პარასკევს აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსები კვლავ გაიზარდა და მათთვის ეს 2024 წლის საუკეთესო კვირა იყო. ბოლო დღეებში აღმასვლა დაფიქსირდა იმის ფონზე, რომ აშშ-ის ეკონომიკის სიჯანსაღესთან დაკავშირებით მღელვარება შემცირდა და ასევე ოპტიმიზმი ყალიბდება იმის შესახებ, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) მომავალ თვეში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებს.
გასული კვირის ბოლო სავაჭრო დღეს S&P 500, Nasdaq Composite და Dow Jones Industrial Average (DJIA) ინდექსები 0.2%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ S&P 500-მა და Nasdaq-მა ზრდა ზედიზედ შვიდი სავაჭრო სესიის განმავლობაში დააფიქსირა. რაც შეეხება Dow-ს, ეს ინდექსი ბოლო შვიდი სავაჭრო დღიდან ექვსის მანძილზე იზრდებოდა.
ამ ინდექსებიდან ტექნოლოგიური აქციებით დატვირთული Nasdaq Composite საუკეთესო შედეგით გამოირჩეოდა — ბოლო შვიდი სავაჭრო სესიის განმავლობაში ის თითქმის 9%-ით გაიზარდა, S&P 500 — დაახლოებით 7%-ით, ხოლო Dow Jones Industrial Average — 5%-ით.
Mega-cap ტექნოლოგიური აქციები პარასკევს შერეული შედეგებით გამოირჩეოდა. ხელოვნურ ინტელექტზე ფოკუსირებული ინვესტორების ფავორიტის — Nvidia-ს (NVDA), Apple-ისა (AAPL) და Alphabet-ის (GOOGL) აქციების ფასები გაიზარდა, ხოლო Amazon-მა (AMZN), Meta Platforms-მა (META) და Microsoft-მა (MSFT) ვარდნა განიცადეს.
ამერიკულმა აქციებმა სწრაფად შეძლო აღდგენა თვის დასაწყისში მკვეთრი გაყიდვების შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო აშშ-ის ეკონომიკის პერსპექტივებთან დაკავშირებული მზარდი ეჭვებით.
გასული კვირის ანგარიშებმა აღადგინა ნდობა, რომ ეკონომიკა რჩება ელასტიკური, ხოლო ფასების ზეწოლა ზომიერია — ეს კომბინაცია Fed-ს საშუალებას მისცემს, შეამციროს საპროცენტო განაკვეთები.
საცალო გაყიდვების ყოველთვიური ანგარიში მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა — ივლისში აშშ-ში საცალო გაყიდვების მოცულობა თვიურად 1%-ით — $709.7 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი თვიური ნახტომია 2023 წლის იანვრის შემდეგ. ეს შედეგი აჭარბებს იმ ეკონომისტების პროგნოზს (0.3%-იან მატებას), რომლებიც Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ იქნა გამოკითხული.
ამასთან, უმუშევრობის ყოველკვირეული განაცხადების რაოდენობა — 227,000 ჩამორჩა ეკონომისტების მოლოდინს, 235,000-ს. ეს ამცირებს მღელვარებას შრომის ბაზრის შესუსტებასთან დაკავშირებით. გუშინდელი მონაცემები, რომლებიც ასახავს მყარი ეკონომიკის სურათს, მოჰყვება ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ ინფლაციის ანგარიშებს, რომლებიც მომხმარებლებზე საფასო ზეწოლის შემსუბუქებაზე მიგვანიშნებს.
გასულ სამშაბათს გამოქვეყნდა ინფლაციის კიდევ ერთი მაჩვენებელი — მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) მონაცემები, რომლებმაც აჩვენა, რომ ივლისში შეერთებულ შტატებში ფასების ზრდა შემცირდა. ინდექსმა წლიურად 2.2%-ით მოიმატა, ხოლო ფასების თვიურმა ზრდამ 0.1% შეადგინა. ეს ორივე მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე — ანალიტიკოსების პროგნოზები.
შედარებისთვის, ივნისში PPI ინდექსის მიხედვით გაზომილი ფასები წლიურად 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურად — 0.2%-ით.
გასულ ოთხშაბათს კი აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა — ივლისში ის წლიურად 2.9%-ით გაიზარდა. 2021 წლის მარტის შემდეგ ეს იყო ყველაზე ნელი წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტების მოლოდინი — 3%. შედარებისთვის, ივნისში CPI-ის წლიურმა მატებამ სწორედ 3%-ს მიაღწია.
აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელი, რომელიც მგრძნობიარეა საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინების მიმართ, პარასკევს 3.88%-მდე შემცირდა (ხუთშაბათს — 3.92%). გასული კვირის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 3.70%-ს ჩამოსცდა, რადგან ეკონომიკური მღელვარების ტალღა გაიზარდა.
გარდა ამისა, პარასკევს საფონდო ბირჟაზე გავრცელდა სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Applied Materials, H&R Block და Rivian Automotive.
Applied Materials
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Applied Materials-მა (AMAT) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ნახევარგამტარების წარმოების აღჭურვილობისა და მომსახურების ლიდერი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 2%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 35%-ით არის გაუმჯობესებული.
