გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან American Airlines, Hasbro და Lululemon.
American Airlines
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, American Airlines-მა (AAL) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ავიაკომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 21%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში American Airlines-ის შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს — $14.3 მილიარდს მიაღწია, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $14.39 მილიარდს. ავიაკომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $1.09-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.05-ს. თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $1.01 შეადგინა (პროგნოზი — $0.04).
„American Airlines-ს გააჩნია ფლოტი, ქსელი და პროდუქტები, რომლებიც შექმნილია შედეგის მისაღწევად. თუმცა მეორე კვარტალში კომპანიის წარმადობა ჩვენს თავდაპირველ მოლოდინებს არ შეესაბამებოდა წინა პერიოდში გაყიდვების მაჩვენებლების, განაწილების სტრატეგიის, შიდა მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსის გამო“ — განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ ისომმა.
American Airlines-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ხელახლა აწარმოებს კონტრაქტებზე მოლაპარაკებებს კორპორატიულ მომხმარებლებთან და ტურისტულ სააგენტოებთან გაყიდვების წარსული სტრატეგიის გადახედვით, რომელიც მოიცავდა ბენეფიტების შემცირებას და კლიენტების მიერ ჯავშნების მესამე მხარის საიტების გარეშე გაკეთების სტიმულირებას.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, American Airlines-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის კორექტირებული EPS $0.70-$1.30-ს შეადგენს. ეს დიაპაზონი მკვეთრად ჩამოუვარდება კომპანიის ძველ პროგნოზს — $2.23-$3.25-ს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები American Airlines-ის აქციებს?
American Airlines Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $14.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $24.00-ს, ხოლო მინიმალური — $7.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი American Airlines Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 33.1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Hasbro
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Hasbro-მ (HAS) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი გასართობი ინდუსტრიის გიგანტის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
Hasbro სამომხმარებლო პროდუქტებისა და გართობის სეგმენტებში დიდ გამოწვევებს გადააწყდა, თუმცა მისი „Wizards of the Coast and Digital Gaming“ განყოფილება კარგი შედეგებით გამოირჩეოდა.
2024 წლის მეორე კვარტალში Hasbro-ს მთლიანი შემოსავალი წლიურად 18%-ით — $995.3 მილიონამდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ eOne-ის დივესტირებით არის გამოწვეული. ამ ფაქტორის გამორიცხვის შემთხვევაში შემოსავალი წლიურად 6%-ით დაიკლებდა. თუმცა კვარტალურმა შემოსავალმა მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $941.38 მილიონს.
Hasbro-ს კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე $1.22-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.78), ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა — $0.99-ს (პროგნოზი — $0.67). შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში Hasbro-მ თითო აქციაზე $1.69-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|
მთლიანი შემოსავალი | $995.3 მილიონი | $1.21 მილიარდი | (18%) |
EPS | $0.99 | ($1.69) | |
კორექტირებული საოპერაციო მოგება | $249 მილიონი | $136.8 მილიონი | 82% |
სამომხმარებლო პროდუქტების შემოსავალი | $524.5 მილიონი | $655.2 მილიონი | (20%) |
„Wizards of the Coast and Digital Gaming“ განყოფილების შემოსავალი | $452 მილიონი | $375.6 მილიონი | 20% |
გართობის სეგმენტის შემოსავალი | $18.8 მილიონი | $179.2 მილიონი | (90%) |
კომპანიის მიმოხილვა
Hasbro ცნობილია ისეთი საკულტო ბრენდებით, როგორებიც არის Nerf, Play-Doh და Monopoly. კომპანია ოპერირებს სამ ძირითად სეგმენტში: სამომხმარებლო პროდუქტები, Wizards of the Coast and Digital Gaming და Entertainment.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Hasbro-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში სამომხმარებლო პროდუქტების სეგმენტის შემოსავალი 7%-11%-ით შემცირდება, ხოლო კორექტირებული საოპერაციო მარჟა 4%-6%-ს შეადგენს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ Wizards of Coast სეგმენტს ექნება შემოსავლების მნიშვნელოვნად დაბალი — 1%-3%-იანი შემცირება, მაგრამ ეს მიმართულება სოლიდურ 42%-იან მარჟას შეინარჩუნებს. Hasbro-ს მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ 2024 წელს კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $975 მილიონს-$1,025 მილიარდს მიაღწევს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Hasbro-ს აქციებს?
Hasbro-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $62.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $75.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $69.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Hasbro-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.5%-იან ზრდას გულისხმობს.
Lululemon
გუშინ, საინვესტიციო ბანკების ნეგატიური შეფასების შემდეგ, სპორტული ტანსაცმლის კომპანიის — Lululemon Athletica-ს (LULU) აქციების ფასი 9%-ზე მეტით, 2020 წლის გაზაფხულის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 51%-ით არის შემცირებული.
ანალიტიკოსის შეფასება
JPMorgan-მა Lululemon Athletica-ს აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, თუმცა სამიზნე ფასი $457-დან $338-მდე შეამცირა და კომპანია თავისი Analyst Focus List1-დან გამორიცხა.
ანალიტიკოსებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს Lululemon-ის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს თავისი ახლად გამოშვებული Breezethrough კოლექციის გაყიდვები. კომპანიის ამ ნაბიჯის მიზანი, მენეჯმენტის თქმით, იყო „განზრახვა, შეიტანოს კორექციები დიზაინში მომხმარებლების გამოხმაურების საფუძველზე“, რათა ბაზარს უკეთესი პროდუქტი შესთავაზოს.
JPMorgan პროგნოზირებს, რომ ფისკალური 2024 წლის განმავლობაში Lululemon-ის მოგება თითო აქციაზე (EPS) $13.90-ს შეადგენს, ფისკალურ 2025 წელს კი შემოსავალი 9%-ით გაიზრდება, ხოლო EPS $14.97-ს მიაღწევს.
გარდა ამისა, Citigoup-ის ანალიტიკოსმა — პოლ ლეხუესმა Lululemon-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $415-დან $300-მდე შეამცირა.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Lululemon-ის აქციებს?
Lululemon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $247.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $397.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $470.00-ს, ხოლო მინიმალური — $220.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lululemon-ის აქციების ამჟამინდელი ფასის დაახლოებით 61%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა— გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] იმ აქციების სია, რომლებიც, ანალიტიკოსის აზრით, მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებს წარმოადგენს.