დღევანდელ სტატიას დავიწყებთ მნიშვნელოვანი სიახლით ევროპიდან — შვეიცარია გახდა მსხვილი ეკონომიკის მქონე პირველი ქვეყანა, რომელმაც საპროცენტო განაკვეთები შეამცირა. გუშინ შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა ეს მაჩვენებელი 25 საბაზისო პუნქტით — 1.5%-მდე დაწია.
ეს მოულოდნელი სიახლე გავრცელდა იმის ფონზე, რომ ოთხშაბათს აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა (Fed) საპროცენტო განაკვეთები უცვლელად, 23-წლიან მაქსიმალურ ნიშნულზე შეინარჩუნა.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ასევე უცვლელი დატოვა.
შვეიცარიის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საპროცენტო განაკვეთებს ამცირებენ, რადგან ინფლაცია უკან იხავს და თებერვალში ის 1.2%-ს შეადგენდა. ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების პირველი შემთხვევაა.
„მონეტარული პოლიტიკის შერბილება შესაძლებელი გახდა, რადგან ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი აღმოჩნდა“ — ნათქვამია შვეიცარიის ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, მათი ვარაუდით, საშუალო ინფლაციური მაჩვენებელი წელს 1.4%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ისინი მოელიან, რომ მომავალ კვარტლებში გლობალური ეკონომიკური ზრდა „ზომიერი“ დარჩება და ინფლაცია შემცირდება ნაწილობრივ მრავალი ქვეყნის შემზღუდავი მონეტარული პოლიტიკის გამო.
ევროპის ცენტრალური ბანკის (ევროკავშირისა და ევროზონის ცენტრალური ბანკი) პრეზიდენტმა — ქრისტინ ლაგარდმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბანკს შეუძლია, შეამციროს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი ივნისში, თუ ინფლაციისა და ხელფასების შესახებ მომავალი მონაცემები ბანკის პროგნოზებთან შესაბამისი იქნება.
გარდა ამისა, გუშინ აშშ-ის საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Reddit, Nike და FedEx.
გუშინ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) Reddit-ის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) შედგა. სოციალური მედიის კომპანიისთვის პირველივე სავაჭრო დღეს აქციების ფასი 48%-ზე მეტით გაიზარდა.
Reddit IPO-ს თითო აქციაზე $34-ად აფასებდა, სავაჭრო დღის ბოლოს კი ამ მაჩვენებელმა $50.31 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის საფონდო ბირჟაზე სოციალური მედიის კომპანიის IPO შედგა.
Reddit-ის წარმომადგენლებმა სარეგისტრაციო განცხადების პროექტი SEC-ში 2021 წლის ბოლოს კონფიდენციალურად წარადგინეს, რათა სოციალური მედიის კომპანია საჯარო გამხდარიყო სხვა IPO-ების ბუმის ფონზე. თუმცა ამის შემდეგ პირველადი საჯარო შეთავაზებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა: 2021 წელი —1035 IPO; 2022 წელი — 181; 2023 წელი — 154.
Reddit-მა კიდევ ერთხელ შეიტანა IPO განაცხადი გასულ თვეში და გამოავლინა მრავალი დეტალი კომპანიის ფინანსების შესახებ, მათ შორის ის, რომ 2023 წელს შემოსავალი 21%-ით გაიზარდა და $804 მილიონს მიაღწია. თუმცა Reddit-ს ჯერჯერობით მოგება არ დაუფიქსირებია — გასულ წელს კომპანიის ზარალმა $90.8 მილიონს მიაღწია (2022 წლის იმავე კვარტალში — $158.6 მილიონი). ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Reddit-ს 73 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავდა.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Reddit-ის მენეჯმენტმა ისიც დაადასტურა, რომ კომპანია IPO აქციების დაუზუსტებელ რაოდენობას არეზერვებდა Reddit-ის მომხმარებლებისა და მოდერატორებისთვის, რომლებმაც წლების განმავლობაში პლატფორმის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი — სემ ალტმანი, $60 მილიონზე მეტი ინვესტიციით, კომპანიაში ხმის მიცემის უფლებამოსილების დაახლოებით 9%-ს ფლობს.
Reddit-ის IPO შედგა იმის ფონზე, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში Nokia-მ კომპანიას საპატენტო კანონის დარღვევაში დასდო ბრალი. ამასთან, Reddit-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას (SEC) აცნობა, რომ ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) განიხილავს კომპანიის გარიგებას Google-თან. ამ შეთანხმების მიზანია, Reddit-ის კონტენტის ჩართვა ტექნოლოგიური გიგანტის ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელების სწავლების პროცესში.
Nike
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Nike-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა “after-hours”1 ვაჭრობაში სპორტული ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 6%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის დაკლებული.
გასულ კვარტალში Nike-ის შემოსავალმა $12.43 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $12.27 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე EPS-მა $0.98 (პროგნოზი — $0.76). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა $0.77 შეადგინა, რამაც უოლ სტრიტის პროგნოზს $0.06-ით გადააჭარბა.
