Nasdaq Composite Index – Nasdaq-100 ინდექსთან ერთად, რომლის წარმადობასაც პოპულარული Invesco QQQ ETF იმეორებს, არის ყველაზე მეტად დაკვირვებადი, ტექნოლოგიურ კომპანიებზე ორიენტირებული აშშ-ის საფონდო ინდექსები.
ინდექსის მკვეთრმა დაღმავალმა ტენდენციამ, შესაძლოა, ტრეიდერები აიძულოს, რომ თავიანთი ინდივიდუალური ტექნოლოგიური აქციები მოიშორონ. უოლ სტრიტმა ეს დინამიკა დაინახა მაშინ, როდესაც Nasdaq-მა 2022 წლის პირველ ნახევარში ღირებულების დაახლოებით 30% დაკარგა.
ახლა, ექვსთვიანი სავალალო შედეგების კვალდაკვალ, ტექნოლოგიური აქციებით დაინტერესებული გაბედული ინვესტორებისთვის, შესაძლოა ყიდვის კარგი შესაძლებლობა იყოს.
ღირებულება მოდაშია
2022 წლის შუა პერიოდში ინფლაცია საკმაოდ მაღალია. აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) 8%-იანი მატების ზედიზედ სამი თვე ეკონომიკასა და ბაზრებზე აუცილებლად იმოქმედებს და, ამის საპასუხოდ, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) საპროცენტო განაკვეთების ზრდა პირველად დაიწყო.
შედეგად თითქმის ყველაფერი, რაც მზარდი პოტენციალის აქციად აღიქმება, ზეწოლის ქვეშ მოექცა. ფრთხილი ინვესტორები ახლა პრიორიტეტს ზრდასთან შედარებით ღირებულებას ანიჭებენ და ტექნოლოგიური აქციები კი ცნობილია კარგი წარმადობით მაშინ, როდესაც Fed დაბალ საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს.
როდესაც ინვესტორები ტოვებენ ტექნოლოგიურ აქციებს და როდესაც Fed, სავარაუდოდ, ამ წლის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის (FOMC) შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის, შესაძლოა, ინვესტორებს ყველა ტექნოლოგიური აქციის გაყიდვა და Nasdaq-ის თავიდან აცილება მოუნდეთ.
თუმცა, პანიკური გაყიდვის საჭიროება არ არსებობს. ტექნოლოგიური აქციების bear market-მა გახსნა შესაძლებლობა, რომ სტაბილური, მტკიცე კომპანიების აქციები შემცირებულ ფასად შეიძინოთ.
ასიმეტრია
თუ, მაგალითად, Invesco QQQ ETF-ში ინვესტირებას აპირებთ, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ პრინციპი „იცოდე რას ფლობ“. Nasdaq 100 (რომელიც რეალურად 102 აქციას მოიცავს) აერთიანებს ტექნოლოგიურ და არატექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის არის Pepsi და Dollar Tree. ეს არატექნოლოგიური აქციები უმნიშვნელო მოთამაშეები არიან, რადგან Nasdaq საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით არის შეწონილი და ინდექსში რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანია დომინირებს.
ზოგიერთმა კრიტიკოსმა, შეიძლება, Nasdaq ასიმეტრიულობის პრობლემაში დაადანაშაულოს, რადგან ტოპ სამი აქცია – Apple (12.58%), Microsoft (10.92%) და Amazon (6.15%) ინდექსის თითქმის 30%-ს შეადგენს. ინდექსში კიდევ ერთი მთავარი გავლენიანი ფაქტორია Alphabet, რომელიც Nasdaq-ის ლისტინგში ორჯერ გვხვდება. კომპანიის A და C კლასის აქციებიდან, თითოეულის წილი ინდექსში დაახლოებით 4%-ს შეადგენს.
რა თქმა უნდა, ეს ასიმეტრიული ინდექსია, მაგრამ მასში აღიარებული ბრენდები დომინირებს. Apple და Microsoft 1970-იანი წლებიდან არსებობს, ხოლო Amazon და Alphabet ელექტრონული კომერციისა და საძიებო სისტემების ბაზრებზე უკონკურენტოა.
გარდა ამისა, თითოეულის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტის საფუძველზე, ამ კომპანიებში შესანიშნავი ღირებულების პოვნა შეგვიძლია. Apple-ის P/E დაახლოებით 22.6 უტოლდება, Microsoft-ის – 27.1-ს, Alphabet-ის 20.3-ს, ხოლო Amazon-ის – 51.2-ს.
არჩევანი თქვენზეა. შეისწავლეთ, თუ რას მოიცავს Nasdaq და თავად გადაწყვიტეთ, არის თუ არა ეს ის ბრენდები, რომელთა აქციების ფლობაც გსურთ.