• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 28 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

მარტი 12, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 28 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის eBay, Snowflake, Okta, Chart Industries და Beyond Meat.

eBay

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, eBay-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი ელექტრონული კომერციის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 8%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით გაუმჯობესდა.

გასული წლის მეოთხე კვარტალში eBay-ის შემოსავალი წლიურად 2%-ით — $2.6 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.51 მილიარდი). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $1.07-ს მიაღწია (პროგნოზი — $1.03).

საქონლის მთლიანმა მოცულობამ (GMV) 2%-ით მოიმატა და $18.6 მილიარდი შეადგინა.

„ჩვენი ორგანული GMV-ის წლიური ზრდა 2023 წლის თითოეულ კვარტალში გაუმჯობესდა მიუხედავად რთულ მაკროეკონომიკურ გარემოში ნავიგაციისა“ — განაცხადა eBay-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეიმი იანონემ.

გარდა ამისა, ელექტრონული კომერციის კომპანიის მენეჯმენტმა კვარტალური დივიდენდის $0.25-დან $0.27-მდე ზრდა დააანონსა.

eBay-ში ასევე განაცხადეს, რომ კომპანია აქციების გამოსყიდვის პროგრამას $2 მილიარდით აძლიერებს საერთო ჯამში $3.4 მილიარდამდე.

eBay

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კორექტირებული EPS $1.19-$1.23-ს მიაღწევს და ეს დიაპაზონი ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს აღემატება. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ გაყიდვები $2.50-$2.54 მილიარდს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში eBay-ზე ზეწოლა იქონია კონკურენტებმა, როგორებიც არის Amazon და ჩინური კომპანია — Temu. ამასთან, კომპანიას ოპერირება უწევდა მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, რაც მომხმარებლებს მეტი დაზოგვისკენ და დისკრეციული ხარჯების შემცირებისკენ უბიძგებს. შედეგად, გასულ თვეში eBay-ის მენეჯმენტმა სამუშაო ძალის დაახლოებით 9%-ით შემცირებაც დააანონსა.

eBay-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $48.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $55.00-ს, ხოლო მინიმალური — $38.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი eBay-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Snowflake

გუშინ, სავაჭრო საათების შემდეგ, Snowflake-ის აქციების ფასი 20%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ფრენკ სლოტმენის შემცვლელად შრიდჰარ რამასვამი დაასახელა და გამოაქვეყნა პროგნოზი, რომელიც უოლ სტრიტის მოლოდინს არ შეესაბამება.

რამასვამი ადრე იყო ქლაუდ მონაცემების კომპანიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ხელოვნური ინტელექტის (AI) საკითხებში. იგი Snowflake-ის გუნდს შეუერთდა 2023 წელს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეიძინა Neeva, AI-ზე მომუშავე საძიებო სისტემა. შრიდჰარ რამასვამი სწორედ ამ უკანასკნელის თანადამფუძნებელი იყო. Snowflake-ში მოსვლამდე კი იგი 15 წლის განმავლობაში Alphabet-ის Google-ის სარეკლამო პროდუქტებს ხელმძღვანელობდა.

ფრენკ სლოტმენმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, მაგრამ იგი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას შეინარჩუნებს. „არ არსებობს შრიდჰარზე უკეთესი კადრი, რომ Snowflake-ს ზრდისთვის მომდევნო ფაზაში გაუძღვეს და გამოიყენოს წინსვლის შესაძლებლობა AI-ისა და მანქანათმცოდნეობაში“ — თქვა სლოტმენმა.

„ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობა, დავეხმაროთ ყველა მომხმარებელს, გამოიყენოს AI, რათა მასიური ბიზნეს ღირებულება შექმნას. ფოკუსირებულნი ვიქნებით იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ინოვაციები ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს“ — განაცხადა შრიდჰარ რამასვამმა.

Snowflake

აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის შესახებ განცხადება დაემთხვა Snowflake-ის ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშის გამოქვეყნებას. გასულ მეოთხედში კომპანიის შემოსავალი წლიურად 33%-ით — $774.70 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა. გარდა ამისა, Snowflake-მა $169.9 მილიონის მოცულობის ზარალი დააფიქსირა (გასული წლის იმავე კვარტალში — -$207.5 მილიონი), ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.51 იყო. ამ უკანასკნელმა უოლ სტრიტის პროგნოზს $0.22-ით აჯობა.

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს შემოსავალი 22%-ით — $3.25 მილიარდამდე გაიზრდება, რაც საგრძნობლად ჩამორჩება ანალიტიკოსების მოლოდინს. შედარებისთვის, ფისკალურ 2024 წელს ეს მაჩვენებელი 38%-ით გაუმჯობესდა.

Snowflake-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $230.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $228.65-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $265.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Snowflake-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Okta

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Okta-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო საათების შემდეგ კი ქლაუდ იდენტიფიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის აქციების ფასი 23%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით გაუმჯობესდა.

Okta-ს კვარტალური შემოსავალი წლიურად 19%-ით — $605 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $587.16 მილიონი). კორექტირებულმა EPS-მა კი $0.63 შეადგინა (პროგნოზი — $0.51).

მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Okta-მ გასულ მეოთხედში შეიძინა 120 მომხმარებელი, სულ მცირე $100,000-ის ოდენობით წლიური კონტრაქტის ღირებულებით. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ კლიენტების რაოდენობა ამ ღირებულების კონტრაქტებით წლიურად 14%-ით — 4,485-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება მომავალს, Okta-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $603-$605 მილიონს მიაღწევს და ეს დიაპაზონი აჭარბებს უოლ სტრიტის პროგნოზს — $584 მილიონს. ამასთან, კომპანიაში მოელიან, რომ კორექტირებული EPS $0.54-$0.55-ს გაუტოლდება (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.41).

Okta

გარდა ამისა, Okta-ს მენეჯმენტმა მთელი წლის შემოსავლის პროგნოზი $2.46-$2.47 მილიარდიდან $2.495-$2.505 მილიარდამდე გაზარდა. კორექტირებული წლიური EPS-ის პროგნოზი — $2.24-$2.29 კი საგრძნობლად აჭარბებს უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.96-ს.

Okta-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $87.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $89.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $114.00-ს, ხოლო მინიმალური — $64.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Okta-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 19-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Chart Industries

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Chart Industries-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სპეციალიზებული საინჟინრო კომპანიის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით გაუმჯობესდა.

Chart Industries აპროექტებს და აწარმოებს აღჭურვილობას, როგორიცაა კრიოგენური ავზები და სითბოს გადაცემის სისტემები ენერგეტიკული სექტორისთვის, რომელიც მოიცავს ნავთობისა და ბუნებრივი აირის, წყალბადის, ბიოგაზის და ნახშირბადის ბაზრებს. თავისი აღჭურვილობისა და მომსახურებისთვის კომპანია რეკორდულ შეკვეთებს იღებს.

გასულ მეოთხედში Chart Industries-ის შემოსავალმა $1.02 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.1 მილიარდი), ხოლო EPS-მა $2.25-ს მიაღწია (პროგნოზი — $2.11).

მეოთხე კვარტალი Chart Industries-ისთვის ყოველმხრივ რეკორდული კვარტალი იყო:

  • შეკვეთები წლიურად 28%-ით — $1.21 მილიარდამდე გაიზარდა;
  • მარაგებმა კვარტალურად 3%-ით — $4.3 მილიარდამდე მოიმატა;
  • გაყიდვები წლიურად 12.5%-ით — $1 მილიარდამდე გაუმჯობესდა;
  • მთლიანი მარჟა წლიურად 5.4 პროცენტული პუნქტით — 32.9%-მდე გაიზარდა.

2023 წლის მარტში Chart Industries-მა სამრეწველო აღჭურვილობის მწარმოებელი — Howden $4.4 მილიარდად შეიძინა და მენეჯმენტმა წარმატებული ინტეგრაცია ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად დაასახელა.

Chart Industries

რაც შეეხება მომავალს, Chart Industries-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს კომპანიის გაყიდვები 28%-37%-ით გაუმჯობესდება და $4.7-$5 მილიარდს მიაღწევს. ეს ასევე ნიშნავს, რომ კომპანია 2024 წელს ამ მიმართულებით ახალ რეკორდს დაამყარებს.

Chart Industries-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $148.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $174.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $127.92-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chart Industries-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 10-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Beyond Meat

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Beyond Meat-მა კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გუშინ კი ხორცის მცენარეული შემცვლელების მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 31%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 28%-ით შემცირდა.

გასულ კვარტალში Beyond Meat-ის შემოსავალი წლიურად 7.8%-ით ­— $73.7 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $66.7 მილიონს. თუმცა კომპანიამ $155.1 მილიონის ოდენობით ზარალი დააფიქსირა, ანუ ზარალი თითო აქციაზე $2.4 იყო (პროგნოზი — -$0.89).

შედეგები არც ისე ცუდი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ კომპანიის გლობალური ოპერაციების მიმოხილვის შედეგად, Beyond Meat-ის ერთჯერადმა უნაღდო ხარჯებმა $95.6 მილიონი შეადგინა, მათ შორის იყო დაჩქარებული ცვეთა და ძირითადი საშუალებების გაყიდვით მიღებული ზარალი.

განხილვის შედეგად, მენეჯმენტმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეეწყვიტა Beyond Meat Jerky პროდუქციის წარმოება, რადგან მასზე მოთხოვნა საკმარისად კარგი არ იყო.

Beyond Meat

Beyond Meat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ეთან ბრაუნმა აღნიშნა, რომ ბოლო 12-18 თვის განმავლობაში მიმდინარე ბიზნესის განახლების ფართო ინიციატივების შემდეგ, კომპანიას გააჩნია გეგმა ზრდის მისაღწევად. „ჩვენი 2024 წლის გეგმა მოიცავს ნაბიჯების გადადგმას საოპერაციო ხარჯებისა და ფულადი სახსრების გამოყენების მკვეთრად შესამცირებლად; ფასწარმოქმნის გაუმჯობესებას და პროდუქციის სწორი მოცულობების შერჩევას, რათა მოგების მარჟები გავზარდოთ“ — თქვა მან.

Beyond Meat-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ამ ნაბიჯების შედეგად, წელს კომპანიის საოპერაციო ხარჯები მინიმუმ $70 მილიონით შემცირდება.

Beyond Meat-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $10.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $6.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $10.00-ს, ხოლო მინიმალური — $3.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Beyond Meat-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 30.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

უორენ ბაფეტის ეს რჩევა მილიონერად გაქცევთ?

შემდეგი

რამდენად გაიზარდა Amazon-ის შემოსავალი ბოლო 20 წლის განმავლობაში?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რამდენად გაიზარდა Amazon-ის შემოსავალი ბოლო 20 წლის განმავლობაში?

რამდენად გაიზარდა Amazon-ის შემოსავალი ბოლო 20 წლის განმავლობაში?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved