გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი, ჩიპებსა და ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მზარდი მოთხოვნის ფონზე, 3.5%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ჩიპების მწარმოებელი გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3.335 ტრილიონს მიაღწია. ამ მაჩვენებლით Nvidia-მ გადაასწრო როგორც Apple-ს, ისე Microsoft-ს და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ტიტული მოიპოვა.
ამავდროულად, Microsoft-ის აქციების ფასი გუშინ მცირედით — 0.45%-ით შემცირდა და მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $3.317 ტრილიონი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია იანვარში გახდა. მან ეს ტიტული წაართვა Apple-ს. iPhone-ების მწარმოებელი კი 2022 წლის იანვარში გახდა პირველი საჯარო კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $3 ტრილიონს გადააჭარბა. გუშინ Apple-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით შემცირდა და ამჟამად ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.285 ტრილიონს შეადგენს. შესაბამისად, ამ მაჩვენებლის მიხედვით სამეული ახლა ასე გამოიყურება:
- Nvidia — $3.335 ტრილიონი
- Microsoft — $3.317 ტრილიონი
- Apple — $3.285 ტრილიონი.
ბოლო პერიოდში Nvidia-ს აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა, რაც ხელოვნური ინტელექტის მიმართ არსებულმა ინტერესმა გამოიწვია.
გასული წლის მაისის ბოლოს Nvidia გახდა მეშვიდე ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც, ბაზრის დახურვის დროისთვის, $1 ტრილიონს გადააჭარბა. მიმდინარე წლის თებერვალში რეკორდული კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი ჩიპების მწარმოებელმა $2-ტრილიონიანი ნიშნული გადალახა. აქედან მესამე ტრილიონის მიღწევამდე Nvidia-ს სულ რაღაც 96 კალენდარული დღე დასჭირდა — კომპანიამ ეს ნიშნული პირველად მიმდინარე თვის დასაწყისში გადალახა.
Nvidia-ს აქციების ფასი ახლახან გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ შემდეგი თაობის სისტემა, სახელწოდებით Rubin, დააანონსა. ეს პლატფორმა, სავარაუდოდ, 2026 წელს გამოვა და ჩაანაცვლებს Blackwell-ს, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგინა.
ხელოვნური ინტელექტის მიმართ არსებული ოპტიმიზმი ასევე გააძლიერეს AI ინფრასტრუქტურის სხვა კომპანიებმა, მათ შორის Broadcom-მა და Oracle-მა, რომლებმაც ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნეს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირაში Apple-მა მსოფლიო დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც კომპანიის მენეჯმენტმა AI-სთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლეები გაამჟღავნა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს, Microsoft-ისა და Apple-ის აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $136.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $130.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.9%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 38-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $446.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $499.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 34-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $214.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $210.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.