Nvidia (NVDA) ვარდნას განაგრძობს — ბირჟის გახსნისთანავე ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა, ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული.
დღევანდელი ვარდნა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის Blackwell სისტემის, მათ შორის შემდეგი თაობის AI (ხელოვნური ინტელექტი) ჩიპების, გამოშვება გადაიდება. გარდა ამისა, ინვესტორები გლობალური მასშტაბით ყიდიან აქციებს, რაც აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებული ეჭვებით არის გამოწვეული.
ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე ორიენტირებული ამერიკული ბიზნეს პუბლიკაციის — The Information-ის თანახმად, Blackwell AI ჩიპის გამოშვება შეიძლება, დიზაინის ხარვეზების გამო, 3 თვით ან უფრო მეტი ხნით გადაიდოს.
Blackwell-ის დებიუტის გადადება გავლენა იქონიებს Amazon-ზე (AMZN), Alphabet-ის (GOOGL) Google-ზე, Meta-ზე (META), Microsoft-ზე, ChatGPT-ის მწარმოებელ OpenAI-ზე, Tesla-ზე (TSLA) და ილონ მასკის xAI-ზე.
დაანონსებისთანავე Blackwell-ზე ძლიერმა მოთხოვნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წელს Nvidia-ს აქციების ფასის ზრდაში. გარდა ამისა, მოსალოდნელი იყო, რომ ეს სარგებელს მოუტანდა Nvidia-ს პარტნიორებს, როგორებიც არის Micron Technology (MU) და Monolithic Power Systems (MPWR), ასევე სხვა კომპანიებს AI სივრცეში.
საინვესტიციო ბანკ Citigroup-ის ანალიტიკოსებმა შეფერხების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ განაცხადეს, რომ ამან შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა Nvidia-ს ძველ AI ჩიპებზე და პროდუქტებზე კონკურენტებისგან, როგორიც არის Advanced Micro Devices (AMD).
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $101.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $142.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 42.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.