გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Amazon-მა 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. After-hours”1 ვაჭრობაში კი ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ მეოთხედში Amazon-ის შემოსავალი წლიურად 12.52%-ით — $143.31 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $142.65 მილიარდი). მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) კი 216.13%-იანი მატება განიცადა და $0.98-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.84).
მაჩვენებელი | 2024 წლის I კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის I კვ. | წლიური ცვლილება (%) |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $143.31 მლრდ. | $142.63 მლრდ. | $127.36 მლრდ. | 12.52% |
განზავებული EPS | $0.98 | $0.84 | $0.31 | 216.13% |
წმინდა მოგება | $10.43 მლრდ. | $8.95 მლრდ. | $3.17 მლრდ. | 229.02% |
კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Amazon-ის აღმასრულებლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს კომპანიის ბიზნესზე ხელოვნური ინტელექტი (AI), რეკლამების გაშვება Prime Video-ზე და ა. შ.
Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის — ენდი ჯასის ბევრი კომენტარი ასახავს იმ მოსაზრებებს, რომლებიც მან აქციონერებისათვის განკუთვნილ ყოველწლიურ წერილში გააჟღერა — მათ შორის არის ოპტიმიზმი ხელოვნური ინტელექტის მიმართ და პროგრესი, რომელსაც Amazon-მა თავისი შენახვის ქსელის რეგიონალიზაციაში მიაღწია.
სხვა თემები, რომლებსაც ენდი ჯასი და ფინანსური დირექტორი — ბრაიან ოლსავსკი შეეხნენ, მოიცავდა Amazon-ის სასურსათო სეგმენტის ზრდას, Amazon Fresh მაღაზიების ახალი ვერსიების გაშვებას და უფრო მცირე კონცეფციას — Whole Foods-ს, რომელიც ამ წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი ნიუ-იორკში, სახელწოდებით Whole Foods Market Daily Shop.
AI ზრდის AWS-ის შემოსავალს
ენდიმ თქვა, რომ ამაზონის 100 000-ზე მეტმა პარტნიორმა, რომელიც პროდუქტების გაყიდვით არის დაკავებული, კომპანიის მინიმუმ ერთ-ერთი გენერაციული AI აპლიკაცია გამოიყენა.
აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ გენერაციული AI კომპანიას უზრუნველყოფს მრავალი პოტენციური შემოსავლის ნაკადით, დაწყებული Amazon Bedrock-ით, რომელიც ფირმებს საშუალებას აძლევს, საკუთარი გენერაციული AI აპლიკაციები არსებული ფუნდამენტური მოდელების გამოყენებით შექმნან, დამთავრებული Amazon Q-თი, რომელიც AI-ით აღჭურვილ ასისტენტს წარმოადგენს. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიზნესისა და კოდირების სხვადასხვა მიზნისთვის.
მოსალოდნელია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში AI ინვესტიციები შედეგებს გამოიღებს
სხვა ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებლების მსგავსად, რომლებმაც კვარტალური ანგარიშები გასულ კვირაში გამოაქვეყნეს (Meta Platforms, Microsoft, Alphabet), ენდიმ და ბრაიანმა ინვესტორები დაარწმუნეს, რომ AI-ში ინვესტირების ხარჯები სასურველ შედეგებს გამოიღებს.
„ჩვენ არ ვხარჯავთ კაპიტალს, თუ არ გვაქვს მკაფიო სიგნალები, რომ კონკრეტული მიმართულებების მონეტიზაცია შეგვიძლია” — განაცხადა ენდიმ.
აღმასრულებლების თქმით, AI-სთან დაკავშირებული ინვესტიციების ხარჯები, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში შემცირდება.
Prime Video რეკლამები
კომპანიას არ წარმოუდგინა კონკრეტული მაჩვენებლები, რომლებიც Prime Video-ს სარეკლამო შემოსავალთან არის დაკავშირებული, მაგრამ ენდი ჯასიმ თქვა, რომ მენეჯმენტი გამხნევებულია ადრეული შედეგებით.
პირველ კვარტალში Prime Video რეკლამებით გახდა ნაგულისხმევი ვარიანტი მომხმარებლებისთვის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და სხვა რეგიონებში. მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ეს ცვლილება უფრო მეტ ბაზარს მოიცავს. აშშ-ში Amazon Prime-ის წევრებისთვის ურეკლამო ვარიანტი თვეში დამატებით $2.99 ღირს.
ენდი ჯასის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა Prime Video-სთვის, რაც Amazon-ს, გრძელვადიან პერსპექტივაში, შემოსავლის გაზრდაში დაეხმარება.
რეგიონალიზაციამ მიწოდება დააჩქარა
გასული წლის განმავლობაში ამაზონმა შეცვალა პროდუქტის შენახვის მოდელი — კომპანიამ აშშ-ის მასშტაბით თავისი სასაწყობო ქსელი რეგიონებად დაყო, რაც ხელს უწყობს უფრო სწრაფ მიწოდებას.
აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ მარტში, Prime შეკვეთების თითქმის 60% მიწოდებულ იქნა იმავე დღეს ან ერთ დღეში, რადგან კომპანია ასევე აფართოებს „იმავე დღეს მიწოდების“ საწყობების ქსელს, სადაც ათასობით ყველაზე ხშირად შეკვეთილი ნივთი ინახება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $175.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $213.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $235.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს.
Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.