გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის McCormick, Pinterest, GameStop და Seagate Technology.
McCormick
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, McCormick-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სანელებლების მწარმოებლის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალურ პირველ კვარტალში, რომელიც 29 თებერვალს დასრულდა, შემოსავალმა წლიურად 3%-ით მოიმატა და $1.6 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.55 მილიარდი). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.63 შეადგინა (პროგნოზი — $0.57).
მთლიანი მოგების მარჟა წლიურად 140 საბაზისო პუნქტით გაიზარდა, პროდუქტების ხელსაყრელი მიქსისა და კომპანიის ხარჯების დაზოგვის გეგმის გავლენის წყალობით.
„მოხარულები ვართ, დავიწყოთ წელი პირველი კვარტლის ძლიერი წარმადობით, რაც ასახავს ჩვენი პრიორიტეტული ინვესტიციების ადრეულ წარმატებას“ — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრენდან მ. ფოლიმ. „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენი ბიზნესის მდგრად ტრაექტორიაში, 2024 წლის პერსპექტივაში და გრძელვადიანი ფინანსური მიზნების მიღწევის შესაძლებლობებში“.
რაც შეეხება მომავალს, McCormick-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ 2024 წელს შემოსავალი უცვლელი დარჩება ან ოდნავ შემცირდება, ხოლო საოპერაციო შემოსავალი 8%-10%-ით გაიზრდება.
McCormick-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $77.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $68.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $82.00-ს, ხოლო მინიმალური — $57.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი McCormick-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
გუშინ Pinterest-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ სურათებზე ორიენტირებული სოციალური მედიის პლატფორმის ოპერატორი იკვლევს პარტნიორობის შესაძლებლობას ტექნოლოგიურ გიგანტთან — Alphabet-თან. წლის დასაწყისიდან Pinterest-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით არის შემცირებული.
Piper Sandler-ის ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, Pinterest ტესტავდეს პარტნიორობას Alphabet-ის Google-თან. Investing.com-ის თანახმად, ანალიტიკოსებმა გამოიკვლიეს კოდი Pinterest-ის რეკლამებზე, რის გამოც მათ მიიჩნიეს, რომ ამ ორ კომპანიას შორის პარტნიორობა არსებობს.
გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არ იქნება სრული შოკი. 2023 წელს Pinterest-მა გახსნა თავისი პლატფორმა მესამე მხარის რეკლამებისთვის Amazon-თან პარტნიორობის მეშვეობით. თებერვალში კი კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Google-თან თანამშრომლობდა შერჩეულ საერთაშორისო ბაზრებზე მონეტიზაციის დასაწყებად.
თუმცა Pinterest-ის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ აპირებენ, აშშ-ში მეტი მესამე მხარის სარეკლამო პარტნიორი ჰყავდეთ. ამიტომ, Google-თან პოტენციურ პარტნიორობას მენეჯმენტის წარსული კომენტარები ამყარებს.
Google-თან თანამშრომლობა Pinterest-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კომპანიის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლის ბაზა დაახლოებით 500 მილიონს აღწევს, მაგრამ ეს აუდიტორია ისტორიულად ნაკლებად მონეტიზებულია სხვა მსგავს პლატფორმებთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ Pinterest-ის შემოსავლების ზრდამ დაიწყო დაჩქარება მას შემდეგ, რაც კომპანიამ გახსნა თავისი პლატფორმა მესამე მხარის რეკლამებისთვის. ეს ტენდენცია შეიძლება გაძლიერდეს, თუ კომპანია ნამდვილად მუშაობს Alphabet-თან ახალ გარიგებაზე.
Pinterest-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $35.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $50.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pinterest-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 21-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
GameStop
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, GameStop-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. “After-hours”1 ვაჭრობაში კი ვიდეო თამაშების საცალო მოვაჭრის აქციების ფასი 15%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით არის დაკლებული.
გასულ მეოთხედში, რომელიც 3 თებერვალს დასრულდა, GameStop-ის შემოსავალმა $1.79 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.07 მილიარდი). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $2.23 მილიარდს მიაღწია. ტექნიკისა და აქსესუარების გაყიდვები წლიურად 12%-ით — $1.09 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვებმა 31%-ით დაიკლო და $465 მილიონი შეადგინა.
EPS-მა $0.22 შეადგინა და ეს მაჩვენებელიც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.28-ს.
გარდა ამისა, გასული წლის განმავლობაში Gamestop-მა შეამცირა სამუშაო ადგილები ონლაინ კონკურენციის გაზრდისა და მომხმარებელთა მხრიდან ხარჯების შემცირების ფონზე. თებერვლის დასაწყისში კომპანიას ჰყავდა დაახლოებით 8,000 სრულ განაკვეთზე, ხოლო 13,000-18,000 ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
შედარებისთვის, 2023 წლის მონაცემებით, GameStop-ს 11,000 სრულ განაკვეთზე, ხოლო 14,000-27,000 ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავდა. გარდა ამისა, კომპანიამ შეწყვიტა ფუნქციონირება ირლანდიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში — ეს ნაბიჯები ნაწილია მენეჯმენტის მიზნისა, კომპანიამ მდგრად მომგებიანობას მიაღწიოს.
Seagate Technology
გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასების შემდეგ, მეხსიერების ჩიპების კომპანიის — Seagate Technology-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 14%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
გუშინ დილით ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა — Morgan Stanley-მ გამოაქვეყნა შენიშვნა Seagate-თან დაკავშირებით. კომპანიის ანალიტიკოსებმა Seagate-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალეს, ხოლო სამიზნე ფასი $73-დან $115-მდე გაზარდეს.
გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 56%-იანი მატების მიუხედავად, Seagate-ის აქციების ფასი მაინც 15%-ით ჩამორჩება ყველა დროის მაქსიმალურ ნიშნულს. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ Seagate-ის აქციების ფასი მალე ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს.
Morgan Stanley-ში იმედოვნებენ, რომ Seagate ისარგებლებს მონაცემთა შენახვის ბაზარზე მიმდინარე აღდგენის პროცესით. ინვესტორებისთვის, სავარაუდოდ, კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ, ანალიტიკოსების აზრით, ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმი კომპანიის წარმადობისთვის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი გახდება.
Seagate Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $95.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $92.65-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $115.00-ს, ხოლო მინიმალური — $50.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Seagate Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.