ჩიპების მწარმოებელი კომპანიების აქციებისთვის სექტემბერი ნეგატიურად დაიწყო და Nvidia (NVDA) ამ თვალსაზრისითაც „ლიდერია“. გუშინ ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 124%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ სხვა ჩიპების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასებიც შემცირდა, მაგალითად, Micron Technology-მ (MU) და Intel-მა (INTC), შესაბამისად, დაახლოებით 8%-იანი და 9%-იანი ვარდნა განიცადა.
აღსანიშნავია, რომ გასული თვის ბოლოს გამოქვეყნებულმა Nvidia-ს კვარტალურმა შედეგებმა, ისევე, როგორც მომავლის პროგნოზებმა, ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მაჩვენებლები ინვესტორების სულ უფრო მაღალ მოლოდინებს ჩამოუვარდება. გასულ ხუთშაბათს, კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების მომდევნო დღეს, Nvidia-ს აქციების ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა.
მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ჩიპების მწარმოებელი კომპანიის გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილნი. საინვესტიციო ბანკ JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა Nvidia-ს აქციების სამიზნე ფასი თითქმის 35%-ით გაზარდეს, აღნიშნეს, რომ კომპანიის Grace Hopper-ის ჩიპების ხაზზე ძლიერმა მოთხოვნამ გადაფარა მისი შემდეგი თაობის Blackwell სისტემის 2-თვიანი შეფერხების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ასევე Jefferies-ისა და Wedbush-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კვარტალური ანგარიში Nvidia-ს ჩიპებზე არსებულ უწყვეტ ძლიერ მოთხოვნაზე მიუთითებს.
Bank of America-ს ანალიტიკოსებმა კი ხაზი გაუსვეს Blackwell სისტემის ამოქმედების მზარდ ხარჯებს და გავლენას, რომელიც შეიძლება მათ მოგების მარჟაზე ჰქონდეთ. მათი თქმით ეს კომპანიისთვის ერთ-ერთი პოტენციური წინაღობაა. თუმცა ანალიტიკოსებმა Nvidia-ს აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნეს, ხოლო სამიზნე ფასი $150-დან $165-მდე გაზარდეს. Bank of America-ს წარმომადგენლები ინვესტორებს ურჩევენ, უგულებელყონ ბოლო კვარტალური ანგარიშით გამოწვეული „ხმაური“ და ფოკუსირდნენ Nvidia-ს დომინირებაზე გენერაციული AI ჩიპების ბაზარზე.
მნიშვნელოვანი სიახლე
გარდა ამისა, Nvidia-ს აქციებზე გავლენა კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა სიახლემ იქონია — გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის წარმომადგენლებმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსგან მიიღეს სასამართლოში გამოძახების უწყისი ანტიმონოპოლიური გამოძიების ფარგლებში.
Bloomberg იტყობინება, რომ მთავრობამ Nvidia-ს და სხვა კომპანიებს გაუგზავნა უწყისი, რადგან ეძებს მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩიპების მწარმოებელმა ანტიმონოპოლიური კანონები დაარღვია.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $108.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $151.79-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 40.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.