Adjusted Market-Cap Weighted Index.
აღსანიშნავია, რომ Nasdaq-ის ბირჟაზე Arm Holdings-ის აქციების დებიუტი გასული წლის სექტემბერში შედგა. მას შემდეგ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 160%-ით არის გაუმჯობესებული.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Arm Holdings-ის აქციებს?
Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $158.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $121.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
RH
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, RH-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ძვირადღირებული ავეჯის კომპანიის აქციების ფასი 17%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში, რომელიც 4 მაისს დასრულდა, RH-ის შემოსავალი წლიურად 2%-ზე ნაკლებით — $727 მილიონამდე შემცირდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $725.15 მილიონს. ეს არ იყო ცუდი შედეგი, თუ გავითვალისწინებთ კომპანიის სეგმენტში არსებულ წინაღობებს, თუმცა მისი მოგების მარჟა იმედგამაცრუებელია.
გასულ კვარტალში RH-ის საოპერაციო მარჟამ მხოლოდ 7.5% შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა 13.4%-ს მიაღწია. ამან გამოიწვია უფრო დიდი ზარალი, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ, შესაბამისად, კომპანიის აქციების ფასიც შემცირდა. RH-ის ზარალმა თითო აქციაზე $0.4 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — -$0.12).
RH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — გარი ფრიდმანმა აქციონერებისათვის განკუთვნილ წერილში აღნიშნა, რომ ამჟამად საბინაო ბაზარზე ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთული მდგომარეობაა. მისი მოლოდინით, ბიზნეს გარემო არახელსაყრელი დარჩება მანამ, სანამ საპროცენტო განაკვეთები არ შემცირდება და საბინაო ბაზარზე მდგომარეობა არ აღდგება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები RH-ის აქციებს?
RH-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $230.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $311.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $350.00-ს, ხოლო მინიმალური — $250.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი RH-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Boeing
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავების მწარმოებლის — Boeing-ის მენეჯმენტმა მიმწოდებლებს განუცხადა, რომ თავისი პრობლემური 737 თვითმფრინავის გამოშვების გეგმის სამი თვით შენელებას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, Boeing-ის მენეჯმენტი მიზნად ისახავს სექტემბერში 42 ერთეული 737 მოდელის გამოშვებას მაშინ, როცა ამ მიზნის მიღწევა ივნისისთვის იყო დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში Boeing-ისთვის რამდენიმე ნეგატიური სიახლე გავრცელდა, დაწყებული 5 იანვარს მომხდარი ინციდენტით, როდესაც Alaska Airlines-ის რეისის დროს კარს საცობი მოძვრა. შემდგომმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ თვითმფრინავს ჭანჭიკები აკლდა.
გარდა ამისა, LATAM Airlines-ის რეისზე თვითმფრინავის დაშვებისას რამდენიმე მგზავრი დაზიანდა. პილოტმა კი განაცხადა, რომ სატერფულებს პრობლემა შეექმნა. ეს შემთხვევაც გამოძიების პროცესშია.
თვეების განმავლობაში ინციდენტებისა და გამოძიებების შემდეგ, Boeing-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოს აღმასრულებელი დირექტორი — დეივ კალჰუნი თანამდებობას დატოვებს. ამასთან, შეიცვლება Boeing-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე და კომერციული თვითმფრინავების განყოფილების ხელმძღვანელი პენსიაზე გადის.
გარდა ამისა, New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) იძიებს პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ 787 Dreamliner-ის ფუზელაჟის ნაწილები არასწორად არის დამაგრებული და, შესაძლოა, ათასობით ფრენის შემდეგ დაიშალოს. Boeing-ის მენეჯმენტმა კი Times-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავებს საფრთხე არ ემუქრებათ.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Boeing-ის აქციებს?
Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $177.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $213.91-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $270.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.