თუ შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, დღევანდელ საფონდო ბირჟაზე შეგიძლიათ დივიდენდური აქციები შემცირებულ ფასად შეიძინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ივლისი ბაზრისთვის უკეთესი თვე იყო, S&P 500 ამ წლისთვის 13%-ით არის შემცირებული. ზოგიერთი აქცია ამაზე ბევრად მეტად არის შემცირებული.
დღეს განვიხილავთ სამ დივიდენდურ აქციას, რომლის შეძენაც ამ თვეში ღირს: Medical Properties Trust, TC Energy და Western Union.
- Medical Properties Trust
6.7%-იანი დივიდენდური სარგებელი შეიძლება ზედმეტად კარგი ჩანდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ S&P 500-ის სარგებელი საშუალოდ მხოლოდ 1.6%-ს შეადგენს. თუმცა, ეს ჯანდაცვის სფეროზე ორიენტირებული უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი (REIT) ზოგადად სტაბილური დივიდენდური აქციაა. პანდემიის ადრეულ ეტაპებს მიღმა, Medical Properties-მა დივიდენდების კვარტალური გადახდების მხარდასაჭერად საკმარისზე მეტი თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) გამოიმუშავა. ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს, თუ რამდენი FCF დარჩა მას დივიდენდების გადახდის შემდეგ:
ახლა, როდესაც საავადმყოფოები ჩვეულებრივ ყოველდღიურ ოპერაციებს განაახლებს, Medical Properties-ის პორტფელი უფრო ძლიერად და სტაბილურად გამოიყურება, ვიდრე ადრე. გარდა ამისა, კომპანია წლების განმავლობაში სოლიდური მზარდი პოტენციალის აქციას წარმოადგენდა. 2018 წელს კომპანიის მიერ დაფიქსირებული $780 მილიონის მოცულობის შემოსავალი შარშან გაორმაგდა და $1.5 მილიარდს მიაღწია.
Medical Properties-მა ამ კვირაში მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რამაც დივიდენდების უსაფრთხოება დაადასტურა. 30 ივნისს დასრულებული პერიოდისთვის $400 მილიონის მოცულობის შემოსავალი წლის განმავლობაში 4.8%-ით გაიზარდა, ასევე, ოპერაციებიდან მიღებული სახსრები თითო აქციაზე – $0.46 31%-ით გაიზარდა, რადგან REIT-მა ამ კვარტალში საშემოსავლო გადასახადების დაბალი ხარჯებით ისარგებლა. ეს 59%-ით მეტია, ვიდრე $0.29 თითო აქციაზე, რომელსაც კომპანია დივიდენდების სახით გასცემს.
საერთო ჯამში ეს სოლიდური დივიდენდური აქციაა და მისი ფასი წელს 29%-ით დაეცა. ეს კარგი შანსია დივიდენდურ აქციებზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის, რადგან კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კვლავ მყარია. 9-ის ტოლი ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტიდან გამომდინარე, ასევე, ის შედარებით იაფი აქციაა – S&P 500-ის საშუალო ფორვარდული P/E 18-ს შეადგენს.
- TC Energy
TC Energy ამ სიაში ყველაზე წარმატებული აქციაა, რადგან მისი ფასი წელს 13%-ით გაიზარდა. კომპანია ჩრდილოეთ ამერიკაში ენერგიის ტრანსპორტირებასა და შენახვას უზრუნველყოფს. მისი შემოსავლის ძირითადი ნაწილი ბუნებრივი აირის მილსადენებიდან მოდის.
ნავთობის ფასების იმ დონემდე მატების ფონზე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, კომპანია წარმატებულად მოღვაწეობს, თუმცა TC Energy ამაზე მეტია. ეს არის სტაბილური აქცია, რომელსაც შეუძლია კარგი წარმადობა იმ შემთხვევაშიც შეინარჩუნოს, თუ ნავთობის ფასი დაეცემა. კომპანიას თავის პორტფელში აქვს გრძელვადიანი, რეგულირებული კონტრაქტები, რაც მას, ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებთან შედარებით, მეტი სტაბილურობით უზრუნველყოფს.
გარდა იმისა, რომ აქციების 5.2%-იანი დივიდენდური სარგებელი შთამბეჭდავად გამოიყურება, მენეჯმენტი მისი გაზრდისკენ არის მიდრეკილი. კომპანიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ TC Energy შეძლებს გაზარდოს EBITDA (მოგება პროცენტამდე, გადასახადებამდე, ცვეთამდე და ამორტიზაციამდე) წელიწადში 5%-ით 2026 წლამდე, რაც, მათი თქმით, დივიდენდების ზრდას შეუწყობს ხელს. გასული 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კომპანიამ დივიდენდური გადასახადი 7%-ის ტოლი საშუალო წლიური ზრდის ტემპით გაზარდა.
TC Energy-ის ფორვარდული P/E კოეფიციენტი 16-ს შეადგენს და ეს შესანიშნავი დივიდენდური აქციაა ახლავე შესაძენად.
- Western Union
ფინანსური სერვისების კომპანიის – Western Union-ის დივიდენდური სარგებელი 5.5%-ს შეადგენს. მან წელს S&P 500-ზე უკეთესი წარმადობა დააფიქსირა და აქციების ფასი მხოლოდ მოკრძალებული 5%-ით შემცირდა. თუმცა, აქცია შედარებით დაუფასებელია და მისი ფორვარდული P/E კოეფიციენტი 10-ზე ნაკლებია.
კომპანია, რომელიც თავისი ტრანსსასაზღვრო ტრანსფერებით არის ცნობილი, წელს გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას. Western Union-მა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთსა და ბელორუსიაში ოპერაციები შეაჩერა, გარდა ამისა, გლობალური ეკონომიკის შესაძლო ვარდნამ, შეიძლება, მისი ზრდის პერსპექტივები შეაფერხოს. მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ შემოსავალი 9%-11%-ით შემცირდება. დადებითი ფაქტორი ის არის, რომ ამ სირთულის პირობებშიც კი, Western Union ვარაუდობს, რომ მთელი წლისთვის კომპანიის მოგება თითო აქციაზე (EPS) $2.13-$2.23 იქნება, რაც მის ყოველწლიურ დივიდენდებს ($0.94) ბევრად აღემატება.
ეს ფაქტი Western Union-ს მომგებიან პოზიციაში აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას რთული წელი ელის, დივიდენდებზე ორიენტირებულ ინვესტორებს ღელვის მიზეზი არ აქვთ. გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც ზოგიერთი მაკროეკონომიკური საკითხი, სავარაუდოდ, გაუმჯობესდება, კომპანია კიდევ უფრო გაძლიერდება.