გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Ford, Spotify, Dave & Buster’s, Cal-Maine Foods და Ulta Beauty.
Ford
გუშინ Ford Motor-ის აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა, რადგან ავტომწარმოებლის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში გაყიდვები 6.8%-ით გაიზარდა. ეს კი გამოწვეულია კომპანიის ჰიბრიდულ ავტომობილებზე და ჯიპებზე მოთხოვნით.
გასულ მეოთხედში Ford-მა 508,083 ავტომობილი გაყიდა. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 475,906 შეადგინა. ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები წლიურად 42%-ით გაიზარდა და ამ მხრივ ეს კომპანიისთვის საუკეთესო მეოთხედი იყო. ელექტრომობილების გაყიდვებმა 86.1%-ით მოიმატა, ხოლო ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვები 2.6%-ით გაიზარდა.
ჯიპების გაყიდვებმა 16.8%-ით მოიმატა და ავტომობილების მთლიანი გაყიდვების თითქმის ნახევარი შეადგინა. Ford-ის ბრენდის ჯიპების გაყიდვებმა კვარტალურ მაქსიმუმს მიაღწია. განსაკუთრებით დიდი იყო მოთხოვნა პატარა Maverick პიკაპზე, რომლის გაყიდვებიც 81.9%-ით გაუმჯობესდა. მისი ჰიბრიდული ვერსიის შემთხვევაში კი ამ მაჩვენებელმა 77%-ით მოიმატა.
Ford-ის ავტომობილების გაყიდვები წლიურად 7%-ით დაეცა, ხოლო სატვირთო მანქანების გაყიდვები 0.6%-ით შემცირდა.
Ford Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $14.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.52-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $21.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.75-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ford Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Spotify
გუშინ Spotify Technology-ის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა და 2021 წლის ნოემბრის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. მატება მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აუდიო სტრიმინგის პროვაიდერი გაზრდის ფასებს რამდენიმე ძირითად ბაზარზე და შეცვლის თავის გამოწერის გეგმებს.
კომპანია თვის ბოლომდე თავისი სერვისის თვიურ ფასებს დაახლოებით $1-$2-ით გაზრდის ხუთ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში. Bloomberg იტყობინება, რომ Spotify-ის სერვისის საფასური წლის ბოლოსთვის აშშ-შიც მოიმატებს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს აუდიო წიგნების ხარჯების დაფარვას, რომელთა შეთავაზებაც Spotify-მ გასული წლის ბოლოს დაიწყო.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, შვედური ფირმა დანერგავს ახალ საბაზისო დონეს, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს მუსიკას და პოდკასტებს, მაგრამ არა აუდიოწიგნებს. Bloomberg-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ Spotify უკვე მუშაობდა „supremium“ სერვისზე, რომელიც მსმენელს რამდენიმე მახასიათებლით უზრუნველყოფს, მათ შორის აღქმის მაღალი სიზუსტით.
აღსანიშნავია, რომ Spotify ყოველწლიურად კარგავს ფულს მას შემდეგ, რაც ის 2018 წელს საჯარო კომპანია გახდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ Spotify თავისი შემოსავლის დაახლოებით 70%-ს სალიცენზიო გადასახადებზე ხარჯავს.
Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $292.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $271.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $330.00-ს, ხოლო მინიმალური — $195.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 24 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Dave & Buster’s
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Dave & Buster’s-მა კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. გუშინ კი ამერიკული გასართობი და სარესტორნო კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 26%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ მეოთხედში Dave & Buster’s-ის შემოსავალმა $599.1 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $603.73 მილიონი), ხოლო მოგებამ თითო აქციაზე (EPS) — $1.03 (პროგნოზი — $1.12).
4 თებერვალს Dave & Buster’s-ის ფისკალური წელი დასრულდა, რომლის განმავლობაშიც შემოსავალი 12%-ით — $2.2 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგებამ $127 მილიონი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ჩამოუვარდება გასული წლის შედეგს — $137 მილიონს, აღსანიშნავია, რომ ფისკალურ 2024 წელს მთლიანი მოგების მარჟამ 5.8% შეადგინა.
Dave & Buster’s-მა ასევე მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას თავისი აქციების რაოდენობის შემცირებაში. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია COVID-19 პანდემიის დროს სარესტორნო ბიზნესებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგებით გამოირჩეოდა, რადგან მისი ლოკაციები პირადი გამოცდილების მიღებისთვის არის შექმნილი. ვინაიდან კომპანიის შემოსავალი დაზარალდა, მენეჯმენტს მოუწია ახალი აქციების გამოშვება. ფისკალური 2019 ბოლოდან ფისკალური 2021 წლის ბოლომდე, Dave & Buster’s-ის აქციების რაოდენობა 44%-ით გაიზარდა — ეს კი აქციონერთა წილების სერიოზული შემცირებაა.
თუმცა ფისკალურ 2023 წელს Dave & Buster’s-ის მენეჯმენტმა 8.5 მილიონი აქცია გამოისყიდა, რითაც აქციების რაოდენობა თითქმის 18%-ით შემცირდა. ამასთან, კომპანია უფლებამოსილია დამატებით $200 მილიონის ღირებულების აქციები გამოისყიდოს ახლავე, რაც აქციების კიდევ 7%-ს წარმოადგენს. ამიტომ, როგორც ჩანს, აქციონერები წახალისებულნი არიან, რომ ახლა ისინი დაჯილდოვდებიან, როდესაც ბიზნესი აღდგა.
