გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Salesforce, GameStop, Five Below და Toro.
Salesforce
გუშინ Salesforce-ის აქციების ფასი 2.64%-ით გაიზარდა და კომპანია იყო ყველაზე წარმატებული Dow Jones Industrial Average ინდექსში მას შემდეგ, რაც მომხმარებელთა ურთიერთობის მართვის (CRM) პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა ლონდონში თავისი პირველი ხელოვნური ინტელექტის (AI) ცენტრის გახსნის გეგმები დააანონსა.
Salesforce-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ლონდონის ცენტრი „ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ინდუსტრიის ექსპერტების, პარტნიორებისა და მომხმარებლების გაერთიანებით, რათა გააუმჯობესოს AI ინოვაცია და კვალიფიკაციის ამაღლების კრიტიკული შესაძლებლობები უზრუნველყოს“.
დიდ ბრიტანეთში AI-ის განვითარებაზე $4 მილიარდის დახარჯვის პირობა
ეს გეგმები არის Salesforce-ის დაპირების ნაწილი, რომელიც გასულ წელს მენეჯმენტმა დადო — ხუთი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში $4 მილიარდის დახარჯვა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და ინოვაციაზე.
Salesforce-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ კომპანიის საინვესტიციო ჯგუფმა — Salesforce Ventures-მა $200 მილიონზე მეტი ჩადო გაერთიანებული სამეფოს AI კომპანიებში. მათ შორის არის ტექსტის ხმად გარდაქმნის ფირმა ElevenLabs და წინადადებების გენერატორი — AutoGenAI.
დიდ ბრიტანეთში Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ზაჰრა ბაჰროლოლუმმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფოს AI ბაზრის ღირებულება 2035 წლისთვის, სავარაუდოდ, $1 ტრილიონს მიაღწევს.
უახლესი კვარტალური შედეგები
აღსანიშნავია, რომ Salesforce-მა ბოლო კვარტალური ანგარიში 29 მაისს წარადგინა და 2006 წლის შემდეგ პირველად, კომპანიის კვარტალური შემოსავალი უოლ სტრიტის მოლოდინს ჩამორჩა.
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Salesforce-ის შემოსავალი წლიურად 11%-ით — $9.13 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.15 მილიარდს.
კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $2.44-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.37).
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი წმინდა მოგებამ $1.53 მილიარდი შეადგინა, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.56 იყო. ამ მაჩვენებელმა კი გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.45-ს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში EPS-მა $0.20 შეადგინა.
რაც შეეხება მომავალს, Salesforce-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი $9.2-$9.25 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.35 მილიარდს.
მთელი წლის შემოსავლისთვის კი კომპანიაში შეინარჩუნეს ძველი პროგნოზი — $37.7-$38 მილიარდი.
Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ბენიოფმა ხაზი გაუსვა, რომ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქისგან დიდი სარგებლის მიღება შეუძლია. მან თქვა: „ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის უზარმაზარი შესაძლებლობის დასაწყისია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით თავიანთ კლიენტებს სრულიად ახალი გზით დაუკავშირდნენ“.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Salesforce-ის აქციებს?
Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $243.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $297.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $365.00-ს, ხოლო მინიმალური — $230.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.4%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
GameStop
გუშინ GameStop-ის აქციების ფასი 47%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კიტ გილმა, რომელიც „Roaring Kitty“-ის სახელით არის ცნობილი, ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი YouTube პირდაპირი ტრანსლაცია დააანონსა. აღსანიშნავია, რომ კიტი 2020-2021 წლებში „Meme აქციების“ ბუმის მთავარი ფიგურა იყო.
„Roaring Kitty“-მ დღეს, აღმოსავლეთის დროით 12 საათისთვის ჩანიშნა YouTube-ის პირდაპირი ტრანსლაცია, რომელზეც დაახლოებით 15,000 მომხმარებელი დარეგისტრირდა.
როგორ შეიძლება კიტის ლაივ სტრიმმა იმოქმედოს GameStop-ის აქციებზე?
YouTube ლაივის ჩანიშვნამდე კიტის რამდენიმე კვირიანმა აქტივობამ GameStop-ის აქციების ფასის რყევები გამოიწვია. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დღევანდელმა ღონისძიებამ შეიძლება აქციების ფასის მეტი ცვალებადობა განაპირობოს.
