• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 12 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

ივნისი 13, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 12 ივნისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Caterpillar, Broadcom, Affirm Holdings და Oracle.

Caterpillar

გუშინ Caterpillar-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აქციების გამოსყიდვის გეგმა გააფართოვა და დივიდენდები გაზარდა.

Caterpillar აწარმოებს გიგანტურ მანქანებს, რომლებიც მშენებლობასა და სამთო მოპოვებაში გამოიყენება. მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დირექტორთა საბჭომ 2022 წელს დაწყებულ აქციების გამოსყიდვის ამჟამინდელ პროგრამას $20 მილიარდი დაუმატა. მთლიანობაში გამოდის, რომ Caterpillar $21.8 მილიარდის ღირებულების აქციებს გამოისყიდის. პროგრამას ვადის გასვლის თარიღი არ აქვს.

გარდა ამისა, კომპანიამ გაზარდა კვარტალური დივიდენდი $0.11-ით — $1.41-მდე. გაზრდილ დივიდენდებს 20 აგვისტოს მიიღებენ ინვესტორები, რომლებიც 22 ივლისის მდგომარეობით Caterpillar-ის აქციონერთა რიგებში იქნებიან.

Caterpillar განაგრძობს ინვესტორებისთვის კაპიტალის დაბრუნებას

Caterpillar-ის მენეჯმენტის მოლოდინით, კომპანია განაგრძობს ინვესტორებისთვის არსებითად მთელი თავისუფალი ფულადი ნაკადების დაბრუნებას თავისი მანქანების, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო საშუალებების (ME&T) ოპერაციებიდან. ეს მიმართულება კომპანიის შემოსავლის უმეტეს ნაწილზეა პასუხისმგებელი გარდა ფინანსური მომსახურების განყოფილების მიერ გამომუშავებული შემოსავლისა.

Caterpillar

აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯიმ უმპლბიმ თქვა, რომ კომპანია განაგრძობს ძლიერი თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირებას ME&T მიმართულებისგან „გრძელვადიანი მომგებიანი ზრდისთვის ჩვენი საწარმოო სტრატეგიის განხორციელების გზით“.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Caterpillar-ის აქციებს?

Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $329.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $369.23-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $440.00-ს, ხოლო მინიმალური — $257.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Broadcom

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Broadcom-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა — შემოსავალმა ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა მოგება მოლოდინზე ნაკლები აღმოჩნდა. კომპანიის მენეჯმენტმა მოსალოდნელზე მაღალი შემოსავლის გამომუშავება ხელოვნურ ინტელექტს (AI) მიაწერა და აქციების 1/10 პროპორციით დაყოფაც დააანონსა. საბოლოოდ, „after-hours”1 ვაჭრობაში Broadcom-ის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 38%-ით არის გაუმჯობესებული.

Broadcom არის ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, ნახევარგამტარული და ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ფართო სპექტრის დამპროექტებელი, დეველოპერი, მწარმოებელი და გლობალური მიმწოდებელი.

კვარტალური შედეგები

ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში Broadcom-ის შემოსავალი წლიურად 43%-ით — $12.49 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.04 მილიარდს.

ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა წმინდა მოგებამ ამ პერიოდში $2.12 მილიარდი, ანუ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $4.42 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $4.97). შედარებისთვის, გასული ფისკალური წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $3.48 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე $8.15-ს მიაღწია. კორექტირებულმა EPS-მა კი $10.96 შეადგინა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $10.85-ს.

მაჩვენებელი  ფისკალური 2024 წლის II კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები ფისკალური 2023 წლის II კვ.
შემოსავალი  $12.49 მლრდ.  $12.04 მლრდ. $8.73 მლრდ.
განზავებული EPS  $4.42  $4.97 $8.15
წმინდა მოგება  $2.12 მლრდ.  $2.26 მლრდ. $3.48 მლრდ.

„Broadcom-ის მეორე კვარტლის შედეგები კვლავ განპირობებული იყო ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნით და VMware-ით“ — განაცხადა Broadcom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოკ ტანმა და დასძინა: „ჩვენი AI პროდუქტებიდან მიღებულმა შემოსავალმა კვარტალში რეკორდულ ნიშნულს — $3.1 მილიარდს მიაღწია“.

გარდა ამისა, Broadcom-ის მენეჯმენტმა დააანონსა აქციების 1/10 პროპორციით დაყოფა, რათა ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ინვესტორებისთვის და თანამშრომლებისთვის. Broadcom-ის უკვე დაყოფილი აქციები საფონდო ბირჟაზე 15 ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

Broadcom & Vmware

Broadcom-ის მენეჯმენტმა კონკურენტის — Vmware-ის შეძენის გადაწყვეტილების შესახებ დაახლოებით 2 წლის წინ განაცხადა, მაგრამ ეს გარიგება საბოლოოდ 2023 წლის ნოემბრის ბოლოსთვის შედგა.

$69 მილიარდის ღირებულების შეთანხმების დახურვა სამჯერ გადაიდო მარეგულირებლების მიერ იმ მიზეზით, რომ, შესაძლოა, ამ კომბინაციას ჯანსაღი კონკურენტული გარემო დაეზიანებინა. ბოლო დასტური კომპანიებმა ნოემბერში მიიღეს ჩინეთის ოფიციალური პირებისგან.

Broadcom

არსებობდა ეჭვი, რომ შეთანხმება არ შედგებოდა აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობის გამო, რომელიც ტექნოლოგიურ პროდუქტებზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საექსპორტო სანქციებით არის გამოწვეული. ეს დაძაბულობა გარკვეულწილად შემცირდა ნოემბერში, როდესაც ბაიდენი შეხვდა ჩინეთის ლიდერს — სი ძინპინს კალიფორნიაში, ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციაზე.

Broadcom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჰოკ ტანმა განმარტა, რომ კომბინირებული კომპანია გლობალურ საწარმოებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ კერძო და ჰიბრიდული ქლაუდ გარემო, რაც მათ უფრო დაცულსა და მოქნილს გახდის.

ტრანზაქციის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) VMware-ის აქციები მიმოქცევიდან იქნა ამოღებული.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Broadcom-ის აქციებს?

Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,495.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,648.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $2,000.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Affirm Holdings

გუშინ „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ (BNPL) კომპანიის — Affirm Holdings-ის აქციების ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა, რადგან ინვესტორებს პოზიტიური რეაქცია ჰქონდათ ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-თან მის გაფართოებულ თანამშრომლობაზე. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 23%-ით არის შემცირებული.

Apple-ის მენეჯმენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ Affirm-ის BNPL გადახდის სერვისი ინტეგრირებული იქნება Apple Pay-ში, რაც მომხმარებლებს iPhone-ების და iPad-ების მეშვეობით სასურველი ნივთების ახლავე შეძენას გაუადვილებს.

ოპტიმიზმის ტალღა

მიმდინარე კვირის დასაწყისში Apple-ის ახალი AI შესაძლებლობების დებიუტი შედგა — მათ შორის არის Siri-ის განახლებები და თუნდაც OpenAI-ის ChatGPT-თან ინტეგრაცია. ამან Apple-ის მიმართ ინვესტორების დადებითი განწყობა გამოიწვია, რის შედეგადაც ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი ორშაბათიდან დღემდე 8%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.

Affirm Holdings

Morgan Stanley-ის, Evercore-ისა და Bank of America-ს ანალიტიკოსები თვლიან, რომ Apple-ის ახალმა AI ფუნქციებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი მოწყობილობების გაყიდვებს, რაც გამოიწვევს გაზრდილი გაყიდვების პერიოდს, რომელსაც „სუპერ ციკლი“ ეწოდება.

შესაბამისად, ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი Affirm-ის პერსპექტივების მიმართ და მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი კომპანიის შედეგებზე პოზიტიურად აისახება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Affirm Holdings-ის აქციებს?

Affirm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $36.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $35.70-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $65.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Affirm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.1%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Oracle

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Oracle-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა გუშინ კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანიის აქციების ფასმა 13%-ზე მეტით მოიმატა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 35%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური შედეგები

მაჩვენებელი  2024 წლის IV კვარტალი ანალიტიკოსების პროგნოზები 2023 წლის IV კვარტალი
შემოსავალი $14.29 მლრდ. $14.57 მლრდ. $13.84 მლრდ.
განზავებული EPS $1.11 $1.17 $1.19
წმინდა მოგება $3.14 მლრდ. $3.31 მლრდ. $3.32 მლრდ.

თუმცა სხვა მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ბიზნესი საკმაოდ ჯანსაღია. შეკვეთების შესრულების ვალდებულებები (ეს მეტრიკა აღწერს სერვისებს, რომლებიც შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ არ არის მიწოდებული და შემოსავლად არ ფიქსირდება) წლიურად 44%-ით — $98 მილიარდამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ქლაუდ ინფრასტრუქტურის სერვისის შემოსავალი 42%-ით — $2 მილიარდამდე გაუმჯობესდა. ეს ჯერ კიდევ გაცილებით დაბალი მაჩვენებელია, სხვა ტოპ ქლაუდ ინფრასტრუქტურის სერვისის პროვაიდერების შედეგებთან შედარებით, მაგრამ გვიჩვენებს, რომ Oracle-ის საერთო ეკოსისტემის ღირებულება ხელს უწყობს მომხმარებლების მოზიდვას და მათი ხარჯების გაზრდას კომპანიის ამ ღირებულ კატეგორიაში.

Oracle

რაც შეეხება მომავალს, Oracle-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე ფისკალური წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 6%-7%-ით გაუმჯობესდება, ხოლო EPS $1.31-$1.35-ს მიაღწევს.

Oracle-ის აქციების ფასის გუშინდელი ზრდა კი დიდწილად განაპირობა ერთმა მნიშვნელოვანმა სიახლემ — მენეჯმენტმა დააანონსა გარიგებები Microsoft-თან, OpenAI-სთან და Alphabet-ის Google Cloud-თან.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Oracle-ის აქციებს?

Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $140.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $146.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $171.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.

წინა

ხვალ Tesla-ს აქციონერები კენჭს უყრიან ილონ მასკისთვის $55.8-მილიარდიანი კომპენსაციის გადახდის საკითხს

შემდეგი

Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები კვლავ უცვლელად შეინარჩუნა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები კვლავ უცვლელად შეინარჩუნა

Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები კვლავ უცვლელად შეინარჩუნა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved