დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლები იწყებენ გამოძიებას Microsoft-ის (MSFT) მიერ Inflection AI-ის ყოფილი თანამშრომლების დაქირავებასთან და AI (ხელოვნური ინტელექტი) სტარტაპ კომპანიასთან დადებულ შეთანხმებებთან დაკავშირებით.
გუშინ ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (CMA) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იკვლევენ, როგორ შეიძლება Microsoft-ის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა იმოქმედოს AI ბაზრის კონკურენტულ გარემოზე. CMA-ს კვლევის ისიც არის, თუ რამდენად წარმოადგენს ტექნოლოგიური გიგანტის Inflection AI-სთან შეთანხმება რეალურად შერწყმას.
$650-მილიონიანი გარიგება
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში Microsoft-მა გადაიხადა $650 მილიონი Inflection-ის ტექნოლოგიის ლიცენზირებისთვის. ტექნოლოგიურმა კომპანიამ ასევე დაიქირავა Inflection-ის გუნდის მთავარი წევრები. სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოში კი გაჩნდა ეჭვები, რომ, შესაძლოა, ამ შეთანხმებამ შერწყმისა და შესყიდვის (M&A) ანტიმონოპოლიური წესები დაარღვიოს.
მარტში ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ AI განყოფილებისთვის დაიქირავა Inflection-ის თანადამფუძნებელი, მუსტაფა სულეიმანი და Inflection-ის მთავარი მეცნიერი, კარენ სიმონიანი. Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის AI განყოფილებას Infection-ის გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი შეუერთდა, მათ შორის ზოგიერთი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული AI ინჟინერი, მკვლევარი და დეველოპერი.
გარდა ამისა, Inflection-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Inflection-2.5, კომპანიის AI მოდელი, Microsoft Azure-ზე განთავსდება.
რეგულატორები
ამ ეტაპისთვის CMA არის ბოლო რეგულატორი, რომელმაც Microsoft-ისა და Inflection-ის გარიგებასთან დაკავშირებით გამოძიება დააანონსა.
გასულ თვეში, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC). მისმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შეიძლება თუ არა Microsoft-ის $650-მილიონიანი გარიგება Inflection-თან წარმოადგენდეს არაფორმალურ შესყიდვას, რომელიც მთავრობისგან დასტურის საჭიროებას თავს არიდებს.
აღსანიშნავია, რომ CMA უკვე ატარებს სხვა გამოძიებებს Microsoft-ისა და Amazon-ის AI პარტნიორობებთან დაკავშირებით.
Amazon-მა მილიარდობით დოლარი დააბანდა AI სტარტაპ Anthropic-ში, რაც ამაზონის ვებ სერვისების (AWS) მომხმარებლებს უზრუნველყოფს წვდომით Anthropic-ის გენერაციულ AI პროდუქტებზე. Microsoft-მა კი შეთანხმება დადო ფრანგულ AI კომპანია Mistral AI-სთან, რომლის ფარგლებშიც ამ უკანასკნელის დიდი ენობრივი მოდელები (LLM) Microsoft-ის Azure ქლაუდ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ Microsoft დამკვიდრდა, როგორც ადრეული AI ლიდერი ChatGPT-ის მწარმოებელ OpenAI-სთან უწყვეტი პარტნიორობის წყალობით. ამან კი თავიდანვე მიიპყრო სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოს ყურადღება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $441.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $502.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 33-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.