გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Salesforce-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა — 2006 წლის შემდეგ პირველად, კომპანიის კვარტალური შემოსავალი უოლ სტრიტის მოლოდინს ჩამორჩა. გარდა ამისა, მენეჯმენტმა მოსალოდნელზე სუსტი პროგნოზები გამოაქვეყნა. შედეგად, გუშინ, „After-hours”1 ვაჭრობაში, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის (CRM) კომპანიის აქციების ფასი 16%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Salesforce-ის შემოსავალი წლიურად 11%-ით — $9.13 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.15 მილიარდს.
კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $2.44-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.37).
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი წმინდა მოგებამ $1.53 მილიარდი შეადგინა, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.56 იყო. ამ მაჩვენებელმა კი გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.45-ს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში EPS-მა $0.20 შეადგინა.
მაჩვენებელი | ფისკალური 2025 წლის I კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | ფისკალური 2024 წლის I კვ. |
შემოსავალი | $9.13 მილიარდი | $9.15 მილიარდი | $8.25 მილიარდი |
განზავებული EPS | $1.56 | $1.45 | $0,20 |
წმინდა მოგება | $1.53 მილიარდი | $1.44 მილიარდი | $199 მილიონი |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Salesforce-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი $9.2-$9.25 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.35 მილიარდს.
მთელი წლის შემოსავლისთვის კი კომპანიაში შეინარჩუნეს ძველი პროგნოზი — $37.7-$38 მილიარდი.
Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ბენიოფმა ხაზი გაუსვა, რომ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქისგან დიდი სარგებლის მიღება შეუძლია. მან თქვა: „ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის არის უზარმაზარი შესაძლებლობის დასაწყისი, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით თავიანთ კლიენტებს სრულიად ახალი გზით დაუკავშირდნენ“.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Salesforce-ის აქციებს?
Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $224.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $317.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $365.00-ს, ხოლო მინიმალური — $240.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 42%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Salesforce-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.