• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ნოემბერი 22, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Hibbett, Trip.com, Symbotic და Jacobs Solutions.

Hibbett

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Hibbett-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა და მთელი წლისთვის პროგნოზები გაზარდა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სპორტული პროდუქციით საცალო მოვაჭრის აქციების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის შემცირებული.

გასულ კვარტალში Hibbett-ის შემოსავალმა $431.92 მილიონი შეადგინა, რამაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $415.61 მილიონს გადააჭარბა.

კომპანიის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიდან წლამდე 2.7%-ით შემცირდა, რაც ბევრად უკეთესი შედეგია, ვიდრე გასულ კვარტალში დაფიქსირებული 7.3%-იანი ვარდნა. აღსანიშნავია, რომ კვარტალური ანგარიში გუშინ კონკურენტმა — Dick’s Sporting Goods-მაც წარადგინა და მისი comps 1.7%-ით გაიზარდა, რაც ასევე აღემატებოდა პროგნოზს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, მყიდველები ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე მოსალოდნელია, ზოგადად, ორივე კომპანიის სასარგებლოდ.

საოპერაციო დისციპლინისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით საოცრად ძლიერი გაყიდვების მეშვეობით, Hibbett ასევე კარგ მომგებიანობას ავლენს. გარდა ამისა, მესამე კვარტალში აქციების გამოსყიდვის საშუალებით, კომპანიამ შეძლო თავისი EPS (მოგება თითო აქციაზე) $2.05-მდე გაეზარდა, რაც აღემატება, როგორც გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს — $1.94-ს, ასევე ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.18-ს.

Hibbett

გაყიდვებისა და EPS-ის მოსალოდნელზე უკეთესმა ზრდამ გუშინ ბაზარი Hibbett-ის აქციების მიმართ პოზიტიურად განაწყო.

რაც შეეხება მომავალს, Hibbett-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში EPS $8-$8.30-ს შეადგენს (წინა პროგნოზი — $7-$7.75), რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია იმ აქციისთვის, რომლის ფასიც დაახლოებით $59-ს შეადგენს.

EPS-ის მიმართ Hibbett-ის გაუმჯობესებული პერსპექტივა ნაწილობრივ აქციის დაბალი ფასით არის განპირობებული. მენეჯმენტმა შეძლო იმაზე მეტი აქციის გამოსყიდვა, ვიდრე ადრე მოსალოდნელი იყო, ამან კი აქციონერების მოგება გაზარდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Hibbett-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $59.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $59.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Hibbett-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგ, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Trip.com

ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Trip.com-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა ეს ფაქტი ანალიტიკოსის ნეგატიურმა შეფასებამ გადაფარა და გუშინ ჩინური ტურისტული ვებგვერდის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის დაკლებული.

Trip.com-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე თითქმის გაორმაგდა და $1.9 მილიარდი შეადგინა. ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს $52.62 მილიონით გადააჭარბა. კორექტირებულმა EPS-მა კი $1.01 შეადგინა (პროგნოზი — $0.67). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS $0.95 იყო (პროგნოზი — $0.56).

Trip.com-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ კვარტლის განმავლობაში კომპანიის საშინაო და საერთაშორისო ბიზნესი მტკიცე აღდგენას განაგრძობდა. შიდა სასტუმროების ჯავშნები წლიდან წლამდე 90%-ზე მეტით გაიზარდა, 2019-ის იმავე კვარტალთან (Covid-ის დაწყებამდე) შედარებით კი — 70%-ზე მეტით.

Trip.com

ჩინეთის საზღვრებს გარეთ სასტუმროებისა და ფრენის ჯავშნები ასევე აღდგა COVID-მდე არსებული დონის დაახლოებით 80%-მდე, რაც ფართო ინდუსტრიის მაჩვენებელს — 50%-ს აჭარბებს.

„ეს აჩვენებს, თუ რამდენად დიდი სურვილი აქვთ მოგზაურებს, გამოიკვლიონ სამყარო“ — განაცხადა Trip.com-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ — ჯეიმს ლიანგმა.

მიუხედავად ამისა, საინვესტიციო ბანკის — Nomura-ს ანალიტიკოსებმა Trip.com-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალეს, ხოლო სამიზნე ფასი $48-დან $41-მდე შეამცირეს. მათი აზრით, შიდა მოგზაურობის მაჩვენებელმა უკვე პიკს მიაღწია. Nomura-ს ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ შეიძლება მომდევნო კვარტლებში ჩინეთის ტურისტული ინდუსტრია დასუსტდეს, რადგან ქვეყანაში მომხმარებლები უფრო ფრთხილები გახდებიან თავიანთი ხარჯების მიმართ.

Trip.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $33.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $50.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $57.00-ს, ხოლო მინიმალური — $41.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Trip.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 52.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Symbotic

ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Symbotic-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი საწყობის ავტომატიზაციის კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — 40%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 333%-ით არის გაუმჯობესებული.

ფისკალურ მეოთხე კვარტალში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, Symbotic-მა გამოიმუშავა რეკორდული შემოსავალი, რომელიც წლიდან წლამდე 61%-ით — $392 მილიონამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად გადააჭარბა როგორც მენეჯმენტის მოლოდინს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად,  $310 მილიონს და $299.7 მილიონს შეადგენდა. მთელი ფისკალური წლის შემოსავალი კი 98%-ით — $1.18 მილიარდამდე გაიზარდა.

გარდა ამისა, Symbotic-ის კორექტირებულმა EBITDA-მ (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $13 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიის ზარალმა $20 მილიონს მიაღწია. შედეგად, კომპანიის კორექტირებულმა EPS-მა $0.00 შეადგინა, უოლ სტრიტის პროგნოზი კი -$0.01 იყო.

Symbotic

Symbotic-ის საოპერაციო ფულადმა ნაკადებმა $44.5 მილიონს მიაღწია.

ძლიერი შედეგების მიღწევაში კომპანიას დაეხმარა GreenBox — Symbotic-ის ერთობლივი საწარმო SoftBank-თან — რომელიც გასულ კვარტალში საწყობის ავტომატური სერვისების მიწოდების ჯაჭვში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოსაყენებლად დაარსდა.

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ მნიშვნელოვანი ზრდა გაგრძელდება და ფისკალურ პირველ კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე საშუალოდ 75%-ით — $360 მილიონამდე გაიზრდება.

Symbotic-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $52.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $61.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $70.00-ს, ხოლო მინიმალური — $55.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Symbotic-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Jacobs Solutions

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Jacobs Solutions-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი პროფესიული მომსახურების ფირმის აქციების ფასი თითქმის 9%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის გაუმჯობესებული.

Jacobs Solutions არის ამერიკული საერთაშორისო ტექნიკური პროფესიული მომსახურების ფირმა. კომპანია უზრუნველყოფს საინჟინრო, ტექნიკურ, პროფესიულ და სამშენებლო მომსახურებას, ასევე სამეცნიერო და სპეციალიზებულ კონსულტაციას კლიენტთა ფართო სპექტრისთვის გლობალურად, მათ შორის კომპანიებისთვის, ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებებისთვის.

Jacobs-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 10.5%-ით — $4.29 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.21 მილიარდი). ხოლო კორექტირებულმა მოგებამ უწყვეტი ოპერაციებიდან 5.6%-ით მოიმატა და თითო აქციაზე $1.90 შეადგინა (პროგნოზი — $2.03).

Jacobs-ის Critical Missions Solutions სეგმენტის შემოსავალი წლიდან წლამდე 26.4%-ით — $102.9 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო კომპანიის People & Places Solutions მიმართულების გაყიდვებმა 11.7%-ით მოიმატა და $256.2 მილიონი შეადგინა. ამავდროულად, Jacobs-ის პატარა Divergent Solutions სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 58%-ით — $24.1 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო PA Consulting ბიზნესმა დააფიქსირა 20.5%-იანი ზრდა $59.5 მილიონამდე.

Jacobs Solutions

გარდა ამისა, Jacobs Solutions-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აპირებს, გამოყოს და დააკავშიროს თავისი Critical Missions Solutions სეგმენტი და Cyber & Intelligence ბიზნესი (რომელიც ამჟამად Divergent Solutions სეგმენტის ნაწილია). ეს ორი ბიზნესი გაერთიანდება Amentum-თან, გლობალური საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტების წამყვან პროვაიდერთან, შექმნის ახალ საჯარო კომპანიას, რომელიც ორიენტირებული იქნება სამთავრობო მომსახურების სექტორზე.

ამ გარიგების დასრულებისთვის ჯერ კიდევ საჭიროა დასტური მარეგულირებლების მხრიდან, მაგრამ ის არ საჭიროებს Jacobs Solutions-ის აქციონერების თანხმობას. თუ ვივარაუდებთ, რომ მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდება, ტრანზაქცია, სავარაუდოდ, ფისკალური 2024 წლის მეორე ნახევარში დაიხურება.

Jacobs Solutions-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $125.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $153.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $149.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Jacobs Solutions-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

Amazon-ის თანამშრომლები ესპანეთში „კიბერ ორშაბათს“ გაფიცვას გეგმავენ

შემდეგი

Nvidia-ს კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს საგრძნობლად გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
შესაძლოა, Nvidia-მ $5 მილიარდი დაკარგოს

Nvidia-ს კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს საგრძნობლად გადააჭარბა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved