გუშინ Amazon-ის აქციების ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელექტრონული კომერციის გიგანტი Dow Jones Industrial Average-ს შეუერთდება და ინდექსში სააფთიაქო ქსელს — Walgreens Boots Alliance-ს ჩაანაცვლებს.
წლის დასაწყისიდან Amazon-ის აქციების ფასი 12%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.სამშაბათს S&P Dow Jones Indices-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები ძალაში მომავალ ორშაბათს შევა.
S&P-ში აღნიშნეს, რომ ამ ცვლილებებს ბიძგი მისცა Walmart-ის მენეჯმენტის მიერ აქციების 1/3 პროპორციით დაყოფის დაანონსებამ, რომელიც ასევე მომავალ კვირაში შედის ძალაში. S&P Dow Jones Indices-ის წარმომადგენლების თქმით, ეს ამერიკის ეკონომიკის განვითარებას ასახავს.
ლურჯი ჩიპის აქციებით დაკომპლექტებულ ინდექსს თვალს ადევნებენ ინდივიდუალური ინვესტორები და მასში მსხვილი ინდუსტრიული კომპანიები დომინირებენ. Amazon-ის დამატება კი ინდექსში ტექნოლოგიური აქციების კონცენტრაციას გაზრდის.
Amazon ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიაა, რომელმაც დიდი გზა გაიარა 1994 წლიდან, როდესაც მისი ბიზნესი მხოლოდ წიგნების ონლაინ გაყიდვით შემოიფარგლებოდა.
თუმცა ჯეფ ბეზოსი, Amazon-ის დამფუძნებელი, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანი, ბოლო პერიოდში ამაზონის აქციებს ყიდის. ბეზოსმა თვის დასაწყისიდან მთლიანობაში Amazon-ის 50 მილიონი აქცია გაყიდა.
გუშინდელი სიახლის შემდეგ Walgreens Boots Alliance-ის აქციების ფასმა 2%-ზე მეტით დაიკლო. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის შემცირებული.
ანალიტიკოსების შეფასებები
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $169.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $208.10-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $175.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.4%-იან ზრდას გულისხმობს.
Walgreens Boots Alliance-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $22.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $24.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $37.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walgreens Boots Alliance-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.