სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Visa-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული გადახდების კომპანიის აქციების ფასი მცირედით, 0.3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში Visa-ს შემოსავალი წლიურად 10.2%-ით — $8.8 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $8.6 მილიარდი). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 23.6%-ით მოიმატა და $2.51 შეადგინა (პროგნოზი — $2.43).
Visa-ს გადახდების მთლიანი მოცულობა 8%-ით გაიზარდა, ტრანსსასაზღვრო გადახდების მოცულობამ 16%-ით მოიმატა. Visa-ს მიერ დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობა კი 11%-ით გაუმჯობესდა.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება (%) |
---|---|---|---|---|
EPS | $2.51 | $2.43 | $2.03 | 23.6% |
შემოსავალი | $8.8 მლრდ. | $8.6 მლრდ. | $7.98 მლრდ. | 10.2% |
გადახდების მოცულობის ზრდა | 8% | არ არის ცნობილი | 7% | 14.3% |
ტრანსსასაზღვრო გადახდების მოცულობის ზრდა | 16% | არ არის ცნობილი | 16% | 0% |
დამუშავებული ტრანზაქციების ზრდა | 11% | არ არის ცნობილი | 11% | 0% |
Visa-ს ბიზნესის გააზრება
Visa, რომელიც ცნობილია თავისი საკრედიტო და სადებეტო ბარათებით, ხელს უწყობს გლობალურ ციფრულ ტრანზაქციებს, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ბიზნესებს და ბანკებს. მისი ქსელი გადახდებს 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს.
ბოლო დროს Visa ყურადღებას ამახვილებს ციფრული ტრანზაქციის უსაფრთხოების გაძლიერებაზე და დამატებითი ფასეულობების მქონე სერვისების გაფართოებაზე. კომპანიის მენეჯმენტის თქმით, ეს სფეროები გადამწყვეტია Visa-ს მომავალი ზრდისთვის და გადახდების ლანდშაფტის განვითარებასთან ადაპტირებისთვის.
საყურადღებო საკითხები
ბოლო კვარტალში Visa-მ ტექნოლოგიური კომპანია — Pismo შეიძინა. ეს ნაბიჯი ემთხვევა მენეჯმენტის ფართო სტრატეგიას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ციფრული ტრანზაქციების გაძლიერებას გულისხმობს.
მარტში Visa-მ, Mastercard-მა და იმ ბანკებმა, რომლებიც ამ კომპანიების ბარათებს უშვებენ, მიაღწიეს საეტაპო შეთანხმებას ანტიმონოპოლიურ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2005 წელს დაიწყო. მოვაჭრეები დიდი ხნის განმავლობაში ადანაშაულებდნენ Visa-სა და Mastercard-ს ბარათების გატარების საკომისიოების ხელოვნურად გაზრდაში. მიღწეული შეთანხმების მიხედვით კი, კომპანიები ამ საკომისიოებს მინიმუმ ოთხი საბაზისო პუნქტით შეამცირებენ სამი წლის განმავლობაში და უზრუნველყოფენ საშუალო განაკვეთს, რომელიც შვიდი საბაზისო პუნქტით დაბალი იქნება მიმდინარე 5-წლიან საშუალო მაჩვენებელზე.
შედეგი არის ტრანზაქციების დამუშავების საფასურის შემცირება, რომელსაც ამერიკელი მოვაჭრეები გადახდების ქსელების გამოყენებისთვის იხდიან. Visa-ს მენეჯმენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება ასახავს კომპანიის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს მცირე ბიზნესებს და გაამარტივოს გადახდის პროცესები. თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ, შესაძლოა, ამ შეთანხმებამ გავლენა იქონიოს კომპანიის შემოსავალზე.
Visa-ს მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ კომპანია $2.7 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვას და აქციონერებისთვის წლიური $2.08-ის ოდენობით დივიდენდების გადახდას აპირებს.
რას უნდა მოველოდეთ მომავალში?
Visa-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლოდინები პოზიტიური რჩება. მენეჯმენტის თქმით, კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ციფრული ბაზრის წილის გაფართოებაზე და ფინტექ პარტნიორობების გამოყენებაზე. Visa-ს ბოლო აქტივობები, მათ შორის სტრატეგიული შესყიდვები და გადახდების ტექნოლოგიის განვითარება, მას ზრდისთვის შესაბამის პოზიციაში აყენებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Visa-ს აქციებს?
Visa-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $275.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $309.96-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $335.00-ს, ხოლო მინიმალური — $265.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Visa-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Visa-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.