2020-2021 წლებში „Meme აქციების“ ბუმის პერიოდში კიტი Roaring Kitty-ის ანგარიშზე საათების ხანგრძლივობის ლაივებს ატარებდა. 2020 წელს GameStop-ის აქციების ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც კიტმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი კომპანიის აქციების მიმართ მისი ენთუზიაზმი და ის, თუ რატომ მიიჩნევდა მათ დაუფასებლად. თუმცა, როდესაც გილმა მოგვიანებით, 2021 წლის ივნისში, საზოგადოებრივი ცხოვრება დატოვა, GameStop-ის გარშემო აჟიოტაჟი საბოლოოდ გაქრა — დღემდე.
გასულ თვეში, პირველად 2021 წლის ივნისის შემდეგ, კიტმა X-ზე დაპოსტვა დაიწყო, რამაც GameStop-ის აქციების ფასი კვლავ გაზარდა სხვა „Meme აქციებთან“ ერთად, როგორიცაა AMC Entertainment. ამან კი გამოიწვია სპეკულაციები „Meme აქციების“ აღმასვლასთან დაკავშირებით.
მარეგულირებლები კიტის სავაჭრო ოპერაციებს უკვლევენ
კიტ გილის ლაივ სტრიმინგში დაბრუნება ხდება იმ ცნობების ფონზე, რომ Morgan Stanley-ის E*Trade განიხილავს მისთვის პლატფორმაზე ვაჭრობის აკრძალვას. მარეგულირებლები იკვლევენ სავაჭრო აქტივობას GameStop-ის ირგვლივ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა კიტის ქმედებები საბაზრო მანიპულაციებს.
Five Below
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Five Below-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი ფასდაკლების მაღაზიების სპეციალიზებული ქსელის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ით არის დაკლებული.
Five Below სპეციალიზებულია დაბალფასიანი საქონლის გაყიდვაში, როგორიც არის თამაშები, სათამაშოები, მოდის აქსესუარები და ტკბილეული.
კვარტალური შედეგები
გასულ კვარტალში Five Below-ის შემოსავალი წლიურად 11.9%-ით — $811.9 მილიონამდე გაიზარდა და ეს მაჩვენებელი საკმაოდ ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $833.9 მილიონს.
ასევე შემაშფოთებელი იყო ის, რომ მთელი ეს ზრდა ახალი მაღაზიებიდან მოდიოდა, რადგან ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 ამ პერიოდში 2.3%-ით შემცირდა. გასულ მეოთხედში Five Below-მა 61 ახალი მაღაზია გახსნა.
გარდა ამისა, კომპანიის საოპერაციო შემოსავალი წლიურად $42.4 მილიონიდან $36.2 მილიონამდე შემცირდა, ხოლო კორექტირებული EPS — $0.67–დან $0.60–მდე. ეს მაჩვენებელი ასევე ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.63-ს.
Five Below-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯოელ ანდერსონმა ხაზი გაუსვა სისუსტეს დისკრეციული პროდუქტების კატეგორიებში, მაგრამ ასევე თქვა: „საჭიროებებზე დაფუძნებული პროდუქტებმა, როგორიცაა ჩვენი ტკბილეული, საკვები და სილამაზის პროდუქტები, მოლოდინებს გადააჭარბა და გაყიდვების პოზიტიურ შედეგებს მიაღწია“.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Five Below-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $830-$850 მილიონს შეადგენს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $882.8 მილიონი), რაც 60 ახალი მაღაზიის გახსნას და comps-ის ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით კლებას ითვალისწინებს.
კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მოგება თითო აქციაზე $0.57-$0.69-ს მიაღწევს, რაც ასევე ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.99-ს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Five Below-ის აქციებს?
Five Below-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $119.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $172.87-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $223.00-ს, ხოლო მინიმალური — $124.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Five Below-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 46%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Toro
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Toro-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი გარე აღჭურვილობის მწარმოებლის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის დაკლებული.
Toro პროფესიონალური და საცხოვრებელი გაზონის მოვლის, თოვლის მოსაშორებელი მოწყობილობების, ასევე სამშენებლო მანქანების მწარმოებელია.
კვარტალური შედეგები
გასულ კვარტალში Toro-ს შემოსავალმა $1.35 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.34 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე კი $1.40-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $1.29).
კვარტალური შემოსავალი წლიურად უცვლელი იყო, შემოსავალი კი შემცირდა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. გასული წლის დასაწყისში Toro-მ განიცადა მარაგების შევსების ტალღა, რომელიც არამდგრადი იყო გრძელვადიან პერსპექტივაში.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Toro-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე წელს მოგება თითო აქციაზე $4.25-$4.35-ს მიაღწევს. შედარებისთვის, უოლ სტრიტის პროგნოზი — $4.26-ს შეადგენს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Toro-ს აქციებს?
Toro-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $91.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 3 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ნეიტრალურ რეიტინგს ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $93.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Toro-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.4%-იან ზრდას გულისხმობს.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.