გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Apple-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი მცირედით, თითქმის 0.6%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის გაუმჯობესებული.
ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტიმ კუკმა ინვესტორებს მიაწოდა ინფორმაცია iPhone-ის მწარმოებლის ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობების, პერსპექტივების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Apple-ის შემოსავალი წლიურად 5%-ით — $85.78 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $84.45 მილიარდს. ტექნოლოგიური გიგანტის წმინდა მოგებამ კი $21.45 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგება თითო აქციაზე (EPS) $1.40 იყო (უოლ სტრიტის მოლოდინი — $1.35). შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, $19.88 მილიარდს და $1.26-ს შეადგენდა.
ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები ეტაპობრივად გამოვა
ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ახალი AI ფუნქციები მომხმარებლებისთვის დროთა განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი და არა — ერთდროულად.
აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ტექნოლოგიური გიგანტი აპირებს, Apple Intelligence ამერიკელი ინგლისელი მომხმარებლებისთვის შემოდგომაზე გახადოს ხელმისაწვდომი. მომავალ წელს კი ის კიდევ უფრო განვითარდება და მეტ რეგიონს მოიცავს.
კუკმა ასევე თქვა, რომ 2024 კალენდარული წლის ბოლოსთვის Apple, OpenAI-თან პარტნიორობის გზით, iPhone-ებში ChatGPT-ის ფუნქციების ინტეგრირებას გეგმავს.
Apple-მა დეველოპერებს Apple Intelligence-ის პირველი გამოცდილება კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებამდე iOS 18.1-ის ბეტა ვერსიის საშუალებით შესთავაზა.
მომხმარებლების რეკორდული ბაზა
ტიმ კუკის თქმით, Apple-ის მომხმარებლების მიერ მოწყობილობების განახლების ციკლის პროგნოზირება შეიძლება რთული იყოს. თუმცა ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტი აღფრთოვანებულია იმ ფასეულობის დონით, რომელსაც Apple Intelligence მომხმარებლებს მოუტანს.
Apple Intelligence ხელმისაწვდომი იქნება iPhone 15-ზე და უფრო ახალ მოწყობილობებზე, რამაც შეიძლება მომხმარებლებს, AI ფუნქციებზე წვდომის მოსაპოვებლად, მოწყობილობების განახლებისკენ უბიძგოს.
კუკმა ასევე განაცხადა, რომ Apple-ის მომხმარებელთა ბაზამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რამაც შეიძლება AI-ით გამოწვეული განახლების ციკლის მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდოს.
სავარაუდოდ, Apple iOS 18-ით აღჭურვილ iPhone 16-ს სექტემბერში გამოუშვებს, რასაც AI შესაძლებლობების გამოსვლაც მოჰყვება.
სერვისების სეგმენტი
მას შემდეგ, რაც Apple-მა მესამე კვარტალში თავისი სერვისების სეგმენტში რეკორდული შემოსავალი დააფიქსირა, კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მეოთხე კვარტალში ორნიშნა პროცენტულ ზრდას მოელის.
Apple-ში განაცხადეს, რომ მესამე კვარტალში სერვისების სეგმენტის შემოსავალი წლიურად 14%-ით — $24.21 მილიარდამდე გაიზარდა. ამის საპირისპიროდ, პროდუქტების გაყიდვები წლიურად დაახლოებით 1.6%-ით გაიზარდა — iPad-ისა და Mac-ის გაყიდვებმა მოიმატა, ხოლო iPhone-ების გაყიდვები დაახლოებით 1%-ით შემცირდა.
გაუმჯობესებები ჩინეთში ფასების დაკლების ფონზე
მესამე კვარტალში ჩინეთში Apple-ის გაყიდვები წლიურად 6.5%-ით შემცირდა, თუმცა ტიმ კუკმა თქვა, რომ აქედან დაახლოებით 3% ვალუტის კურსთან იყო დაკავშირებული. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მიუხედავად ამისა, რეგიონში გაუმჯობესების ნიშნებია 2024 ფისკალური წლის პირველ ნახევართან შედარებით. ეს კი მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ბოლოდროინდელმა ფასდაკლებებმა შედეგი გამოიღო.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $218.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $246.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.