CrowdStrike-ის (CRWD) აქციების ფასი კვლავ მცირდება მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს კიბერუსაფრთხოების კომპანიის გაუმართავმა განახლებამ გლობალური მასშტაბის შეფერხება გამოიწვია. მას შემდეგ, ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, CrowdStrike-ის აქციების ფასი დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული. თუმცა, ზოგიერთი ინვესტორი, მათ შორის კეტი ვუდი, ამ ვარდნისგან სარგებლის მიღებას ცდილობს და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის აქციებს ყიდულობს.
პრობლემები ჯერ არ მოგვარებულა
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გამოსავალი მონახა და გამოსწორებული განახლება მალევე გამოუშვა, ბევრი მომხმარებელი ჯერ კიდევ განიცდის შეფერხებებს, რადგან, Wedbush-ის ანალიტიკოსების თქმით, „აღდგენის მცდელობები შეფერხებულია ადგილზე IT პერსონალის ნაკლებობით“.
ქლაუდ მონიტორინგისა და მოდელირების პროვაიდერის, ამავდროულად, მზღვეველის — Parametrix-ის თანახმად, შესაძლოა, Fortune 500-ის კომპანიებმა, Microsoft-ის (MSFT) გამოკლებით, დაახლოებით $5.4 მილიარდის მოცულობის ზარალი განიცადონ CrowdStrike-ის მიერ გამოწვეული გლობალური შეფერხების გამო.
Parametrix-მა Fortune 500-ის თითო კომპანიის საშუალო ზარალი $43.64 მილიონად შეაფასა. დაზარალებულ ინდუსტრიებში სავარაუდო ზარალი მერყეობს $6 მილიონიდან (მწარმოებელი კომპანიებისთვის) $143 მილიონამდე (ავიაკომპანიებისთვის).
IT შეფერხება პირდაპირ აისახა აეროპორტების, ბანკებისა და მაუწყებლების მუშაობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ხარვეზები იყო საქართველოში არსებულ ქუთაისის აეროპორტშიც, რაც რეგისტრაციის პროცესის დაგვიანებით დაწყებაში აისახა.
საინვესტიციო ბანკ Citigroup-ის ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს შეფერხების შედეგად წარმოქმნილ რისკებს — CrowdStrike-ისგან მომხმარებლებისთვის ფასდაკლებების შეთავაზების აუცილებლობა ან შესაძლო დაკარგული გარიგებები. კიბერუსაფრთხოების კომპანია კვარტალურ ანგარიშს სექტემბერში წარადგენს და ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან იმას, თუ რა გავლენას იქონიებს ინციდენტი მენეჯმენტის მოლოდინებზე.
Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ „თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური IT შეფერხების“ შემდეგ, რომელმაც დაახლოებით 8.5 მილიონი Windows მოწყობილობა დააზარალა, ზოგიერთმა ინვესტორმა შეიძლება CrowdStrike-ის აქციების იაფად შეძენის შესაძლებლობა დაინახოს.
ასეთ ინვესტორებს შორის არის კეტი ვუდიც. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ პარასკევს, მისმა ინვესტიციების მენეჯმენტ ფირმამ — ARK Invest-მა Next Generation Internet ETF-ს (ARKW) CrowdStrike-ის $8.25 მილიონის ღირებულების აქციები დაამატა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები CrowdStrike-ის აქციებს?
CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $252.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $373.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $450.00-ს, ხოლო მინიმალური — $275.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 48.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
CrowdStrike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.