გუშინ, “after-hours”1 ვაჭრობაში, Levi Strauss & Co.-ს აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჯინსების მწარმოებელმა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და სრული წლის მოგების პროგნოზი გაზარდა.
მიმდინარე წლის განმავლობაში Levi Strauss-ის აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
სამთვიან პერიოდში, რომელიც 25 თებერვალს დასრულდა, Levi Strauss-ის შემოსავალი წლიურად 8%-ით — $1.56 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.54 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.26 შეადგინა (პროგნოზი — $0.21). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი კომპანიამ თითო აქციაზე $0.03-ის მოცულობის ზარალი დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის პროგნოზს $0.06-ით ჩამოუვარდება.
Levi Strauss-ის DTC (პირდაპირ მომხმარებლებზე) გაყიდვები კომპანიის ვებგვერდისა და სახელობითი ბრენდირებული მაღაზიების მეშვეობით წლიურად 7%-ით გაუმჯობესდა და ტანსაცმლის მწარმოებლის მთლიანი შემოსავლის 58% შეადგინა. ეს ამცირებს Levi Strauss-ის საბითუმო ბიზნესზე დამოკიდებულებას, რომლის გაყიდვებიც წლიურად 18%-ით შემცირდა.
კომპანიის მენეჯმენტმა ადრე განაცხადა, რომ მიზნად ისახავს, DTC გაყიდვებმა მთლიანი გაყიდვების მინიმუმ 55% შეადგინოს.
რას უნდა ველოდეთ მომავალში?
რაც შეეხება მომავალს, Levi Strauss-ის მენეჯმენტმა მთელი წლის გაყიდვების პროგნოზი უცვლელად შეინარჩუნა, რაც ამ მაჩვენებლის 1%-3%-იან ზრდას გულისხმობს. თუმცა კომპანიაში ახლა მოელიან, რომ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე $1.17-$1.27-ს მიაღწევს, რაც აღემატება ძველ პროგნოზს — $1.15-$1.25-ს. შედარებისთვის, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში Levi Strauss-ის გაყიდვები 2.4%-ით გაუმჯობესდება, ხოლო კორექტირებული EPS $1.21-ს მიაღწევს.
მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოქვეყნდა რამდენიმე თვის შემდეგ, რაც კომპანიამ გლობალური მასშტაბით სამუშაო ძალის 10%-15%-ით შემცირების გეგმა დააანონსა. ამ გადაწყვეტილების მიზანია ფისკალური 2024 წლის განმავლობაში $100 მილიონის დაზოგვა.
ანალიტიკოსების შეფასებები
Levi Strauss-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $18.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $23.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Levi Strauss-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Levi Strauss-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.