გუშინ ტექნოლოგიური გიგანტის — Apple-ის აქციების ფასმა 7%-ზე მეტით მოიმატა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით არის გაუმჯობესებული.
კატალიზატორი, რომელმაც iPhone-ის მწარმოებლის აქციების ფასის აღმასვლა გამოიწვია, იყო ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებული სიახლეები, რომლებიც Apple-ის მენეჯმენტმა მსოფლიო დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე (WWDC) გაავრცელა.
დიდი ხნის ნანატრი განცხადება
ინვესტორები გასული წლის დასაწყისიდან ელოდებოდნენ Apple-ის გეგმებს, ხელოვნური ინტელექტის რევოლუციაში ჩართვასთან დაკავშირებით. ორშაბათს კი WWDC კონფერენციაზე აღმასრულებელმა დირექტორმა — ტიმ კუკმა საბოლოოდ დეტალურად აღწერა კომპანიის გეგმები და უოლ სტრიტის რეაქცია ძალიან პოზიტიური იყო.
ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო Apple Intelligence-ის დებიუტი, პერსონალური ინტელექტუალური სისტემა, რომელიც შემოდგომაზე ხელმისაწვდომი იქნება ბეტა რეჟიმში, როგორც iOS 18-ის ნაწილი iPhone 15 Pro-ზე, iPhone 15 Pro Max-ზე და iPad-ზე, ასევე Mac-ებზე M1 ან უფრო ახალი ჩიპებით. ინტელექტუალური სისტემა ეყრდნობა თითოეული მომხმარებლის მოწყობილობის კონტენტს, როგორც კონტექსტს, რათა პერსონალიზებული ინტელექტუალური დახმარება უზრუნველყოს.
Siri მიიღებს დიდი ხნის ნანატრ AI განახლებას და მას iPhone-ის სხვა აპლიკაციებთან ურთიერთობის უფრო დიდი შესაძლებლობა ექნება. ამასთან, iPhone-ში ინტეგრირებული იქნება ChatGPT, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ჩეთბოტი სპეციფიკური საკითხებისთვის გამოიყენონ. გარდა ამისა, Apple-მა წარადგინა AI-ზე მომუშავე სხვა ფუნქციები, რომელთა დებიუტიც iOS 18-ში შედგება.
უოლ სტრიტის განწყობა
ბევრ ინვესტორს Apple-თან დაკავშირებით „დაველოდოთ და ვნახოთ“ მიდგომა ჰქონდა, რადგან ისინი დაეჭვებულები იყვნენ კომპანიის მთავარი პროდუქტის — iPhone-ის გაყიდვების შემცირებით. თუმცა გუშინდელი პრეზენტაციის შემდეგ, უოლ სტრიტზე განწყობა აშკარად შეიცვალა.
Wedbush-ის ანალიტიკოსმა — დენ აივსმა Apple-ის მიმართ პოზიტიური განწყობა გამოხატა და განაცხადა, რომ, მისი ვარაუდით, ამ ახალი ფუნქციების დამატება, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, გამოიწვევს iPhone-ის განახლების ციკლს, რაც iPhone 16-ით დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, Apple-ის ზრდა უფრო მოკრძალებული იყო — დაახლოებით 13%. შედარებისთვის, დროის ამ მონაკვეთში S&P 500 ინდექსმა თითქმის 24%-ით მოიმატა. განახლების შემდეგმა ციკლმა კი შეიძლება ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად შეცვალოს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $207.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $208.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.