გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის UPS, PepsiCo, Microsoft, Apple და Amazon.
UPS
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, United Parcel Service-მა (UPS) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამანათების კომპანიის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული.
გადამზიდი კომპანიებისთვის ბოლო რამდენიმე კვარტალი რთული იყო. პანდემიის შემდეგ მარაგების შევსების პერიოდმა გაზარდა მოთხოვნა სატრანსპორტო მომსახურებაზე, მაგრამ 2023 წელს, ეკონომიკის სიჯანსაღის შესახებ ეჭვების გაჩენის შემდეგ, მსხვილი კორპორატიული მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ცდილობდნენ.
ეს ტენდენცია 2024 წლის საწყისი სამი თვის განმავლობაშიც გაგრძელდა. პირველ კვარტალში UPS-ის შემოსავალი წლიურად 5.3%-ით — $21.7 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $21.84 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $1.43-ს მიაღწია (პროგნოზი — $1.31).
გასულ კვარტალში UPS-ის საშუალო დღიური მოცულობები 3.2%-ით შემცირდა აშშ-ის ბიზნესში და 5.8%-ით საერთაშორისო დონეზე. მაგრამ კომპანიამ ეს დააბალანსა ხარჯების შემცირებით, მათ შორის იანვარში დაანონსებული 12,000 თანამშრომლის გათავისუფლებით. ეს არის ნაწილი გეგმისა, რომლის მიზანიც წლიურად $1 მილიარდის დაზოგვაა.
„პირველ მეოთხედში დაფიქსირებული ფინანსური მაჩვენებლები შეესაბამებოდა ჩვენს მოლოდინებს და აშშ-ში საშუალო დღიურმა მოცულობამ კვარტლის განმავლობაში გაუმჯობესება აჩვენა. მომავალში კი მოცულობების აღდგენას და შემოსავლების ზრდას ველით“ — თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა, კეროლ ტომემ.
რაც შეეხება მომავალს, UPS-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე წლის შემოსავალი $92-$94.5 მილიარდს მიაღწევს, რაც აღემატება 2023 წელს დაფიქსირებულ შედეგს — $91 მილიარდს.
UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $149.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $159.95-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $182.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
PepsiCo
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, PepsiCo-მ კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საკვებისა და სასმელების გიგანტის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის დაკლებული.
ისტორიულად PepsiCo ნელა მზარდი კომპანიაა, მაგრამ ის ახერხებს მაღალი მოგების დაფიქსირებას კონკურენტული უპირატესობებისა და რეცესიისადმი გამძლე ბიზნესის წყალობით.
გასულ კვარტალში PepsiCo-ს შემოსავალი წლიურად 2.3%-ით — $18.25 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $18.1 მილიარდი), ორგანულმა შემოსავალმა კი 2.7%-ით მოიმატა. შემოსავალი გაუმჯობესდა კომპანიის ყველა სეგმენტში, გარდა Quaker Foods-ისა, რომელმაც ამ თვალსაზრისით 24%-ით ვარდნა განიცადა პროდუქციის გაწვევისა და გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებული ძლიერი შედეგების გამო. პროდუქციის გაწვევამ ასევე განაპირობა საოპერაციო ზარალის დაფიქსირება ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში. თუმცა ძირითადი EPS (ვალუტის უცვლელი კურსის პირობებში) 7%-ით — $1.61-მდე გაიზარდა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $1.52).
აღმასრულებელმა დირექტორმა — რამონ ლაგუარტამ თქვა: „პირველი კვარტლის განმავლობაში ჩვენმა ბიზნესმა მოქნილობა შეინარჩუნა და კარგად მუშაობდა, საერთაშორისო მიმართულებამ კი ძლიერი წარმადობა დააფიქსირა“.
რაც შეეხება მომავალს, PepsiCo-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში ორგანული შემოსავალი მინიმუმ 4%-ით გაიზრდება, ხოლო EPS (ვალუტის უცვლელი კურსის პირობებში) მინიმუმ 8%-ით გაუმჯობესდება და $8.15-ს მიაღწევს.
PepsiCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $171.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $190.65-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $172.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PepsiCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft
Microsoft-მა დააანონსა თავისი უმცირესი ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი, Phi-3 Mini, რადგან AI სივრცის ერთ-ერთი ლიდერი მცირე ენობრივი მოდელების (SLM) შეთავაზებებს აფართოებს.
Microsoft-ის წარმომადგენლების თქმით, ხელოვნური ინტელექტის ამ სისტემის წარმადობა კონკურენტუნარიანია მიუხედავად იმისა, რომ ის საკმარისად მცირეა ტელეფონზე დასაინსტალირებლად.
Microsoft-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდმა ენობრივმა მოდელებმა (LLM), როგორებიც არის OpenAI-ის GPT-4, Amazon-ის მიერ მხარდაჭერილი Anthropic-ის Claude 3 და Meta Platforms-ის Llama 3, შექმნა ახალი საინტერესო შესაძლებლობები, მაგრამ მათი ზომა, ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვან გამოთვლით რესურსებს მოითხოვს.
კომპანიაში ამბობენ, რომ მისი SLM-ები მომხმარებლებს სთავაზობს მრავალ მსგავს შესაძლებლობებს, რომლებიც LLM-ებში გვხვდება, მაგრამ SLM-ები უფრო მცირე ზომისაა და ნაკლები რაოდენობის მონაცემებზეა გაწვრთნილი.
Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, შესაძლოა, ამ სიახლემ მომავალში Microsoft-ს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს.
ტექნოლოგიური გიგანტი, OpenAI-სთან პარტნიორობის წყალობით, AI სივრცეში ადრეულ ლიდერად ჩამოყალიბდა. Microsoft-მა AI შეთავაზებების მონეტიზაციაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომავალში კომპანია ხელოვნური ინტელექტისგან უფრო დიდ სარგებელს მიიღებს.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $408.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $477.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $440.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple
გუშინ Apple-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი 7 მაისს ღონისძიებას ჩაატარებს. მოსალოდნელია, რომ ამ დღეს კომპანია iPad-ის უახლეს OLED iPad Pro მოდელებს წარადგენს.
სავარაუდოდ, ბაზარზე ახალი ტაბლეტების 11.1 და 13 დიუმიანი მოდელები გამოვა, მაგრამ ისინი 1 მმ-ით უფრო თხელი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი iPad Pro-ები.
ექსპერტები მოელიან, რომ ახალი OLED iPad Pro-ში ჩაშენებული იქნება Apple-ის M3 ჩიპი, რომელიც კომპანიის MacBook ხაზს ახლახან დაემატა. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტიმ კუკმა ასევე გააკეთა მინიშნება Apple Pencil-ის განახლების შესახებ.
Apple-ის ტექნიკის განახლება მიმდინარეობს იმის ფონზე, რომ კომპანია ჩინეთში iPhone-ების გაყიდვების შემცირების პრობლემის წინაშე დგას. კვლევითი ფირმის — Counterpoint-ის თანახმად, მარტის კვარტალში ჩინეთში iPhone-ის გაყიდვები წლიურად 19%-ით შემცირდა. Apple-ის სმარტფონების ბაზრის წილი ჩინეთში პირველიდან მესამემდე დაეცა, რაც გამოწვეულია ადგილობრივი მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ფირმებში უცხოური მოწყობილობების აკრძალვით და კონკურენტი Huawei-ის მიერ უახლესი მიკროჩიპებით აღჭურვილი ტელეფონების გამოშვებით.
Wedbush Securities-ის ანალიტიკოსების ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ Apple-ს შეიძლება კიდევ ერთი რთული მეოთხედი ჰქონდეს. თუმცა საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ სექტემბრის კვარტალში და 2025 წელს კომპანია ზრდის დაფიქსირებას შეძლებს.
ანალიტიკოსები ასევე მოელიან, რომ Apple-ის მენეჯმენტი საზოგადოებას გააცნობს განახლებებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ კომპანიის ყოველწლიურ მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციაზე, რომელიც 10 ივნისს გაიმართება.
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $167.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $200.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Amazon
ონლაინ საცალო ვაჭრობის გიგანტის — Amazon-ის მენეჯმენტმა სამშაბათს დააანონსა სურსათის მიწოდების ახალი სააბონენტო სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში პრემიუმ მომხმარებლებისთვის და მთავრობისგან სასურსათო შეღავათების მიმღებებისთვის.
Amazon-ის ახალი სერვისი, რომელიც გასული წლის ბოლოს უკვე გამოცადეს დენვერში, საკრამენტოსა და კოლუმბუსში, მიზნად ისახავს კონკურენციას Walmart-ისა და Target-ის ანალოგიურ შეთავაზებებთან.
თვეში $9.99-ის გადახდის სანაცვლოდ Amazon Prime-ის წევრები შეძლებენ, ისარგებლონ ულიმიტო სასურსათო მიწოდებით ან თავად მიაკითხონ $35-ზე მეტის ღირებულების შეკვეთებს Amazon Fresh-დან, Whole Foods Market-დან, Amazon.com-ზე არსებული ადგილობრივი სასურსათო მაღაზიებისა და საცალო მოვაჭრეებისგან.
მომხმარებლებს, რომლებიც იღებენ სამთავრობო სასურსათო შეღავათებს რეგისტრირებული ელექტრონული სარგებლის გადარიცხვის (EBT) ბარათით, შეუძლიათ სერვისზე წვდომა მოიპოვონ თვეში $4.99-ად Prime წევრობის გარეშე. ახალი სერვისი ხელმისაწვდომია უფასო 30-დღიანი საცდელი პერიოდით და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება აშშ-ის 3,500 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
შედარებისთვის, Walmart Plus-ის მსგავსი სერვისის ფასი თვეში $12.95-ს შეადგენს, ხოლო წლიურად — $98.2-ს. EBT ბარათის მფლობელებს კომპანია 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ამასთან, ყველა წევრს აქვს წვდომა ისეთ შეღავათებზე, როგორებიც არის საწვავის დაზოგვა ავტომობილებისთვის და Paramount+ სტრიმინგ სერვისის გამოწერა.
Target-ის Circle 360 სერვისის ღირებულება კი წელიწადში $99-ს აღწევს და კომპანია მომხმარებლებს პირველ წელს $50-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
Wedbush Securities-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი Amazon-ს სარგებელს მოუტანს და დაეხმარება ბაზრის წილის დაკავებაში, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების კატეგორიაში, რომელიც კომპანიისთვის ისტორიულად პრობლემატურ მიმართულებას წარმოადგენს.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $180.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $212.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $198.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.3%-იან ზრდას გულისხმობს.
Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $59.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $65.73-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.99-ს, ხოლო მინიმალური — $58.99-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 28 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Target-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $166.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $183.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $153.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Target-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.