გუშინ Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ენდი ჯასიმ გამოაქვეყნა კომპანიის აქციონერებისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც მოიცავს მთელ რიგ საკითხებს ამაზონის ბიზნესის შესახებ, დაწყებული ხელოვნური ინტელექტით (AI), დასრულებული საწყობების ქსელის რეგიონალიზაციის უპირატესობებით.
ენდის თქმით, „გენერაციული AI შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ღრუბლოვანი სივრცის (რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა) და, შესაძლოა, ინტერნეტის შემდეგაც“. აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა უფრო რეგიონალიზებულ სასაწყობო ქსელზე გადასვლასაც, რამაც კომპანიას შეკვეთების უფრო სწრაფად შესრულების საშუალება მისცა.
ენდიმ ასევე დაწერა, რომ Amazon-მა მიიღო მნიშვნელოვანი სარგებელი ხარჯების შემცირების მცდელობებისგან და კომპანიის მენეჯმენტი გეგმავს გააგრძელოს ბიზნესის იმ სფეროების იდენტიფიცირება, რომლებშიც მომავალში იმავეს მიღწევაა შესაძლებელი.
Amazon-ის წარმომადგენლებს ჯერ არ გამოუცხადებიათ პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების თარიღი, მაგრამ კომპანია ამას ჩვეულებრივ აპრილის ბოლოს აკეთებს. აქციონერთა ყოველწლიური ღონისძიების ჩატარება კი 22 მაისს იგეგმება.
ღირებულება, რომელიც შეიძლება AI-მ ბიზნესს შესძინოს
ენდი ჯასიმ წერილის ნაწილი ხელოვნური ინტელექტისა და კონკრეტულად გენერაციული AI-ის მიმართ თავისი აღფრთოვანების გამოხატვას დაუთმო.
Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, AI-ის პოტენციური ზემოქმედება სამ ფენად იყოფა. ქვედა ფენა მოიცავს ფუნდამენტურ მოდელებს, რომლებიც აძლიერებენ AI პროდუქტებს. მათში Amazon ინვესტიციას ახორციელებს ახალი ტიპის ჩიპების შექმნის გზით, რომლებიც AI მოდელების ოპერირებისა და გაწვრთნისთვის გამოიყენება. ენდიმ აღნიშნა, რომ Anthropic და Airbnb არიან კომპანიები, რომლებიც უკვე იყენებენ ამაზონის ჩიპებს თავიანთი AI პროდუქტების გასაძლიერებლად.
შუა ფენა მოიცავს მომხმარებლებს, რომლებიც იყენებენ Amazon-ის ფუნდამენტურ მოდელებს და ღრუბლოვან სერვისებს საკუთარ მონაცემებთან ერთად, რათა შექმნან გენერაციული AI აპლიკაცია, რომელიც მათ საჭიროებებს შეესაბამება. კომპანია ამაში ინვესტირებას ახორციელებს Amazon Bedrock-ის მეშვეობით, რომელსაც, ჯასის თქმით, გაშვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ათობით ათასი მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის არიან Delta Air Lines, Intuit და Pfizer.
ზედა ფენა, რომელსაც ენდიმ აპლიკაციების ფენა უწოდა, მოიცავს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებს, რომლებთანაც მომხმარებლები ინტერაქციაში შედიან. მათ შორის არის Amazon-ის Alexa; Rufus — კომპანიის ახალი სავაჭრო ასისტენტი და Amazon Q — მისი კოდირების ასისტენტი.
ხარჯების შემცირების გეგმა მუშაობს და გაგრძელდება
2023 წელს ამაზონის მენეჯმენტის მიერ დანერგილმა ხარჯების შემცირების მცდელობებმა შედეგი გამოიღო. ჯასიმ აღნიშნა, რომ გასულ წელს კომპანიის საოპერაციო ზღვარმა 6.4% შეადგინა, წინა წლის 2.4%-თან შედარებით. აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ 2018 წლის შემდეგ პირველად, Amazon-ის მომსახურების ღირებულებამ დაიკლო პროდუქტების უმეტესობისთვის გადაზიდვის მანძილის შემცირების წყალობით. ეს კი გამოიწვია იმან, რომ კომპანია პროდუქტების შენახვის მეთოდების რეგიონალიზაციაზე ფოკუსირდა.
რეგიონალიზაციის სტრატეგიამ სწრაფი შეკვეთების რაოდენობა გაზარდა
გადაზიდვის ხარჯები ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან კომპანია გადავიდა რეგიონალურ მოდელზე. ათასობით ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ინახება აშშ-ის რამდენიმე რეგიონის კონკრეტულ საწყობებში, რაც აადვილებს შეკვეთების სწრაფად შესრულებას. ენდი ჯასიმ თქვა, რომ 2023 წელს 7 მილიარდზე მეტი პროდუქტი იქნა მიწოდებული იმავე ან მეორე დღეს, რომელთაგან 4 მილიარდზე მეტი აშშ-ზე მოდის.
ზრდის სფეროები იდენტიფიცირებულია Amazon-ის თითოეულ ძირითად ბიზნესში
წერილში ენდი ჯასიმ აღნიშნა სფეროები, რომლებშიც ამაზონის ყველა ძირითადი ბიზნესს შეუძლია გაუმჯობესება. მისი აზრით, ფიზიკური საცალო ვაჭრობის სამყარო კვლავ შემცირდება და ხალხი უფრო მეტად კონცენტრირდება ონლაინ შესყიდვებზე განსაკუთრებით მაშინ, თუ ამაზონი შეძლებს, გააგრძელოს ფასდაკლებები და მომხმარებლებისთვის დაბალი ფასების შეთავაზება, მაგალითად, როგორც Prime Big Deal დღეებში და შავ პარასკევს.
ამასთან, ამაზონის ვებ სერვისებს (AWS) შეუძლია ზრდა განაგრძოს, რადგან სულ უფრო მეტი ბიზნესი ორიენტირდება მონაცემების ქლაუდ სივრცეში შენახვაზე. AWS ასევე ისარგებლებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სამყაროსთან კავშირით. გარდა ამისა, ენდი ჯასი მიიჩნევს, რომ Prime Video შეიძლება დიდი და მომგებიანი ბიზნესი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ამაზონი წელს Thursday Night Football-ის მაუწყებლობის მესამე სეზონს იწყებს და ბოლო თვეებში ამ სერვისში რეკლამების დანერგვა შეიძლება კიდევ ერთი გრძელვადიანი შემოსავლის ნაკადად იქცეს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $189.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $210.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $175.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას გულისხმობს.
Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.