გუშინ S&P 500-მა ახალ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და ინდექსმა, 2019 წლის შემდეგ, საუკეთესო პირველი კვარტალი დააფიქსირა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელოვნური ინტელექტის (AI) ირგვლივ შექმნილმა ენთუზიაზმმა და იმედმა, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) მალე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებს.
წლის დასაწყისიდან S&P 500 ინდექსი უკვე დაახლოებით 10.8%-ით არის გაუმჯობესებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს საუკეთესო პირველი მეოთხედია 2019 წლის შემდეგ, როდესაც ინდექსის ზრდამ იმავე პერიოდში 13% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 61 სავაჭრო დღიდან 22 შემთხვევაში ინდექსი რეკორდულ ნიშნულებზე დაიხურა.
კვლავ ხელოვნური ინტელექტი იყო ის საერთო მახასიათებელი, რომელიც ინდექსის რამდენიმე საუკეთესო წარმადობის მქონეს აქციას აკავშირებდა. AI ბუმმა წლის დასაწყისიდან Super Micro Computer-ის აქციების ფასის დაახლოებით 254%-ით ზრდა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის სერვერების მწარმოებლის აქციები ინდექსს მიმდინარე თვის დასაწყისში შეუერთდა. გარდა ამისა, Nvidia-მ კვლავ განაგრძო განვითარება — კომპანიის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 88%-ით გაუმჯობესდა. ინდექსის ტოპ 10-ში მოხვდა ასევე Meta Platforms და Micron Technology, რომელმაც, AI-ზე მაღალი მოთხოვნის ფონზე, გასულ კვირაში მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა.
თუმცა, გასული წლის უმეტესი შემთხვევებისგან განსხვავებით, ინდექსის ზრდას მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი და ე. წ. Magnificent Seven1 არ განაპირობებს. წელს აქციების ფასებზე პოზიტიურად იმოქმედა კომპანიების ძლიერმა კვარტალურმა ანგარიშებმა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინმა. სამშაბათის (ბაზრის დახურვის) მდგომარეობით, Magnificent Seven-მა S&P 500-ის წლიური ეფექტიანობის 41% შეადგინა (მარტში — 34%). შედარებისთვის, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 60%-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, მიმდინარე წელს ელექტრომობილების მწარმოებელი — Tesla S&P 500 ინდექსში ყველაზე ცუდი წარმადობით გამოირჩევა. წლის დასაწყისიდან მისი აქციების ფასი დაახლოებით 29%-ით არის შემცირებული. ტექნოლოგიური გიგანტი — Apple-იც ჩამორჩენილთა შორის არის. პირველი კვარტლის განმავლობაში მისი აქციების ფასი 11%-ით არის დაკლებული.
რას უნდა მოველოდეთ მომავალში?
1928 წლიდან მოყოლებული S&P 500-ის პირველი კვარტლების რეიტინგში, წლევანდელი წარმადობა მე-14 ადგილს იკავებს. Deutsche Bank-ის კვლევის სტრატეგის — ჯიმ რეიდის თქმით, ეს კარგი შედეგია, მაგრამ არა იმდენად კარგი, რომ ავის მომასწავებელი იყოს.
გასული 97 წლის ხუთ საუკეთესო პირველ კვარტალს (1975, 1987, 1943, 1930 და 1976 წლები) მოჰყვა სუსტი წლები. საშუალოდ, S&P 500 8%-ით შემცირდა ამ წლების დარჩენილ ნაწილში. საუკეთესო 13 წლიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში მოიმატა ინდექსმა აპრილიდან დეკემბრამდე უფრო მეტად, ვიდრე იანვრიდან მარტამდე.
ყველაზე ცუდი შედეგის მქონე პირველი კვარტლები კი, როგორც წესი, წინ უძღოდა შესანიშნავ წლებს. 15 ასეთი წლის შემთხვევაში, ინდექსი ბოლო სამ კვარტალში საშუალოდ 21%-ით გაიზარდა.
„შეიძლება არსებობდეს ბაზრის დაცემის სხვა მიზეზები 2024 წლის დარჩენილი პერიოდისთვის, მაგრამ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველ კვარტალში დაფიქსირებული 10%-იანი მატება ერთ-ერთი მათგანი იყოს“ — განაცხადა ჯიმ რეიდმა.
[1] S&P 500-ის შვიდი უდიდესი კომპანია, რომლებიც აშშ-ის საფონდო ბირჟაზე დომინანტურ ძალას წარმოადგენს. ეს კომპანიებია: Alphabet, Amazon, Apple, Meta Platforms, Microsoft, NVIDIA და Tesla.