• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 12 აპრილს საფონდო ბირჟაზე?

აპრილი 15, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 12 აპრილს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Alibaba, JD.com, PDD Holdings, UL Solutions, OpenAI და Argan.

Alibaba, JD.com და PDD Holdings

პარასკევს ჩინური კომპანიების აქციების ფასები კვლავ დაეცა, რადგან მათზე ნეგატიურმა ეკონომიკურმა სიახლეებმა იმოქმედა. ამჯერად, ჩინეთის ექსპორტი მარტში მოსალოდნელზე მეტად დაეცა, რამაც მსოფლიოს მე-2 ეკონომიკის აღდგენის იმედებზე უარყოფითი გავლენა იქონია.

ექსპორტი ჩინეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს — ის ქვეყნის მთლიანი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 19%-ს შეადგენს. ამასთან, ექსპორტი მიიჩნევა პოტენციურ ნათელ წერტილად იმ დროს, როდესაც ჩინელი მომხმარებლები ხარჯებს ამცირებენ და შიდა ეკონომიკა სუსტია.

გასულ თვეში ექსპორტი 7.5%-ით შემცირდა, იმპორტი კი — 1.9%-ით. ორივე მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამოუვარდება ეკონომისტების მოლოდინებს.

ამ სიახლეებმა ჩინურ კომპანიებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია — Alibaba-ს აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა, JD.com-ის — 6%-ით, ხოლო PDD Holdings-ის — დაახლოებით 5%-ით.

ჩინეთის ეკონომიკა პანდემიის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები სამომხმარებლო ხარჯებზე ნეგატიურად ზემოქმედებდა. ამასთან, ქვეყანაში ვაქცინა ნელი ტემპით გახდა ხელმისაწვდომი და ეკონომიკამ ვერ განიცადა მოსალოდნელი აღდგენა, როდესაც მთავრობამ, გასული წლის დასაწყისში, Covid შეზღუდვები გააუქმა.

Alibaba

ექსპორტის ანგარიში ხაზს უსვამს ჩინეთის სისუსტეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეკონომიკა მალე აღდგება. გარდა ამისა, პარასკევს ამერიკული კომპანიების აქციების ფასებიც შემცირდა, რადგან მსხვილმა ბანკებმა შერეული კვარტალური ანგარიშები გამოაქვეყნეს და მიანიშნეს, რომ, შესაძლოა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკაზე უკვე საგრძნობლად ზემოქმედებს.

Alibaba-ს გააჩნია მეტი საერთაშორისო ექსპოზიცია, ვიდრე ჩინური კომპანიების უმეტესობას — ფირმა ემსახურება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას Lazada-ს, ხოლო სხვა საერთაშორისო ბაზრებს AliExpress-ის მეშვეობით. თუმცა Alibaba მაინც დამოკიდებულია მომხმარებელთა და საწარმოთა მოთხოვნაზე ჩინეთის მასშტაბით, რადგან მისი ჩინური ელექტრონული კომერციის საიტები, Tmall და Taobao, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

Alibaba-მ ასევე განიცადა წარუმატებლობა, როდესაც კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Cloud Intelligence Group ჩინური ელექტრონული კომერციის ფირმის მთლიან ბიზნესს აღარ გამოეყოფოდა. აღსანიშნავია, რომ გასული მარტის ბოლოს, Alibaba-ს წარმომადგენლებმა კომპანიის ექვს ბიზნესად დაყოფის გეგმის შესახებ განაცხადეს. Alibaba-ს დაყოფა იგეგმებოდა შემდეგ განყოფილებებად: 1. Cloud Intelligence Group — ქლაუდ გამოთვლების და ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით; 2. Taobao და Tmall — კომპანიის ელექტრონული კომერციის ბიზნესები, რომლებიც შემოსავლის უმეტეს ნაწილზეა პასუხისმგებელი; 3. ადგილობრივი მომსახურება, მათ შორის საკვების მიწოდება; 4. გლობალური ციფრული ბიზნეს ჯგუფი, რომელიც შედგება უცხოეთზე ორიენტირებული ელექტრონული კომერციის ბიზნესებისგან, როგორიცაა Lazada და AliExpress; 5. Cainiao Smart Logistics — კომპანიის ჩინეთში დაფუძნებული ლოჯისტიკური ოპერაციები; 6. The Digital Media და Entertainment Group, სტრიმინგის სერვისების ჩათვლით, როგორიცაა Youku.

ინვესტორები მოუთმენლად ელოდნენ Cloud Intelligence Group-ის სპინოფს, ალბათ იმიტომ, რომ შემოსავლების ზრდის მაჩვენებლით ეს მიმართულება Alibaba-ს სხვა ბიზნესებს ჩამორჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას Alibaba-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის ექსპორტის კონტროლის ახალ წესებს და განაცხადეს: „ჩვენ გვჯერა, რომ ამ ახალმა შეზღუდვებმა შეიძლება მატერიალურად და ნეგატიურად იმოქმედოს Cloud Intelligence Group-ის უნარზე, ბაზარს შესთავაზოს პროდუქტები და სერვისები, ამასთან შეასრულოს არსებული კონტრაქტები. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს შედეგებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე“.

JD.com Alibaba-ს მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი ერთ დროს ძლიერი ზრდის ტემპი პანდემიის შემდეგ შემცირდა და კომპანიას უჭირს, კონკურენცია გაუწიოს უფრო მოსახერხებელ ონლაინ პლატფორმებს, როგორიცაა PDD Holdings-ის Pinduoduo და Bytedance, რომლებიც აგრესიულ ფასდაკლებებს მიმართავენ და JD.com-ს ბაზრის წილს ართმევენ.

