გუშინ აშშ-ის ტექნოლოგიურმა სექტორმა დიდი დარტყმა მიიღო, ე. წ. „Magnificent Seven“ კომპანიები დღის ყველაზე დაბალი წარმადობის მქონე აქციებს შორის იყვნენ. „შესანიშნავი შვიდეული“ მოიცავს შემდეგ კომპანიებს: Alphabet (GOOGL; GOOG), Amazon (AMZN), Apple (AAPL), Meta Platforms (META), Microsoft (MSFT), NVIDIA (NVDA) და Tesla (TSLA).
გუშინ S&P 500 3%-ით შემცირდა და 2022 წლის სექტემბრის შემდეგ ეს ინდექსისთვის ყველაზე ცუდი დღე იყო. ბოლო კვირების განმავლობაში აქციების ფასებმა საგრძნობლად დაიკლო აშშ-ის ეკონომიკის შესუსტების შესახებ არსებული ეჭვების ფონზე.
მთლიანობაში, ივლისის დასაწყისიდან „Magnificent Seven“ კომპანიების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის $3 ტრილიონით შემცირდა.
Nvidia
გუშინ Nvidia-ს აქციებზე განსაკუთრებული ზეწოლა იქონია ნეგატიურმა სიახლემ — ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე ორიენტირებული ამერიკული ბიზნეს პუბლიკაციის, The Information-ის თანახმად, Blackwell AI ჩიპის გამოშვება შეიძლება, დიზაინის ხარვეზების გამო, 3 თვით ან უფრო მეტი ხნით გადაიდოს.
შედეგად, გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი 6.4%-ით შემცირდა. ეს მაჩვენებელი ბოლო დროს დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულიდან 25%-ზე მეტით არის დაკლებული. ვარდნამ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $845 მილიარდით შეამცირა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $100.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $144.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 43.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft
Microsoft (MSFT) ორშაბათს ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე „შესანიშნავი შვიდეულის“ უმეტესობა — ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 3.3%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბოლო კვირების განმავლობაში კომპანია დააზარალა ხელოვნური ინტელექტის (AI) დანახარჯების ზრდასთან დაკავშირებულმა ეჭვებმა. გარდა ამისა, გასულ კვირაში Microsoft-მა გამოაქვეყნა კვარტალური შედეგები — ქლაუდ სეგმენტის შემოსავალმა $36.8 მილიარდი შეადგინა, რაც ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს — $37.2 მილიარდს.
მას შემდეგ, რაც 5 ივლისს Microsoft-ის აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს — $467.56-ს მიაღწია, ეს მაჩვენებელი 15%-ზე მეტით დაეცა, რამაც ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია $540 მილიარდით შეამცირა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $395.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 32 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $503.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $570.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27.3%-იან ზრდას გულისხმობს.
Alphabet
Alphabet-მა (GOOGL; GOOG) ხელი შეუწყო წელს ტექნოლოგიური აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი გაყიდვების სერიის დაწყებას, როდესაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მეორე კვარტალში AI ინფრასტრუქტურაზე დანახარჯები გაიზარდა და 2025 წლამდეც გაზრდილი დარჩება. თუმცა Microsoft-ისგან განსხვავებით, Google-ის ქლაუდ შემოსავალმა $10.35 მილიარდი შეადგინა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.
გუშინ Alphabet-ის აქციების ფასი 4.6%-ით შემცირდა. ამის მიზეზი, გარდა ტექნოლოგიური აქციების ფართო გაყიდვებისა, იყო ის, რომ აშშ-ის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, Google-მა დაარღვია აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონი. 10 ივლისის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $377 მილიარდზე მეტით შემცირდა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $159.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $204.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple
გუშინ Apple-ის (AAPL) აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მეორე კვარტალში უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ (BRK.A, BRK.B) კომპანიაში თავისი წილი თითქმის 50%-ით შეამცირა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ მეოთხედში Berkshire-მა თავისი წილი Apple-ში 13%-ით შეამცირა.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში iPhone-ის მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაცია $390 მილიონზე მეტით არის დაკლებული.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $209.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $248.96-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 32 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Amazon
Amazon-ის (AMZN) აქციების ფასი პარასკევს თითქმის 9%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც ელექტრონული კომერციის გიგანტმა სუსტი კვარტალური შედეგები და მომავლის პროგნოზები გამოაქვეყნა. ამან დაჩრდილა Amazon-ის ვებ სერვისების ქლაუდ შემოსავლის წლიური 19%-იანი ზრდა. კომპანიაში მოელიან, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან Amazon-ის AI სერვისებზე მოთხოვნა იზრდება.
გუშინ კი ჯეფ ბეზოსის კომპანიის აქციების ფასი 4.1% შემცირდა. ბოლო უმაღლესი ნიშნულიდან კლების შემდეგ Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $410 მილიარდით შემცირდა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $161.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 39 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $225.03-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $251.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 39.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 39 ანალიტიკოსიდან 38-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms
Meta Platforms (META) იყო ნათელი წერტილი „შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიებს შორის კვარტალური ანგარიშების მიმდინარე სეზონში. სოციალური მედიის გიგანტის აქციების ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და მენეჯმენტმა განმარტა, თუ როგორ ანაზღაურდება Meta-ს AI ინვესტიციები.
„ჩვენ გვქონდა ძლიერი კვარტალი და Meta AI არის გზაზე, რომ წლის ბოლომდე მსოფლიოში ყველაზე მეტად გამოყენებადი AI ასისტენტი გახდეს“ — თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა.
გუშინ Meta-ს აქციების ფასი 2.5%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ნაკლები ვარდნაა „შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიებს შორის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში დაფიქსირებულ პიკთან შედარებით Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $165 მილიარდით შემცირდა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta Platforms-ის აქციებს?
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $476.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $549.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $630.00-ს, ხოლო მინიმალური — $360.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla
Tesla-ზე (TSLA) ნეგატიურად იმოქმედა მეორე კვარტლის ანგარიშმა, რომელმაც გამოავლინა, რომ მოგება წლიურად 45%-ით შემცირდა, რადგან ხელოვნური ინტელექტის პროექტების ღირებულება გაიზარდა და მისი ავტომობილების საშუალო გასაყიდი ფასი დაეცა.
ელექტრომობილების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი გუშინ 4.2%-ით შემცირდა. ბოლოს დაფიქსირებული პიკის შემდეგ Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $200 მილიარდით შემცირდა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $199.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $213.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $115.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.