Microsoft-ისა (MSFT) და BlackRock-ის (BLK), მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მენეჯერის, წარმომადგენლებმა $30-მილიარდიანი ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის ფონდის მოზიდვის გეგმები დააანონსეს. მიზანი არის მონაცემთა ცენტრების აშენება და მასთან დაკავშირებული ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, ძირითადად აშშ-ში.
ორი კომპანია, საინვესტიციო ფირმებთან — Global Infrastructure Partners-თან და MGX-თან ერთად, მოიზიდავს საწყისი კერძო კაპიტალის დაფინანსებას ინვესტორებისგან, აქტივების მფლობელებისგან და კორპორაციებისგან.
პარტნიორობა, სახელწოდებით Global AI Infrastructure Investment Partnership (GAIIP), განახორციელებს ინვესტიციას ახალ და გაფართოებულ მონაცემთა ცენტრებში, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა გამოთვლით შესაძლებლობებზე. ამასთან ის ფულს დააბანდებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, რათა ამ ობიექტებისთვის ენერგიის ახალი წყაროები შეიქმნას.
Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის — სატია ნადელას თქმით, GAIIP არის „მოწოდებული, რომ დარწმუნდეს, AI ხელს უწყობს ინოვაციების წინსვლას და ზრდას ეკონომიკის ყველა სექტორში“.
საგულისხმოა, რომ ტექნოლოგიური გიგანტი განიცდის ზეწოლას, წარმოაჩინოს თავისი AI დანახარჯების სარგებლიანობა ინვესტორებისთვის. ივლისში Microsoft-ის წარმომადგენლებმა ინვესტორებს განუცხადეს, რომ კომპანია აპირებს, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები გაზარდოს, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნა, რომელიც, მენეჯმენტის თქმით, აღემატება Microsoft-ის ამჟამინდელ შესაძლებლობებს.
ფონდი ინვესტიციებს აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებშიც განახორციელებს
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანხის ძირითადი ნაწილი აშშ-ში AI ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდისთვის დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი მოხმარდება ინვესტიციებს აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებში.
BlackRock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ლარი ფინკმა თქვა, რომ კერძო კაპიტალის მიღება მონაცემთა ცენტრებისა და სხვა AI ინფრასტრუქტურის ასაშენებლად „გახსნის მრავალი ტრილიონი დოლარის ოდენობის გრძელვადიანი ინვესტიციის შესაძლებლობას“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე Microsoft-თან დაკავშირებით
გუშინ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავი გახდა ცნობილი: ევროკავშირის (EU) აღმასრულებელმა ორგანომ — ევროკომისიამ Microsoft-ისა და Inflection AI-ის შეთანხმებასთან დაკავშირებული ანტიმონოპოლიური გამოძიება შეწყვიტა.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ EU-ს შვიდმა წევრმა ქვეყანამ გააუქმა Microsoft-თან დაკავშირებული ანტიმონოპოლიური გამოძიების პირველადი მოთხოვნა. კომისიაში აცხადებენ, რომ ამის გამო ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ გაერთიანებული სამეფოს (UK) კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (CMA) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი დადგენილებით, Microsoft-ის (MSFT) მიერ Inflection AI-ის ყოფილი თანამშრომლების დაქირავება და AI სტარტაპთან დაკავშირებული შეთანხმებები კონკურენტული გარემოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება გარიგებას, მიმდინარე წლის დასაწყისში Microsoft-მა გადაიხადა $650 მილიონი Inflection-ის ტექნოლოგიის ლიცენზირებისთვის. ტექნოლოგიურმა კომპანიამ ასევე დაიქირავა Inflection-ის გუნდის მთავარი წევრები. სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოში კი გაჩნდა ეჭვები, რომ, შესაძლოა, ამ შეთანხმებამ შერწყმისა და შესყიდვის (M&A) ანტიმონოპოლიური წესები დაარღვიოს.
მარტში ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ AI განყოფილებისთვის დაიქირავა Inflection-ის თანადამფუძნებელი, მუსტაფა სულეიმანი და Inflection-ის მთავარი მეცნიერი, კარენ სიმონიანი. Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის AI განყოფილებას Infection-ის გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი შეუერთდა, მათ შორის ზოგიერთი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული AI ინჟინერი, მკვლევარი და დეველოპერი.
გარდა ამისა, Inflection-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Inflection-2.5, კომპანიის AI მოდელი, Microsoft Azure-ზე განთავსდება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ისა და BlackRock-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $431.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $501.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
BlackRock-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $923.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $940.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,036.00-ს, ხოლო მინიმალური — $774.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი BlackRock-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.