ბოლო ერთი თვის განმავლობაში Nvidia-სა (NVDA) და Advanced Micro Devices-ის (AMD) აქციების ფასები, შესაბამისად, 23%-ით და 28%-ით არის შემცირებული.
თუმცა, საინვესტიციო ბანკ Piper Sandler-ის ანალიტიკოსების თქმით, ბოლოდროინდელმა ვარდნამ შეიძლება ინვესტორებს ამ კომპანიების აქციების იაფად შეძენის შესანიშნავი შესაძლებლობა მისცეს, იმის გათვალისწინებით, რომ, სავარაუდოდ, ისინი ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმისგან კვლავ მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ.
Nvidia
რამდენიმე დღის წინ ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე ორიენტირებულმა ამერიკულმა ბიზნეს პუბლიკაციამ — The Information-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Blackwell AI ჩიპის გამოშვება შეიძლება, დიზაინის ხარვეზების გამო, 3 თვით ან უფრო მეტი ხნით გადაიდოს.
სამშაბათს კი Nvidia-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Blackwell-ის წარმოება განრიგით, წლის მეორე ნახევარში დაიწყება და დასძინეს: „გარდა ამისა, ჩვენ ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“.
Piper Sandler-ის ანალიტიკოსების ინტერპრეტაციით, Nvidia-ში არ მოელიან Blackwell ჩიპის გამოსვლის შეფერხებას ან მასზე რაიმე გავლენას.
ანალიტიკოსების თქმით, თუ Blackwell-ის გამოშვება გადაიდება, შეიძლება ამან დაახლოებით $1 მილიარდის მოცულობის გავლენა იქონიოს ოქტომბრის კვარტალზე, ხოლო $2-$3 მილიარდიანი — მომდევნო მეოთხედზე.
შესაძლოა, Nvidia-ს მენეჯმენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს 28 აგვისტოს, როდესაც ჩიპების მწარმოებელი გიგანტი კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს.
AMD
Piper Sandler-ის ანალიტიკოსებმა AMD-ს უწოდეს „ტოპ არჩევანი“ AI-ზე ფოკუსირებული ინვესტორებისთვის. მათ ხაზი გაუსვეს კომპანიის აქციების ზრდის პოტენციალს, სარგებელი მიიღოს როგორც Blackwell-ის შესაძლო დაგვიანებული გამოშვებისგან, ისე Intel-ის გამოწვევებისგან. ამ უკანასკნელმა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და, ხარჯების შემცირების მიზნით, სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლება დააანონსა.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების თქმით, Intel-ის გეგმები, მიაღწიოს ხარჯების დაახლოებით $10 მილიარდით შემცირებას შესაძლოა არ იყოს საკმარისი კომპანიის კონკურენტული პოზიციის მდგრადი აღდგენისთვის.
AMD-ის რომ დავუბრუნდეთ, Piper Sandler-ის ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა, უახლოეს წლებში კომპანია გაიზარდოს და AI აქსელერატორების ბაზრის უფრო დიდი წილი დაიკავოს.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Nvidia-სა და AMD-ის აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $102.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $144.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41.1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $134.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $190.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 42.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 31 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
კონტენტი მოწოდებულია საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას. ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, ამიტომ აუცილებელია, ინვესტირებამდე საკუთარი კვლევა ჩაატაროთ.