გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Adobe-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გარდა ამისა, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა კომპანიამ გაზარდა პროგნოზები გენერაციული AI (ხელოვნური ინტელექტი) ციფრული მედიის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნის ფონზე. „After-hours”1 ვაჭრობაში კი Adobe-ის აქციების ფასი თითქმის 15%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 21%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
სამთვიან პერიოდში, რომელიც 31 მაისს დასრულდა, Adobe-ის შემოსავალი წლიურად 10%-ით — $5.31 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.29 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $4.48-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $4.39).
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $3.49 შეადგინა, რამაც ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს — $3.38-ს.
კომპანიის ციფრული მედიის ბიზნესმა, რომელიც მოიცავს მისი Creative Cloud-ის გამოწერებს, $487 მილიონის მოცულობის წმინდა ყოველწლიური განმეორებითი შემოსავალი (ARR) გამოიმუშავა, რაც ბევრად აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $437.4 მილიონს. Adobe-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ მათი მოლოდინით, Creative Cloud-ის გამომწერები განაახლებენ გეგმებს კომპანიის გენერაციული AI მოდელის — Firefly-ის შესაძლებლობებზე წვდომისთვის, მომხმარებელთა შემოქმედებითი მუშაობის გასაუმჯობესებლად.
„მოხარულები ვართ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალობის ათვისებით, ისევე როგორც მისი ადრეული მონეტიზაციით Document Cloud-სა და Creative Cloud-ში, მათ შორის ჩვენი წამყვანი აპლიკაციების, Firefly სერვისებისა და Express-ის ჩათვლით“ — განაცხადა Adobe-ის ციფრული მედიის განყოფილების პრეზიდენტმა, დევიდ ვადჰვანმა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Adobe-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ წლიური შემოსავალი $21.40-$21.50 მილიონს მიაღწევს — ამ დიაპაზონის ქვედა ზღვარი, ძველ პროგნოზთან შედარებით, $100 მილიონით არის გაზრდილი. გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ კორექტირებული EPS $18.00-$18.20-ს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $17.60-$18.00). შედარებისთვის, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, $21.46 მილიარდს და $18.02-ს მიაღწევს.
პროგრამული უზრუნველყოფის სხვა კომპანიებმა მთელი წლის პროგნოზები ახლახან შეამცირეს გაურკვეველი ეკონომიკური პერსპექტივისა და AI განვითარების მიმართ საწარმოთა ინტერესების შემცირების მიზეზით. თუმცა Adobe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — შანტანუ ნარაიენმა გუშინ ანალიტიკოსებს უთხრა, რომ კომპანიის მენეჯმენტი ეკონომიკაში შესამჩნევ ცვლილებებს ვერ ხედავს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Adobe-ის აქციებს?
Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $459.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $605.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $703.00-ს, ხოლო მინიმალური — $445.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Adobe-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.