Nike-ის ფინანსურმა დირექტორმა — მეთიუ ფრენდმა გაიმეორა პროგნოზი, რომ ფისკალურ 2024 წელს შემოსავალი დაახლოებით 1%-ით გაიზრდება. თუმცა, მისი თქმით, ფისკალური 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი დაბალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება.
დეკემბერში, წინა კვარტალური შედეგების გამოქვეყნებისას, Nike-ის მენეჯმენტმა ფისკალური 2024 წლისთვის ზრდის პროგნოზები შეამცირა საზღვარგარეთულ ბაზრებზე სისუსტის მიზეზით. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ჩინეთის, ამასთან ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ბიზნესებს. კომპანიამ კი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ხარჯების დაახლოებით $2 მილიარდით შემცირების გეგმები დააანონსა.
ფისკალურ მესამე კვარტალში ჩინეთის ბაზარზე Nike-ის შემოსავალი 5%-ით — $2.08 მილიარდამდე გაიზარდა, EMEA-ში ეს მაჩვენებელი 3%-ით — $3.14 მილიარდამდე შემცირდა. ჩრდილოეთ ამერიკაში კი შემოსავალი 3%-ით — $5.07 მილიარდამდე გაუმჯობესდა.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გადამწყვეტია Nike-სთვის — კომპანია გეგმავს რამდენიმე ახალი პროდუქტის გამოშვებას და მარკეტინგულ კამპანიას ღონისძიების გარშემო.
„ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რამდენიმე ინოვაცია დავნერგეთ და ჩვენი მიზანია გავახაროთ მომხმარებლები, შევცვალოთ ინდუსტრია“ — განაცხადა Nike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ დონაჰომ.
ფინანსური დირექტორის თქმით კი კომპანიაში სჯერათ, რომ „პარიზის ოლიმპიადა იქნება კატალიზატორი ჩვენი ბრენდებისთვის იმის ფონზე, რომ ვნერგავთ Nike Air-ის უახლეს ინოვაციებს სპორტსმენებისთვის“.
Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $101.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $121.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $142.00-ს, ხოლო მინიმალური — $91.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 28 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
FedEx
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, FedEx-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. “After-hours” ვაჭრობაში კი ლოჯისტიკური კომპანიის აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 5%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ კვარტალში FedEx-ის შემოსავალმა $21.7 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $21.97 მილიარდი). შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა $22.2 მილიარდს მიაღწია. უკვე ზედიზედ რამდენიმე კვარტალია, რაც შემოსავალი წლიურად მცირდება, რადგან FedEx-ს უწევს ბრძოლა, შეინარჩუნოს თავის სერვისებზე მოთხოვნის დონე, რომელმაც პანდემიის დროს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.
FedEx-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ხარჯების შემცირებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მცდელობებმა ხელი შეუწყო შემოსავლების შემცირების ეფექტის დაბალანსებას. გადაზიდვების გიგანტის კორექტირებულმა წმინდა მოგებამ $966 მილიონს მიაღწია, ხოლო განზავებულმა EPS-მა $3.86 შეადგინა. ორივე მაჩვენებელი აღემატებოდა გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგებს და უოლ სტრიტის პროგნოზებს.
„FedEx-მა, რთული გარემოს პირობებში, კიდევ ერთ კვარტალში შეძლო მომგებიანობის გაუმჯობესება, რაც გამორჩეული სერვისის და DRIVE-სგან მიღებული სარგებლის დამსახურებაა“ — განაცხადა FedEx-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რაჯ სუბრამანიამმა. DRIVE არის თითქმის ერთი წლის წინ დაანონსებული პროგრამა, რომელიც 2025 წლისთვის კომპანიის ხარჯების თითქმის $4 მილიარდით შემცირებას ითვალისწინებს.
„DRIVE-ს აქვს რეალური გავლენა — ის მხარს უჭერს როგორც საოპერაციო შემოსავლის ზრდას, ასევე მარჟის გაფართოებას“ — თქვა ფინანსურმა დირექტორმა, ჯონ დიტრიხმა.
FedEx-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ფისკალური 2024 წლისთვის დაგეგმილ კაპიტალურ ხარჯებს $5.7 მილიარდიდან $5.4 მილიარდამდე ამცირებს. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე წელს DRIVE პროგრამა ხარჯების $1.8 მილიარდით კლებას გამოიწვევს.
გარდა ამისა, FedEx-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის კორექტირებული EPS $17.25-$18.25-ს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $17.00-$18.50). კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ მთელი წლის შემოსავალი წლიურად დაბალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება.
ამასთან, FedEx-ის დირექტორთა საბჭომ $5 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმა დააანონსა. მესამე კვარტალში კომპანიამ ამაში $1 მილიარდი დახარჯა და მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე მეოთხედში FedEx კიდევ $500 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვას გეგმავს.
FedEx-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $265.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $294.69-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $337.00-ს, ხოლო მინიმალური — $195.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი FedEx-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.