• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 20 მარტს საფონდო ბირჟაზე?

მარტი 21, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 20 მარტს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის PDD Holdings, Micron Technology, Signet Jewelers, JinkoSolar Holding და General Mills.

PDD Holdings

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, PDD Holdings-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონული კომერციის ჩინური კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით არის შემცირებული.

PDD Holdings ფასდაკლებული საქონლით მოვაჭრე ვებგვერდების — Pinduoduo-სა და Temu-ს მფლობელია. ეს უკანასკნელი აერთიანებს სოციალური შოპინგის ელემენტებს და ხშირად აძლევს მომხმარებლებს საშუალებას, საქონელი, ალტერნატიულ პლატფორმებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინონ. უკვე დიდი ხანია, რაც Temu ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ აპლიკაცია ახლა სწრაფად ითვისებს აშშ-სა და სხვა ბაზრებს.

გასული წლის მეოთხე კვარტალში PDD Holdings-ის შემოსავალი წლიურად 123%-ით — $12.5 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $11.14 მილიარდი). კორექტირებულმა საოპერაციო შემოსავალმა კი 112%-ით მოიმატა და $3.46 მილიარდს მიაღწია, რაც აჩვენებს, რომ კომპანიას ძლიერი მარჟები აქვს.

რაც შეეხება მომგებიანობას, PDD Holdings-ის კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) 108%-ით — $2.40-მდე გაიზარდა, რამაც საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.61-ს.

PDD Holdings

PDD განსაცვიფრებელ ზრდას აფიქსირებს იმის ფონზე, რომ კონკურენტები — Alibaba და JD.com რთულ მდგომარეობაში არიან და მათი შემოსავალი თითქმის არ იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელმა მომხმარებლებმა ხარჯვა შეამცირეს, Pinduoduo კვლავ ზრდის ბაზრის წილს ქვეყანაში აგრესიული ფასდაკლებისა და სოციალური კომერციის მოდელის წყალობით. ეს უკანასკნელი შეკვეთების მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთობლივად გაფორმებას გულისხმობს.

PDD Holdings-ის მენეჯმენტს მომავლის პროგნოზები არ წარმოუდგენია.

PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $132.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $181.44-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $226.00-ს, ხოლო მინიმალური — $136.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 37.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Micron Technology

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Micron Technology-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სავაჭრო საათების შემდეგ კი მეხსიერების ბარათების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 18%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით არის გაუმჯობესებული.

ფისკალურ მეორე კვარტალში Micron Technology-ის შემოსავალმა $5.82 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი აღემატება როგორც გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგს — $3.69 მილიარდს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.34 მილიარდს.

კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე კი $0.42 შეადგინა (პროგნოზი — -$0.26). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში Micron-მა თითო აქციაზე $1.91-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.

Micron Technology

„ჩვენ გვჯერა, რომ Micron არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარი ნახევარგამტარული ინდუსტრიის მრავალწლიანი შესაძლებლობისა, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა“ — განაცხადა Micron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანჯაი მეჰროტრამ კვარტალური ანგარიშის წარდგენისას.

რაც შეეხება მომავალს, Micron-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $6.6 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.45-ს. ორივე მაჩვენებელი ბევრად აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $5.98 მილიარდს და $0.08-ს შეადგენს.

Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $96.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $104.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $74.75-ს. საშუალო სამიზნე ფასი Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Signet Jewelers

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Signet Jewelers-მა კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მსოფლიოში ბრილიანტის სამკაულების უდიდესი საცალო მოვაჭრის აქციების ფასი 12%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის დაკლებული.

ფისკალურ მეოთხე კვარტალში, რომელიც 3 თებერვალს დასრულდა, Signet Jewelers-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 9.6%-ით დაეცა, რის შედეგადაც შემოსავალი წლიურად 6.3%-ით — $2.5 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.54 მილიარდი).

მიუხედავად იმისა, რომ რთული მაკრო გარემოს ფონზე შემოსავალმა კლება განიცადა, მთლიანი მარჟა კვარტალში 160 საბაზისო პუნქტით — 43.3%-მდე გაიზარდა სასაქონლო მარჟის გაუმჯობესების გამო. Signet-ის გაყიდვების, ზოგადმა და ადმინისტრაციულმა ხარჯებმა 60 საბაზისო პუნქტით მოიმატა და გაყიდვების 26.9% შეადგინა.

კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი წლიურად 1.2%-ით — $409.7 მილიონამდე გაიზარდა. კორექტირებულმა EPS-მა $6.73-ს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $6.35-ს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი $5.52-ს შეადგენდა.

„ფისკალური 2025 წლისთვის მოველით comps-ის თანმიმდევრულ გაუმჯობესებას წლის განმავლობაში, რადგან მომხმარებლების ჩართულობა თანდათან აღდგება“ — თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა, ვირჯინია დროსოსმა.

Signet Jewelers

გარდა ამისა, Signet Jewelers-მა კვარტალური დივიდენდი 26%-ით — $0.29-მდე გაზარდა. კომპანიის აქციების მიმდინარე ფასის გათვალისწინებით დივიდენდური სარგებელი ამჟამად 1.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება მომავალს, Signet Jewelers-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ პირველ კვარტალში შემოსავალი $1.47-$1.53 მილიარდს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.61 მილიარდი), ხოლო comps 7%-11%-ით შემცირდება.

მთელი ფისკალური წლისთვის კი კომპანიაში მოელიან, რომ comps 0.5%-4.5%-ით შემცირდება, ხოლო კორექტირებული EPS $9.08-$10.48-ს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $10.57).

Signet Jewelers-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $90.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $117.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $134.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Signet Jewelers-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 30%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

JinkoSolar

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, JinkoSolar Holding-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მზის მოდულების ჩინური მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 6%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 29%-ით არის დაკლებული.

გასულ კვარტალში JinkoSolar Holding-ის შემოსავალმა $4.6 მილიარდს მიაღწია და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $4.3 მილიარდს. EPS-მა კი $0.02 შეადგინა, რაც საგრძნობლად ჩამორჩა მოლოდინს — $2.50-ს.

ერთი მხრივ, კომპანიამ 2023 წელს 78.5 გიგავატის შესაბამისი მზის მოდულები გადაზიდა, რაც წლიურად 76%-იანი ზრდაა. შედეგად კომპანიამ, მზის პროდუქტის მოცულობით, ინდუსტრიაში პირველი ადგილი დაიკავა. მეოთხე კვარტალში გადაზიდვები წლიურად 68%-ით — 27.9 გიგავატამდე გაიზარდა.

და მაინც, ამ გადაზიდვებიდან შემოსავალი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა.

JinkoSolar Holding

სწორედ ამაშია პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ JinkoSolar Holding-მა ბევრი პროდუქტი გადაზიდა, მეოთხე კვარტალში ფასები მკვეთრად დაეცა, მთლიანი მარჟა 680 საბაზისო პუნქტით — მხოლოდ 12.5%-მდე შემცირდა. საოპერაციო და წმინდა მოგების მარჟები, შესაბამისად, 43%-ით და 95%-ით დაეცა.

JinkoSolar Holding-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ორივე მათგანი ნეიტრალურ რეიტინგს ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $27.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $25.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი JinkoSolar Holding-///.ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.4%-იან ზრდას გულისხმობს.

General Mills

გუშინ ბაზრის გახსნამდე General Mills-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კვების პროდუქტების კომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 4%-ით არის გაუმჯობესებული.

გასულ კვარტალში General Mills-ის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $5 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.96 მილიარდი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $674 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $1.17-ს გაუტოლდა.

კომპანიის მენეჯმენტის თქმით, გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით წმინდა გაყიდვების 1%-იანი კლება განპირობებული იყო გაყიდვების მთლიანი მოცულობის შემცირებით. თუმცა ეს ნაწილობრივ კომპენსირდება ფასების გაუმჯობესებით. General Mills-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში გაყიდვების შემცირება გამოიწვია კომპანიის მიერ, ინფლაციასთან საბრძოლველად, ფასების გაზრდამ. ამის გამო ზოგიერთმა მომხმარებელმა უფრო იაფ ბრენდებზე გადასვლა გადაწყვიტა.

General Mills

რაც შეეხება მომავალს, General Mills-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში წმინდა გაყიდვები უცვლელი იქნება ან 1%-ით შემცირდება (ძველი პროგნოზი — 3%-4%-იანი ზრდა). კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS 4%-5%-ით მოიმატებს (ძველი პროგნოზი — 4%-6%-იანი ზრდა).

მენეჯმენტს მიმდინარე კვარტლისთვის კონკრეტული პროგნოზები არ წარმოუდგენია, მაგრამ განაცხადა, რომ კომპანიამ, ფისკალური 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, დაახლოებით $1.6 მილიარდის ღირებულების აქციები გამოისყიდა და დივიდენდების სახით $1 მილიარდი გასცა. ორივე მაჩვენებელი აღემატება გასული წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებულ შედეგებს.

General Mills-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $69.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $68.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $76.00-ს, ხოლო მინიმალური — $58.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი General Mills-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

პრაქტიკული გზები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

შემდეგი

გუშინ აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

გუშინ აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved