გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Nvidia-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჩიპების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 1%-ით შემცირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტლის ფინანსური შედეგების წარდგენამდე ერთი დღით ადრე ამ მაჩვენებელმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან კი Nvidia-ს აქციების ფასი დაახლოებით 249%-ით არის გაუმჯობესებული.
Nvidia-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 206%-ით — $18.1 მილიარდამდე გაიზარდა მონაცემთა ცენტრის უზარმაზარი ზრდის ფონზე. ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს $2.01 მილიარდით გადააჭარბა. წმინდა მოგებამ კი 1.274%-ით მოიმატა და $9.2 მილიარდი შეადგინა, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $3.71 იყო (პროგნოზი — $3.02). კორექტირებულმა EPS-მა კი $4.02-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.39).
ფირმის მონაცემთა ცენტრის ბიზნესი საკვანძოა კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ პოპულარულ სერვისებს, როგორიცაა ქლაუდი და AI. Nvidia-ს ამ მიმართულებამ კი სტრატოსფერულ სიმაღლეებს მიაღწია. ბოლო კვარტალში, მონაცემთა ცენტრის შემოსავალმა რეკორდული $14.51 მილიარდი შეადგინა, გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ $3.8 მილიარდთან შედარებით. ეს მაჩვენებელი ასევე აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.7 მილიარდს.
ჩიპების მწარმოებლებს შორის Nvidia არის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია, რომელიც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესის მუდმივი მატებით მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებას შეძლებს. Nvidia-ს პროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა და კომპანია AI ჩიპების ბაზარზე 95%-მდე წილს იკავებს.
ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ექსპორტის კონტროლი, რამაც შეიძლება შეზღუდოს ჩიპების მწარმოებლის შესაძლებლობა, მიაწოდოს პროდუქტები ჩინეთს, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზარს. Nvidia-ს მიერ მაინც ძლიერი შედეგების დაფიქსირება კი განპირობებულია იმით, რომ კომპანიამ სწრაფად შეიმუშავა პროდუქციის ახალი კომპლექტი, რომელიც შექმნილია ჩინეთის ბაზრისთვის და, ამავდროულად, აშშ-ის ექსპორტის შეზღუდვების შესაბამისად.
რაც შეეხება მომავალს, Nvidia-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში ჩიპების მწარმოებლის შემოსავალი $20 მილიარდს ან უფრო მეტს მიაღწევს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა, როგორც ჩანს, ინვესტორებს კიდევ უფრო მაღალი მოლოდინები ჰქონდათ.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $499.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $655.43-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.