• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 31 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

აგვისტო 1, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 31 ივლისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან AMD, Nvidia, Boeing და Mastercard.

AMD, Nvidia და ჩიპების მწარმოებელი სხვა კომპანიები

გუშინ Nvidia-ს (NVDA) და ჩიპების მწარმოებელი სხვა კომპანიების აქციები აღდგა სამშაბათის ვარდნის შემდეგ. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში Advanced Micro Devices-სგან (AMD), რაც შეიძლება ინდუსტრიისთვის ძლიერი მოთხოვნის სიგნალი იყოს.

გუშინდელ ზრდას ასევე ხელი შეუწყო მოხსენებამ იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, აშშ-ის შეზღუდვები ნახევარგამტარული აღჭურვილობის ექსპორტზე, მოსალოდნელზე ნაკლებად მკაცრი იყოს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების საინდექსო ფონდის — iShares Semiconductor ETF-ის (SOXX) ფასი თითქმის 7%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 27%-ით არის გაუმჯობესებული.

AMD-ისა, Microsoft-ის კვარტალური ანგარიშები AI ჩიპებზე ძლიერი მოთხოვნაზე მიანიშნებს

ჩიპების მწარმოებელი კომპანიების აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია AMD-ის მოსალოდნელზე ძლიერმა კვარტალურმა ანგარიშმა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში კომპანიის მონაცემთა ცენტრების შემოსავალმა წლიურად 115%-ით მოიმატა და რეკორდულ ნიშნულს — $2.8 მილიარდს მიაღწია, ვინაიდან AI ჩიპებზე მოთხოვნა გაიზარდა.

მაჩვენებელი 2024 წლის II კვ. მენეჯმენტის პროგნოზები 2023 წლის II კვ. წლიური ცვლილება
შემოსავალი $5.835 მილიარდი $5.7 ± 0.3 მილიარდი $5.359 მილიარდი 9%
GAAP განზავებული EPS $0.16 — $0.02 700%
კორექტირებული განზავებული EPS $0.69 — $0.58 19%
GAAP მთლიანი მოგების მარჟა 49% — 46% 3 პროცენტული პუნქტი
კორექტირებული მთლიანი მოგების მარჟა 53% 53% 50% 3 პროცენტული პუნქტი

გარდა ამისა, სამშაბათს Microsoft-მაც (MSFT) გამოაქვეყნა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები. ტექნოლოგიური გიგანტი AMD-ის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მყიდველია და მისმა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ, ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, AI-ში ინვესტიციების გაზრდას აპირებს. Microsoft-ის $19 მილიარდის ტოლი კაპიტალური ხარჯები თითქმის მთლიანად გამოყოფილი იქნება ქლაუდ გამოთვლებისთვის ან AI ინვესტიციებისთვის.

გუშინ Nvidia-ს აქციები წარმადობით S&P 500-ის საუკეთესო კომპანიებს შორის იყო მას შემდეგ, რაც Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს თანმიმდევრულ აღმავლობას AI კაპიტალურ დანახარჯებში. საინვესტიციო ბანკში აღნიშნეს, რომ Nvidia-ს აქციების ფასის ბოლოდროინდელი კლება შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობას ქმნის.

გუშინ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციების ფასი თითქმის 13%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 143%-ით არის გაუმჯობესებული.

AMD

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ განიხილავს ჩიპებით ვაჭრობის ნაკლებად ვრცელ შეზღუდვებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო

გუშინ ჩიპების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასების ზრდა ასევე მოჰყვა მოხსენებას, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ნახევარგამტარული მოწყობილობების შესახებ აშშ-ის სავაჭრო შეზღუდვების ფარგლები შეიძლება მოსალოდნელზე უფრო ვიწრო იყოს.

გუშინ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთავრობა გააფართოებს შეზღუდვებს ნახევარგამტარული აღჭურვილობის ექსპორტზე, ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის იაპონია, ნიდერლანდები და სამხრეთ კორეა შეიძლება გათავისუფლდნენ წესებისგან, რომლებიც ზემოქმედებს აშშ-ის გარეთ დაფუძნებულ კომპანიებზე.

ამ სიახლის გავრცელების შემდეგ, ნიდერლანდებში დაფუძნებული ნახევარგამტარული მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის — ASML-ის (ASML) აქციების ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 31%-ით არის გაუმჯობესებული.

საექსპორტო შეზღუდვები

გასულ თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შესაძლოა გააძლიეროს შეზღუდვები ჩინეთთან მომუშავე კომპანიებზე, მათ შორის ASML-სა და Nvidia-ზე. თეთრი სახლი ჩინეთში ნახევარგამტარული აღჭურვილობის ექსპორტზე შეზღუდვების გამკაცრებას განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი განიხილავს, დააწესოს უცხოური პირდაპირი პროდუქტის წესი (FDPR), რაც შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს, გააკონტროლოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებული პროდუქტები, რომლებიც თუნდაც მცირე რაოდენობით ამერიკულ ტექნოლოგიას იყენებს.

