ლეგენდარულმა ინვესტორმა — უორენ ბაფეტმა, თავის ბიზნეს პარტნიორ ჩარლი მანგერთან ერთად, ტექსტილის მწარმოებელი დასუსტებული ფირმა, Berkshire Hathaway მასიურ და დივერსიფიცირებულ ჰოლდინგურ კომპანიად გარდაქმნა. ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $888 მილიარდს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ Berkshire Hathaway-ის მართვისას უორენ ბაფეტი ყოველთვის ნიჭიერ და საიმედო მენეჯერებს ეყრდნობოდა. 1989 წელს კომპანიის აქციონერებისათვის განკუთვნილ წერილში ინვესტორი ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან პირად წესზე, რომელმაც, ბაფეტის აზრით, მისი წარმატება განაპირობა. ინვესტორი ამბობს, რომ რამდენიმე შეცდომის დაშვების შემდეგ ისწავლა ბიზნესში შესვლა მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ენდობა — „ცუდ ადამიანთან კარგი გარიგების დადება არასდროს გამოგვსვლია“.
ნიშანი, რომელიც „ცუდი“ მენეჯერის გამოვლენაში დაგეხმარებათ
უორენ ბაფეტის აზრით, „ცუდი“ მენეჯერი არის ის, რომელიც კეთილსინდისიერებით არ ხელმძღვანელობს.
კეთილსინდისიერება ბაფეტის ბიზნეს პრაქტიკის აუცილებელი ასპექტია, ამიტომ ინვესტორი ადამიანების დასაქმებისას ამ თვისებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. იგი ამბობს: „კადრების ძებნისას ყურადღებას ვამახვილებთ სამ თვისებაზე: კეთილსინდისიერება, ენერგია ან ინიციატივა და ინტელექტი. თუ მათ არ ექნებათ პირველი, დანარჩენი ორი გაგანადგურებთ, რადგან თუ სამსახურში არაკეთილსინდისიერ ადამიანს აიყვანთ, სჯობს, იგი ზარმაცი და სულელი იყოს“.
კარიერის განმავლობაში ლიდერები შეიძლება წააწყდნენ ისეთ ეგოისტ მენეჯერებს, რომლებიც, პირადი სარგებლისთვის, სხვებით მანიპულირებენ ნაცვლად გუნდურად თამაშისა და ორგანიზაციის მისიის მსახურებისა. ლიდერებს ასეთი ქცევები არ უნდა გამოეპაროთ და ხელი უნდა შეუწყონ ისეთი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებას, რომელიც შრომისმოყვარეობასა და პატიოსნებას აფასებს.
ბაფეტის აქცენტი კეთილსინდისიერებაზე მხოლოდ მორალს არ ეფუძნება. ამ თვისებას, გადაწყვეტილების მიღებასა და გრძელვადიან წარმატებაზე, შორის მიმავალი გავლენა გააჩნია. ლეგენდარული ინვესტორი მიიჩნევს, რომ როდესაც კომპანიის ლიდერები და თანამშრომლები მუშაობისას კეთილსინდისიერებით ხელმძღვანელობენ, ისინი ორგანიზაციისთვის უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ.
აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტი და ჩარლი მანგერი, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას, ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ კომპანიის ეთიკურობას. მანგერი და ბაფეტი სამიზნე კომპანიების ბიზნეს ოპერაციებს დეტალურად აანალიზებდნენ — ისინი ეძებდნენ ფირმებს, რომლებსაც ზრდის შესანიშნავ პოტენციალთან ერთად, ეთიკური ბიზნეს მოდელები გააჩნდათ.