გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Meta Platforms-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი სოციალური მედიის გიგანტის აქციების ფასი 15%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 42%-ით გაუმჯობესდა.
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა ისაუბრა Meta-ს AI ინვესტიციებისა და ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანიის სარეკომენდაციო სისტემის შესახებ. მან ინვესტორებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ახლახან გამოშვებულ MetaAI-ზე და შეეხო ღია AI ეკოსისტემის საკითხს
მაჩვენებელი | 2024 წლის I კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის I კვ. | წლიური ცვლილება (%) |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $36.46 მლრდ. | $36.27 მლრდ. | $28.65 მლრდ. | 27% |
განზავებული EPS | $4.71 | $4.34 | $2.20 | 114% |
წმინდა მოგება | $12.37 მლრდ. | $11.35 მლრდ. | $5.71 მლრდ. | 117% |
AI ინვესტიციები ზრდის მოსალოდნელ ხარჯებს
მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ Meta ხედავს შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომლებიც კომპანიას უახლოეს პერსპექტივაში ძირითადი ბიზნესის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ეს შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე ხელს შეუწყობს Meta-ს გენერაციული AI-ის (GenAI) და კომპანიის ვირტუალური რეალობის ლაბორატორიის განვითარებას.
აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა: „ძლიერი ფინანსური მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, მხარი დავუჭიროთ ამ ინვესტიციებს, ამასთან აქციონერებს კაპიტალი დავუბრუნოთ აქციების გამოსყიდვისა და დივიდენდების გადახდის გზით“.
მარკმა აღნიშნა, რომ, ისტორიულად, კომპანიის აქციები განიცდის მერყეობას მაშინ, როდესაც Meta ინვესტიციას ახორციელებს ისეთ პროდუქტებში, რომელთა მონეტიზაციასაც მაშინვე ვერ ახერხებს. მისი თქმით, ასეთივე ფაქტს ჰქონდა ადგილი Reels-ის დანერგვის დროსაც, თუმცა ამ პროდუქტში მომხმარებლების ჩართულობა ინსტაგრამზე მათ მიერ გატარებული დროის დაახლოებით 50%-ს შეადგენს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოელის ხარჯების ზრდას ხელოვნური ინტელექტში ინვესტირების მიმართულებით, რადგან ეს აუცილებელია ამ სივრცეში პოზიციების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.
მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ 2024 წელს კაპიტალური ხარჯები $35-$40 მილიარდს მიაღწევს, რაც აღემატება ძველ მითითებებს — $30-$37 მილიარდს.
AI რეკომენდაციების გავლენა Instagram-ის კონტენტზე
აღმასრულებელმა დირექტორმა ინვესტორებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს Meta თავის AI ტექნოლოგიას რეიტინგისა და რეკომენდაციების სისტემებში ისეთი პლატფორმებისთვის, როგორებიც არის Facebook და Instagram.
„Facebook-ზე პოსტების დაახლოებით 30% მოწოდებულია ჩვენი ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციის სისტემის მიერ. ეს მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა. Instagram-ზე კი ნაჩვენები კონტენტის 50% AI-ის მიერ არის რეკომენდებული“ — თქვა მარკ ცუკერბერგმა.
მან განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციების სისტემა აუმჯობესებს ჩართულობას და, თავის მხრივ, ზრდის ფასეულობას რეკლამის განმთავსებლებისთვის.
MetaAI
ცუკერბერგმა ინვესტორებს მიაწოდა მოკლე ინფორმაცია კომპანიის ახალი AI ასისტენტის შესახებ და თქვა, რომ საწყისი გამოხმაურება ძალიან დადებითია.
Meta-მ, კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, გამოუშვა MetaAI, რომელიც აღჭურვილია კომპანიის უახლესი AI მოდელით — Llama 3-ით. ახალი AI ასისტენტი, რომელიც ინტეგრირებულია Facebook-ში, Instagram-სა და WhatsApp-ში, Meta-ს დაეხმარება, უკეთ გაუწიოს კონკურენცია Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ OpenAI-ის ChatGPT-ისა და Alphabet-ის Google Gemini ჩეთბოტს.
„MetaAI-ის გავრცელების ტემპი შესანიშნავია, რადგან ის ათობით მილიონმა ადამიანმა უკვე გამოცადა“ — განაცხადა მარკმა. მან დასძინა: „გვჯერა, რომ MetaAI არის ყველაზე ინტელექტუალური AI ასისტენტი, რომლის გამოყენებაც უფასოდ შეგიძლიათ“.
Meta მხარს უჭერს ღია ეკოსისტემას AI-ისა და ვირტუალური რეალობისთვის (VR)
მარკ ცუკერბერგი ასევე შეეხო კომპანიის სწრაფვას AI-ისა და ვირტუალური რეალობის სისტემების ღიაობისკენ.
იმაზე საუბრისას, თუ როგორ აუმჯობესებს კომპანია AI მოდელის გაწვრთნას, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: „გარკვეულ გაუმჯობესებას ღია სისტემაში ჩართული საზოგადოება მოიტანს. ვფიქრობ, რომ ხარჯების ეფექტიანობა არის ერთ-ერთი მთავარი სფერო, რომლის მიღწევაშიც ღია სისტემა დაგვეხმარება“.
მიუხედავად იმისა, რომ ღია სისტემის პოპულარიზაცია Meta-ს პირდაპირ სარგებელს არ მოუტანს, ის შეიძლება დაეხმაროს კომპანიას გავლენის მოპოვებაში და დახურული AI მოდელების მწარმოებლებთან უკეთ კონკურენციაში.
მარკმა ასევე თქვა, რომ ღია ეკოსისტემისადმი ასეთი მიდგომა Meta-ს დაეხმარება, დროთა განმავლობაში გააფართოოს ვირტუალური და შერეული რეალობების მოწყობილობების ბაზარი.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta Platforms-ის აქციებს?
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $493.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $547.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $610.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.