გუშინ Meta Platforms-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს კომპანიის ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩიპის უახლესი ვერსია, შემდეგი თაობის Meta Training and Inference Accelerator (MTIA). Meta-ს მსგავსად, სხვა დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც მუშაობენ იმაზე, რომ, AI ბუმის ფონზე, Nvidia-ზე დამოკიდებულება შეამცირონ.
Meta-ს განცხადება გავრცელდა სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, რაც Alphabet-მა უახლესი ჩიპი — Google Axion Processor წარადგინა. აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა და Amazon-მა უკვე შექმნეს საკუთარი, AI ტექნოლოგიისთვის შესაბამისი ჩიპები.
დამოუკიდებელი საინვესტიციო კვლევის — CFRA-ს ანალიტიკოსმა, ანჯელო ზინომ განაცხადა, რომ ეს კომპანიები განიცდიან ზეწოლას, განავითარონ თავიანთი ჩიპები ხარჯების სტრუქტურის მართვისთვის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩიპების საჭიროება არსებობს, მრავალმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ შეიძლება ვერ შეძლოს ამ მიმართულებით ისე პროგრესირება, როგორც ეს, მაგალითად, Nvidia-ს Blackwell პლატფორმისგან არის მოსალოდნელი.
უახლესი MTIA არის Meta-ს მორგებული ჩიპების ოჯახის ნაწილი, რომელიც შექმნილია AI სამუშაო დატვირთვისთვის. სოციალური მედიის გიგანტმა MTIA-ს პირველი თაობა 2023 წელს წარადგინა.
Meta-ს წარმომადგენლების თქმით, შემდეგი თაობის MTIA, რომელიც აგებულია Taiwan Semiconductor Manufacturing Company-ის (TSM) ტექნოლოგიაზე, გვთავაზობს სამჯერ უკეთეს წარმადობასა და ენერგოეფექტურობას, ვიდრე მისი წინამორბედი.
„MTIA-ს ეს ახალი ვერსია ორზე მეტჯერ ზრდის ჩვენი წინა გადაწყვეტის გამოთვლის და მეხსიერების გამტარუნარიანობას. ჩიპი შემუშავებულია იმისთვის, რომ ეფექტიანად მოემსახუროს რეიტინგისა და რეკომენდაციების მოდელებს, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის რეკომენდაციებით უზრუნველყოფს“ — განაცხადეს Meta-ში.
გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასი მცირედით — თითქმის 0.6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით არის გაუმჯობესებული.
ანალიტიკოსების შეფასებები
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $520.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $533.24-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.