Dave & Buster’s-ის მენეჯმენტს მომავლის პროგნოზები არ წარმოუდგენია, თუმცა კიდევ ერთი რამ, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1. ბიზნესი შედგება ეპონიმური და, ასევე, Main Event ბრენდისგან. ორივე მათგანისთვის კი comps ფისკალურ 2023 წელს 6%-ით შემცირდა. უფრო დიდი — 7%-იანი ვარდნა კი მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა.
Dave & Buster’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $68.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $71.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dave & Buster’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Cal-Maine Foods
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Cal-Maine Foods-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გუშინ კი კვერცხის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალურ მესამე კვარტალში, რომელიც 2 მარტს დასრულდა, Cal-Maine Foods-ის შემოსავალი წლიურად 29.5%-ით — $703.1 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $649.6 მილიონს. წმინდა მოგებამ კი $146.7 მილიონს მიაღწია, ანუ მოგება თითო აქციაზე $3.01 იყო (პროგნოზი — $2.11). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში, ამ მაჩვენებელმა $6.62 შეადგინა.
Cal-Maine Foods-ის შემოსავლების კლება განპირობებული იყო გაყიდვის საშუალო დაბალი ფასებით. გასული წლის ფისკალურ მესამე კვარტალში, კვერცხის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც გამოწვეულია მიწოდების ჯაჭვის პრობლემებითა და ფრინველის გრიპის გავრცელებით აშშ-ის მასშტაბით.
კვარტალურ შედეგებთან ერთად, Cal-Maine Foods-მა გამოაცხადა, რომ ტეხასის შტატის ერთ-ერთ ქარხანაში ჩატარებულმა ფრინველის გრიპის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამის გამო, კომპანია იძულებული გახდა კვერცხის მდებელი ქათმების რაოდენობა 1.6 მილიონით შეემცირებინა, ხოლო წიწილების რიცხვი — 337,000-ით. Cal-Maine Foods-ის მენეჯმენტი ამბობს, რომ მან დროებით შეწყვიტა წარმოება ამ ქარხანაში და მუშაობს სხვა ობიექტების დაცვაზე, რათა ნებისმიერი შეფერხების რისკი მინიმუმამდე შეამციროს.
Cal-Maine Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $61.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $56.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $65.00-ს, ხოლო მინიმალური — $47.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cal-Maine Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ulta Beauty
გუშინ კოსმეტიკის საცალო ქსელის — Ulta Beauty-ის აქციების ფასი 15%-ზე მეტით შემცირდა J.P. Morgan-ის მე-10 Annual Retail Roundup-ის ინვესტორთა კონფერენციაზე მენეჯმენტის მიერ გაკეთებული კომენტარების შემდეგ.
წლის დასაწყისიდან Ulta Beauty-ის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით არის დაკლებული.
კონფერენციაზე Ulta Beauty-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დეივ კიმბელმა და მომავალმა ფინანსურმა დირექტორმა — პაულა ოიბომ ისაუბრეს. მათი თქმით, მიმდინარე წელს კომპანიაში ადრე მოსალოდნელზე ნელ ზრდას პროგნოზირებენ.
14 მარტს Ulta Beauty-მ ფისკალური 2024 წლისთვის ფინანსური პროგნოზები წარმოადგინა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, მათი მოლოდინით, მთელი წლის განმავლობაში comps 4%-5%-ით გაიზრდება. თუმცა, ახლა, სულ რაღაც 20 დღის შემდეგ, მენეჯმენტი ამბობს, რომ წლის პირველ ნახევარში სუსტი ზრდა გამოიწვევს 2024 წლის ფისკალური შედეგების მიახლოებას საპროგნოზო დიაპაზონის ქვედა ზღვართან.
ახალმა კომენტარებმა კი ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად იმოქმედა, სწორედ ამიტომ შემცირდა გუშინ Ulta Beauty-ის აქციების ფასი მკვეთრად.
რაც შეეხება გასული კვარტლის შედეგებს. Ulta Beauty-ს შემოსავალი წლიურად 10%-ით — $3.6 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა როგორც მენეჯმენტის მოლოდინს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.53 მილიარდს. შემოსავლის ზრდა, ახალი მაღაზიების გახსნასთან ერთად, comps-ის 2.5%-იანმა მატებამ განაპირობა.
გარდა ამისა, Ulta Beauty-ის საოპერაციო შემოსავალი კვარტალში წლიურად 15.5%-ით $517 მილიონამდე გაიზარდა. გასული ფისკალური წლის განმავლობაში კი საოპერაციო შემოსავალმა $1.7 მილიარდს მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ამან კომპანიას საშუალება მისცა, ფისკალური წლის საოპერაციო მარჟა 15%-მდე გაზრდილიყო (მენეჯმენტის პროგნოზის ზედა ზღვარი — 14.8%).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიამ აქციების გამოსყიდვაზე $1 მილიარდი დახარჯა და დირექტორთა საბჭომ ახლახან დამატებით $2 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმა დაადასტურა.
Ulta Beauty-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $440.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $589.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $690.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ulta Beauty-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 34%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.