JD.com

JD.com-ის შემოსავალი მეოთხე კვარტალში წლიურად მხოლოდ 3.6%-ით გაიზარდა და კომპანიას მესამე მხარის ბაზარზე ექსპანსია უჭირს.

PDD კი ამ კომპანიებს შორის ყველაზე უკეთესი წარმადობით გამოირჩევა. მისი შემოსავალი კვლავ მატულობს Pinduoduo-ს ძლიერი ზრდისა და Temu-ს წარმატებული მუშაობის წყალობით, რომელიც სწრაფად იძენს ბაზრის წილს აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე შეღავათიანი ფასების დაწესების საშუალებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ძლიერმა შედეგებმა PDD-ს აქციებს დიდი წარმატება მოუტანა, ეს ფაქტი კომპანიას არ ხდის იმუნურს ჩინეთის ეკონომიკაში არსებული პრობლემების მიმართ.

Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $71.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $104.49-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $135.00-ს, ხოლო მინიმალური — $80.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 47%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $37.97-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.52-ს. საშუალო სამიზნე ფასი JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 50%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

PDD Holdings

PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $115.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $226.00-ს, ხოლო მინიმალური — $136.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 58%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

UL Solutions

პარასკევს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ვაჭრობის პირველ დღეს, UL Solutions-ის აქციების ფასი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ხუთშაბათს, პირველადი საჯარო შეთავაზებით (IPO), $964 მილიონი მოიზიდა.

უსაფრთხოების ტესტირების აღჭურვილობის პროვაიდერმა IPO-თი გაყიდა 33.8 მილიონი აქცია — თითო $28-ად, რაც UL Solutions-ის სავარაუდო ფასის დიაპაზონშია — $26-$29.

UL Solutions

კომპანიამ სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე დაწერა: „იწყება ახალი თავი UL Solutions-ისთვის“.

UL Solutions-მა IPO 2 აპრილს დააანონსა და იმ დროისთვის მოსალოდნელი იყო ბაზრისთვის მხოლოდ 28 მილიონი აქციის შეთავაზება. კომპანიის მენეჯმენტმა მაშინ აღნიშნა, რომ ყველა აქცია გაიყიდებოდა UL Standards & Engagement-ის მიერ. ეს უკანასკნელი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც UL Solutions-ის ერთადერთი აქციონერი იყო.

კეტი ვუდის ARK Invest ფულს OpenAI-ში აბანდებს

ცნობილი გახდა, რომ კეტი ვუდის ARK Venture Fund-მა ინვესტიცია ჩადო OpenAI-ში, რითაც გაზარდა თავისი წილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმში.

პარასკევს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ARK-ის წარმომადგენლებმა კლიენტებს Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ OpenAI-ში ინვესტირების შესახებ ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს.

ARK-ში აღნიშნეს, რომ OpenAI-მ „დააფიქსირა რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ფუნდამენტურ AI კვლევაში, მათ შორის აღსანიშნავია GPT და DALLE მოდელების სერიები“. ARK Invest-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს: „OpenAI-მ გამოუშვა გენერაციული AI-ს პირველი ძირითადი სამომხმარებლო აპლიკაცია, ChatGPT, რომელმაც ისტორიაში ყველაზე სწრაფად მიაღწია 100 მილიონ აქტიურ მომხმარებელს“.

OpenAI

ARK Venture Fund ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა წამყვან AI კომპანიებში, მათ შორის Amazon-ის მიერ მხარდაჭერილ Anthropic-ში.

ARK Invest ცნობილია ახალ ტექნოლოგიებზე დიდი ფსონების გაკეთებით და ისტორიულად აბანდებს ფულს კომპანიებში, რომლებსაც ფონდის წარმომადგენლები ბაზრის ლიდერებად მიიჩნევენ.

Argan

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Argan-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. პარასკევს კი როკვილში, მერილენდში დაფუძნებული საინჟინრო ფირმის აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 27%-ით არის გაუმჯობესებული.

ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Argan-ის შემოსავალი წლიურად 38.5%-ით — $164.55 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $162.05 მილიონი). მოგება თითო აქციაზე (EPS) კი 12%-ით — $0.89-მდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.75-ს.

რაც შეეხება სრული ფისკალური წლის შედეგებს, Argan-ის შემოსავალი 26%-ით გაუმჯობესდა, ხოლო EPS 3%-ით — $2.39-მდე გაიზარდა.

Argan

Argan-ის მენეჯმენტს კონკრეტული პროგნოზები არ გამოუქვეყნებია, თუმცა აღმასრულებელმა დირექტორმა — დევიდ უოტსონმა თქვა, რომ მარაგების დონე შედარებით თანმიმდევრული დარჩა ფისკალური 2022 წლიდან, მიუხედავად, იმავე პერიოდში, შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდისა.

ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ წლის განმავლობაში Argan-ის შემოსავალი 13%-ით გაუმჯობესდება, ხოლო მოგება — 39%-ით.

Argan-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $60.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 1 ანალიტიკოსი აფასებს საინვესტიციო მრჩეველი ფირმიდან — Lake Street. მისი სამიზნე ფასი $70.00-ს შეადგენს, რომელიც აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. Lake Street Argan-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Nike-მა უოლ სტრიტის ერთ-ერთი ანალიტიკოსისგან დადებითი შეფასება მიიღო

შემდეგი

Delta Air Lines-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Delta Air Lines-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა

Delta Air Lines-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved