გუშინ, ბაზრის გახსნამდე, BioNTech-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 33%-ით არის შემცირებული.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში BioNTech-ის შემოსავალი წლიდან წლამდე საკმაოდ მკვეთრად, 74%-ით — $895.3 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $837.61 მილიონს. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.72 შეადგინა და ამ მაჩვენებელმა ბევრად გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — -$0.16-ს.
BioNTech-ის მენეჯმენტის თქმით, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 79%-ით — $173.6 მილიონამდე შემცირდა. თუმცა, COVID-19-ის ვაქცინაზე მოთხოვნის კლებამ შემოსავალზე ნეგატიურად იმოქმედა. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ვაქცინის შემუშავებაში მისი პარტნიორის — Pfizer-ის მიერ ინვენტარის ჩამოწერამ გამოიწვია შემოსავლის $544.9 მილიონით კლება.
BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა — უგურ შაჰინმა აღნიშნა, რომ კომპანია მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რათა გააფართოოს პორტფელი სიმსივნისა და სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საშუალებით.
რაც შეეხება მომავალს, BioNTech-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში ვაქცინის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი $4.3 მილიარდს შეადგენს, რაც ჩამორჩება წინა პროგნოზს — $5.4 მილიარდს. BioNTech-ის მმართველმა გუნდმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია შეამცირებს კვლევისა და განვითარების (R&D) ასევე გაყიდვების, ზოგად და ადმინისტრაციულ ხარჯებს.
BioNTech-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $100.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $130.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $101.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი BioNTech-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.