Applied Materials-ის ბიზნესის გააზრება
Applied Materials არის აღჭურვილობის, სერვისების და პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი მიმწოდებელი ნახევარგამტარული ჩიპების წარმოებისთვის. მის ძირითად სეგმენტებს წარმოადგენს ნახევარგამტარული სისტემები, გამოყენებითი გლობალური სერვისები, ეკრანები და ამ პროდუქტებთან დაკავშირებული სხვა ბაზრები.
ბოლო პერიოდში კომპანიის მენეჯმენტმა ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიურ ლიდერობაზე ნახევარგამტარული წარმოების აღჭურვილობაში, ასევე თავისი გლობალური სერვისებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობების გაფართოებაზე.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Applied Materials-ის შემოსავალი წლიურად 5.5%-ით — $6.78 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $6.68 მილიარდს. კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) კი წლიურად 11.6%-ით მოიმატა და $2.12-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $2.03-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $2.05 შეადგინა — ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს $0.06-ით გადააჭარბა.
მაჩვენებელი | ფისკალური 2024 წლის III კვ. | მენეჯმენტის პროგნოზები | ფისკალური 2023 წლის III კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $6.778 მილიარდი | $6.65 მილიარდი ± $0.4 მილიარდი | $6.425 მილიარდი | 5.5% |
კორექტირებული განზავებული EPS | $2.12 | $1.83 to $2.19 | $1.90 | 11.6% |
GAAP საოპერაციო მარჟა | 28.7% | — | 28.0% | 0.7 პროცენტული პუნქტი |
ფულადი ნაკადები ოპერაციებიდან | $2.39 მილიარდი | — | $2.58 მილიარდი | (7.4%) |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Applied Materials-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურის 2024 წლის მეოთხე კვარტლისთვის შემოსავალი დაახლოებით $6.93 მილიარდს (± $400 მილიონი) მიაღწევს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული მოგება თითო განზავებულ აქციაზე $2.00-$2.36-ს შეადგენს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Applied Materials-ის აქციებს?
Applied Materials-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $208.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $247.84-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $280.00-ს, ხოლო მინიმალური — $210.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Applied Materials-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.2%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
H&R Block
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, H&R Block-მა (HRB) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. პარასკევს კი ონლაინ საგადასახადო მოსამზადებელი სერვისების კომპანიის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში H&R Block-ის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $1.06 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.03 მილიარდს. მომატებული დანახარჯები მარკეტინგზე, ასევე უფრო მაღალი ხელფასები აისახა მოგებაზე — EPS $1.89-მდე შემცირდა (გასული წლის იმავე მეოთხედში — $2.05), თუმცა ამ მაჩვენებელმა მაინც გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.74-ს.
ამასთან, H&R Block-მა კვარტალური დივიდენდი 17%-ით — $0.375-მდე გაზარდა, რაც 2.2%-იან სარგებელს წარმოადგენს. გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტმა დააანონსა $1.5 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვა, რაც მისი საბაზრო კაპიტალიზაციის 16%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მეოთხე კვარტალში H&R Block-მა მოქმედი აქციების 8% გამოისყიდა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, H&R Block-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ახალი ფისკალური წლის განმავლობაში შემოსავალი 3%-ით გაიზრდება და $3.69-$3.75 მილიარდს მიაღწევს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $5.15-$5.35-ს შეადგენს, რაც აღემატება როგორც გასული წლის შედეგს — $4.41-ს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს — $4.68-ს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები H&R Block-ის აქციებს?
H&R Block-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $64.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო, მაქსიმალური და მინიმალური სამიზნე ფასი ერთმანეთს ემთხვევა — $70-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი H&R Block-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.6%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rivian Automotive
პარასკევს Rivian Automotive-ის (RIVN) აქციების ფასი 4%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელექტრომობილების (EV) მწარმოებელმა, ნაწილების დეფიციტის გამო, Amazon-ისთვის ფურგონების წარმოება შეაჩერა.
პრობლემა, როგორც ჩანს, ამ თვის დასაწყისში დაიწყო Rivian-ის ქარხანაში, ნორმალში, ილინოისის შტატში. მენეჯმენტმა განმარტა, რომ მოსალოდნელია ჩამორჩენის ანაზღაურება, თუმცა კონკრეტული ვადები ცნობილი არ არის. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს საკითხი არ იმოქმედებს მისი R1T პიკაპის და R1S SUV-ის წარმოებაზე.
ამაზონმა, რომელიც 30 ივნისის მდგომარეობით Rivian-ში 15%-იან წილს ფლობს და მისი ყველაზე დიდი აქციონერია, საკუთარ თავზე 2030 წლისთვის 100,000 ფურგონის შეძენის ვალდებულება აიღო. გასულ თვეში Amazon-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან აშშ-ის მასშტაბით 15,000 ფურგონი ამოქმედდა.
ასევე გასულ თვეში, Rivian-მა დაადასტურა მთელი წლისთვის 57,000 ავტომობილის წარმოების გეგმა. აღსანიშნავია, რომ ფისკალურ 2023 წელს კომპანიამ 57,232 მანქანა აწარმოა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Rivian-ის აქციებს?
Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $13.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $18.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 36.3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 22 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.