საბოლოოდ შეიძლება ჩინეთი იძულებული გახდეს, შექმნას საკუთარი ნახევარგამტარული ხელსაწყოები (რასაც ეს ქვეყანა უკვე აკეთებს) და ეს AI ჩიპების მწარმოებელი არსებული კომპანიებისთვის კონკურენციას გაზრდის.

Nvidia

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს, AMD-ისა და ASML-ის აქციებს?

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $117.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $142.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $145.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $191.37-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 31 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ASML-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $937.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,172.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,250.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,052.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ASML-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25.2%-იან ზრდას გულისხმობს.

Boeing

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Boeing-მა (BA) მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა სავაჭრო დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ით არის დაკლებული.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე კვარტალში Boeing-ის შემოსავალი წლიურად 15%-ით — $16.87 მილიარდამდე შემცირდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $17.39 მილიარდს. კომპანიის წმინდა ზარალმა $1.44 მილიარდს მიაღწია, რაც თითქმის 10-ჯერ აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ ზარალს. ეს მაჩვენებელი ასევე ბევრად აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს — -$831 მილიონს. Boeing-ის ზარალმა თითო აქციაზე $2.9 შეადგინა (უოლ სტრიტის მოლოდინი — -$1.69).

„მიუხედავად იმისა, რომ წინ მეტი სამუშაო გვაქვს, ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ, ხელს შეუწყობს ჩვენი ოპერაციების სტაბილიზაციას და საზოგადოების იმაში დარწმუნებას, რომ Boeing არის კომპანია, რომელიც მსოფლიოს სჭირდება“ — თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა (CEO), დეივ კალჰუნმა. „მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ აღდგენის მიმართულებით და გავაგრძელებთ ნდობის ჩამოყალიბებას ქმედებებისა და გამჭვირვალობის გზით.”

Boeing

ახალი აღმასრულებელი დირექტორი

გარდა ამისა, გუშინ Boeing-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის შემდეგი აღმასრულებელი დირექტორი იქნება კელი ორტბერგი, Rockwell Collins-ის ყოფილი ინჟინერი და CEO. ეს კომპანია არის ავიაკოსმოსური წარმოების ინდუსტრიის წარმომადგენელი, რომელიც ახლა ოპერირებს, როგორც RTX-ის (RTX) შვილობილი ფირმა სახელწოდებით Collins Aerospace.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Boeing-ის აქციებს?

Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $191.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $215.84-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $270.00-ს, ხოლო მინიმალური — $147.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Mastercard

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Mastercard-მა (MA) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ფინანსური სერვისების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის გაუმჯობესებული.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე კვარტალში Mastercard-ის შემოსავალი წლიურად 11%-ით — $7 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $6.85 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) 24%-ით მოიმატა და $3.59-ს მიაღწია (უოლ სტრიტის მოლოდინი — $3.51). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა განზავებულმა EPS-მა კი $3.50 შეადგინა.

გასულ მეოთხედში დამუშავებული ტრანზაქციების მთლიანმა მოცულობამ წლიურად, ვალუტის უცვლელი კურსის პირობებში, 9%-ით მოიმატა და $2.4 ტრილიონს მიაღწია. საზღვრის გადამკვეთი ტრანზაქციების მოცულობა კი 17%-ით — $741 მილიარდამდე გაიზარდა. ეს აღმასვლა ხაზს უსვამს კომპანიის ტრანზაქციების დიდ მოცულობას და მის ძლიერ პოზიციას გლობალური გადახდების ეკოსისტემაში.

Mastercard

სხვა მნიშვნელოვან კვარტალურ მაჩვენებლებს შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ცხრილში გაეცნოთ.

მაჩვენებელი 2024 წლის II კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები 2023 წლის II კვ. წლიური ცვლილება (%)
შემოსავალი $7.0 მილიარდი $6.85 მილიარდი $6.3 მილიარდი 11%
საოპერაციო ხარჯები $2.9 მილიარდი — $2.6 მილიარდი 12%
საოპერაციო შემოსავალი $4.0 მილიარდი — $3.7 მილიარდი 10%
კორექტირებული საოპერაციო მარჟა 59.4% — 58.6% 0.7 პროცენტული პუნქტი
წმინდა მოგება $3.3 მილიარდი — $2.8 მილიარდი 15%
კორექტირებული წმინდა მოგება $3.3 მილიარდი — $2.7 მილიარდი 22%
განზავებული EPS $3.50 $3.51 $3.00 17%
კორექტირებული განზავებული EPS $3.59 $3.51 $2.89 24%
დამუშავებული ტრანზაქციების მთლიანი მოცულობა ($) $2.4 ტრილიონი — $2.2 ტრილიონი 9%

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Mastercard-ის აქციებს?

Mastercard-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $448.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $525.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $480.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Mastercard-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 24 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, Meta Platforms კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

შემდეგი

Meta Platforms-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Meta Platforms-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

Meta Platforms-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved