გუშინ აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსები უფრო მაღალ ნიშნულებზე დაიხურა ფართო „გამოჯანმრთელების“ ფონზე. ერთი დღის წინ კი მათი ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა ბოლო თითქმის ორი წლის განმავლობაში.
S&P 500 და Nasdaq Composite ინდექსებმა სავაჭრო დღე 1%-იანი აღმასვლით დაასრულა, ხოლო Dow Jones Industrial Average (DJIA) 0.8%-ით გაიზარდა. გუშინ დასრულდა სამდღიანი ვარდნის სერია, რომელიც გამოწვეული იყო ტექნოლოგიური გიგანტების აქციების ფასების მკვეთრი კლებით და აშშ-ის ეკონომიკის სიჯანსაღესთან დაკავშირებით ინვესტორების მზარდი ეჭვებით.
გუშინ S&P 500 ინდექსის ყველა სექტორი გაიზარდა, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნის ორშაბათის სავაჭრო სესიასთან, როდესაც თითოეული სექტორი მინიმუმ 1.7%-ით დაეცა.
გუშინდელი სავაჭრო სესიის განმავლობაში mega-cap ტექნოლოგიური აქციები დასტაბილურდა — AI ინვესტორების ფავორიტმა Nvidia-მ (NVDA) და სოციალური მედიის გიგანტმა Meta Platforms-მა (META) დღე თითქმის 4%-იანი აღმასვლით დაასრულა, ხოლო Microsoft-ის (MSFT), Amazon-ისა (AMZN) და Tesla-ს (TSLA) აქციების ფასები, შესაბამისად, 1.1%-ით, 0.6%-ითა და 0.9%-ით გაუმჯობესდა.
Palantir Technologies-ის (PLTR) აქციების ფასი 10%-მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მონაცემთა ანალიზის კომპანიამ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და გაზარდა პროგნოზები AI პლატფორმაზე ძლიერი მოთხოვნიდან გამომდინარე.
Dow Jones-ის კომპონენტი Caterpillar-ის (CAT) აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მძიმე აღჭურვილობის მწარმოებლის კვარტალურმა მოგებამ ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა.
გუშინ აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელი 3.90%-მდე გაიზარდა. ორშაბათს კი ამ მაჩვენებელმა 3.78% შეადგინა მას შემდეგ, რაც დღის დასაწყისში 3.70%-მდე დაეცა. ეს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია, რადგან იზრდება მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს სწრაფად და მკვეთრად შეამცირებს.
გასულ კვირაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები უცვლელად შეინარჩუნა 5.25%-5.5%-ის დიაპაზონში, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია 2001 წლის შემდეგ. ოფიციალურ განცხადებაში Fed-ის პოლიტიკის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის დონე დაეცა, ხოლო შრომის ბაზარზე მუშაკებისთვის მდგომარეობა გაუარესდა.
ამან განამტკიცა ფინანსური ბაზრის მონაწილეების წარმოდგენები, რომ Fed ემზადება ინფლაციასთან ბრძოლის ნაცვლად, შრომის ბაზრის მხარდაჭერაზე ფოკუსირდეს.
გასულ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერალური სარეზერვო ბანკის თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის ეკონომიკა არსებული ტრაექტორიით გააგრძელებს მოძრაობას, სექტემბერში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება.
CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, რომელიც განაკვეთის ცვლილებებს ფედერალური ფონდების ფიუჩერსული ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, ტრეიდერების აზრით, არსებობს 70%-იანი შანსი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში ნახევარი პროცენტული პუნქტით შეამცირებს.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Nvidia, Uber და Super Micro Computer.
Nvidia
ორშაბათს Nvidia-ს (NVDA) აქციები ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა, რადგან გლობალურმა ბაზრებმა, რამდენიმე ნეგატიური კატალიზატორის გამო, ვარდნა განიცადა. გაყიდვა დაიწყო იაპონიაში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდა. გარდა ამისა, გასულ შაბათ-კვირას კონკრეტულად Nvidia-სთან დაკავშირებული სპეციფიკური სიახლეებიც გავრცელდა.
თუმცა ზოგიერთი ინვესტორი განიხილავს Nvidia-ს აქციების ფასის ვარდნას, როგორც ყიდვის ხელსაყრელ შესაძლებლობას. ამან განაპირობა გუშინ აქციების დაახლოებით 4%-იანი აღმასვლა. მიუხედავად ამისა, ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 19%-ით არის შემცირებული.
Nvidia-ს არ აქვს მიწოდების ან მოთხოვნის პრობლემა
ორშაბათს ვარდნა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის Blackwell სისტემის, მათ შორის შემდეგი თაობის AI (ხელოვნური ინტელექტი) ჩიპების, გამოშვება გადაიდება. გარდა ამისა, ინვესტორები გლობალური მასშტაბით ყიდიან აქციებს, რაც აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებული ეჭვებით არის გამოწვეული.
ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე ორიენტირებული ამერიკული ბიზნეს პუბლიკაციის — The Information-ის თანახმად, Blackwell AI ჩიპის გამოშვება შეიძლება, დიზაინის ხარვეზების გამო, 3 თვით ან უფრო მეტი ხნით გადაიდოს.
Blackwell-ის დებიუტის გადადება გავლენა იქონიებს Amazon-ზე (AMZN), Alphabet-ის (GOOGL) Google-ზე, Meta-ზე (META), Microsoft-ზე, ChatGPT-ის მწარმოებელ OpenAI-ზე, Tesla-ზე (TSLA) და ილონ მასკის xAI-ზე.
მართალია, კომპანიას პრობლემა არ უღიარებია, მაგრამ მაშინაც კი, თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს მხოლოდ რამდენიმე თვიანი შეფერხება იქნება.
როგორც Oppenheimer-ის ანალიტიკოსმა — რიკ შაფერმა ახალ კვლევით ჩანაწერში აღნიშნა, Nvidia-ს არსებულ Hopper სერიის H100 ჩიპებზე ჯერ კიდევ დიდი მოთხოვნაა Blackwell-ის გაყიდვების შეფერხების შესავსებად. შესაძლოა, ანალიტიკოსმა შეამსუბუქა ზოგიერთი ინვესტორის ეჭვები, როცა განაცხადა, რომ „Nvidia-ს კონკურენტული პოზიცია რჩება მყარი და ჩვენ არ მოველით, რომ მცირე შეფერხება ბაზრის წილის დაკარგვას გამოიწვევს“.
ფაქტი, თუ რამდენად ძლიერია მოთხოვნა H100 ჩიპებზე, ინვესტორების ყურადღების ცენტრში იქნება, როდესაც Nvidia თავის მომდევნო კვარტალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს 28 აგვისტოს. ნებისმიერი დადებითი კომენტარი შეიძლება დაეხმაროს აქციებს დაიბრუნოს ის, რაც მან დათმო ივნისის შუა რიცხვებში მიღწეული რეკორდული პიკის შემდეგ. როგორც კი Blackwell-ის გაყიდვები დაიწყება, შეიძლება ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს.
ამასთან, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ, შესაძლოა, უახლოეს პერსპექტივაში Nvidia-მ გარკვეული ცვალებადობა განიცადოს. თუმცა მათი მოლოდინით ეს მცირედით ან საერთოდ არ იმოქმედებს 2025 წლის მოგებაზე და, რაც მთავარია, კომპანიის გრძელვადიან კონკურენტულ პოზიციაზე.
Bank of America-ს ანალიტიკოსების თქმით კი, ისინი ნებისმიერ ვარდნას ყიდვის ხელსაყრელ შესაძლებლობებად განიხილავენ.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $104.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $144.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 38.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Uber
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Uber-მა (UBER) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მგზავრობისა და ამანათების მიტანის კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.
Uber-ის ბიზნესის მიმოხილვა
Uber Technologies, რომელიც ცნობილია მგზავრობისა და საკვების მიწოდების სერვისებით, მართავს მრავალმხრივ პლატფორმას რამდენიმე ძირითად სეგმენტში: მობილურობა, მიწოდება და ტვირთების გადაზიდვა. Uber, თავისი ტექნოლოგიის საშუალებით, ერთმანეთთან აკავშირებს მძღოლებს, მგზავრებს და მოვაჭრეებს. ბოლო პერიოდში კომპანიის მენეჯმენტმა ყურადღება გაამახვილა პლატფორმის მასშტაბის გაფართოებაზე და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე, უსაფრთხოებისა და ოპერაციული მახასიათებლების ჩათვლით.
Uber მიზნად ისახავს, გამოიყენოს თავისი ქსელი, ტექნოლოგიური ლიდერობა და გლობალური მიღწევები, რათა ხელი შეუწყოს ზრდას. წარმატების ძირითადი ფაქტორები მოიცავს პლატფორმის ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა (MAPC) და მგზავრების რაოდენობის გაზრდას, უსაფრთხოების ტექნოლოგიების განვითარებას და რეკლამირების საშუალებით მონეტიზაციის გაუმჯობესებას.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Uber-ის შემოსავალი წლიურად 16%-ით — $10.7 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $10.57 მილიარდს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 161%-ით — $0.47-მდე მოიმატა. ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.31-ს.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $10.7 მილიარდი | $10.57 მილიარდი | $9.23 მილიარდი | 16% |
მთლიანი ჯავშნები | $40.0 მილიარდი | — | $33.6 მილიარდი | 19% |
GAAP EPS | $0.47 | $0.31 | $0.18 | 161% |
წმინდა მოგება | $1.015 მილიარდი | — | $394 მილიონი | 158% |
კორექტირებული EBITDA | $1.57 მილიარდი | — | $916 მილიონი | 71% |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Uber-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში Uber-ის მთლიანი ჯავშნები $40.25-$41.75 მილიარდს მიაღწევს, რაც წლიურად 18%-23%-იან ზრდას გულისხმობს. კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე), სავარაუდოდ, წლიურად 45%-54%-ით გაუმჯობესდება და $1.58-$1.68 მილიარდს მიაღწევს. Uber-ის მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა ფოკუსირებას ფულადი სახსრების ძლიერი ნაკადების გენერირების შენარჩუნებაზე და მრავალფეროვანი ბიზნეს მოდელის შემდგომ განვითარებაზე.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Uber-ის აქციებს?
Uber-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $65.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $87.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $71.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Uber-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35.6%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 32 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Super Micro Computer
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Super Micro Computer-მა (SMCI) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვერების მწარმოებლის აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 116%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Super Micro Computer-ის შემოსავალი წლიურად 2-ზე მეტჯერ — $5.31 მილიარდამდე გაიზარდა, რაც შეესაბამებოდა ანალიტიკოსების პროგნოზს. წმინდა მოგებამ კი $353 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $5.51 იყო — ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის მოლოდინს $2.30-ით ჩამორჩა.
მენეჯმენტის კომენტარები
Super Micro Computer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჩარლზ ლიანგმა განაცხადა, რომ კომპანიამ ისარგებლა „რეკორდული“ მოთხოვნით ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე.
აღმასრულებელმა დირექტორმა დასძინა, რომ Super Micro შეიძლება კარგად იყოს პოზიციონირებული, რათა, კომპანიის ტექნოლოგიის წყალობით, IT ინფრასტრუქტურის უდიდესი კომპანია გახდეს.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Super Micro Computer-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი $6-$7 მილიარდს შეადგენს. მთელი წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი $26-$30 მილიარდს მიაღწევს.
გარდა ამისა, Super Micro Computer-მა დააანონსა აქციების 1/10 პროპორციით დაყოფა. ეს ცვლილება ძალაში 1 ოქტომბრიდან შევა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Super Micro Computer-ის აქციებს?
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $617.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $978.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,500.00-ს, ხოლო მინიმალური — $325.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 58.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.