გასული კვირა Nvidia-სთვის (NVDA) მიმდინარე წელს ერთ-ერთ საუკეთესო იყო. ჩიპების მწარმოებელი გიგანტმა გააბათილა წინა კვირებში მიღებული ზარალის უმეტესი ნაწილი, რადგან, როგორც ჩანს, ინვესტორებმა ანალიტიკოსების რეკომენდაციები გაითვალისწინეს და „buy the dip”1 სტრატეგიით იმოქმედეს.
წინა კვირის ბოლო სავაჭრო დღეს Nvidia-ს აქციების ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა და მთლიანობაში კომპანიამ კვირა თითქმის 16%-იანი აღმასვლით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასი დაახლოებით 147%-ით არის გაუმჯობესებული.
გასული კვირის დასაწყისში Nvidia-ს აქციების ფასის ზრდა პირველ რიგში განაპირობა აღმასრულებელი დირექტორის — ჯენსენ ჰუანგის განცხადებამ Goldman Sachs-ის Communacopia + Technology კონფერენციაზე. მან თქვა, რომ რომ კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნა წარმოუდგენლად მაღალია. „უკვე ყველაფერი გაყიდულია. დღესდღეობით Nvidia მსოფლიოს მასშტაბით ყველა AI კომპანიასთან თანამშრომლობს. ყველა ჩვენზეა დამოკიდებული“ — დასძინა ჰუანგმა.
გარდა ამისა, მან ღონისძიებაზე Goldman Sachs-ის აღმასრულებელ დირექტორს, დევიდ სოლომონს განუცხადა: „გენერაციული AI არ არის მხოლოდ ინსტრუმენტი, ეს არის უნარი. სწორედ ამიტომ, ადამიანები ფიქრობენ, რომ AI $1 ტრილიონის ღირებულების მონაცემთა ცენტრებისა და IT-ის ბაზრის მიღმა, უნარების სამყაროში გაფართოვდება“.
რთული 2 კვირა Nvidia-სთვის
Nvidia-ს აღმასვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც წინა ორი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 20%-ზე მეტით შემცირდა. ეს კი განაპირობა იმან, რომ AI-სთან დაკავშირებით უოლ სტრიტის ოპტიმიზმი შემცირდა და Nvidia-ს კვარტალურმა ანგარიშმა, მიუხედავად ანალიტიკოსების ოფიციალური პროგნოზების გადაჭარბებისა, ვერ შეძლო ინვესტორების მაღალი მოლოდინების გამართლება.
და მაინც, ტურბულენტობა უფრო მეტად დაკავშირებული იყო ბაზრის განწყობასთან, ვიდრე ჩიპების მწარმოებლის ბიზნესის სიძლიერესთან.
ინფორმაციამ, რომ Nvidia-ს შემდეგი თაობის Blackwell სისტემის გამოშვება დიზაინის ხარვეზების გამო გადაიდო, ხელი შეუწყო აგვისტოს დასაწყისში მკვეთრ ვარდნას. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, შეფერხებები დიდ გავლენას არ იქონიებს კვარტალურ გაყიდვებზე. ამ შეფასების საფუძველი ნაწილობრივ ის არის, რომ ზოგადად Nvidia-ს ჩიპებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა.
ქლაუდ გიგანტების — Microsoft (MSFT), Amazon (AMZN) და Alphabet (GOOG; GOOGL) — მმართველმა გუნდებმა, გასული კვარტლის ანგარიშების გამოქვეყნებისას, აღნიშნეს, რომ AI ინფრასტრუქტურის ხარჯებს ზრდიან და აქედან მნიშვნელოვანი თანხა Nvidia-ს ჩიპებზე დაიხარჯება. საგულისხმოა, რომ Tesla-ს (TSLA) აღმასრულებელი დირექტორის — ილონ მასკის შეფასებით, წელს ელექტრომობილების მწარმოებელი Nvidia-ს ჩიპებზე $3-$4 მილიარდს დახარჯავს, რაც ამ კომპანიის მთლიანი AI დანახარჯების 40%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები AI-ზე ერთობლივად $1 ტრილიონზე მეტს დახარჯავენ.
Capital Group-ის ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ ტექნოლოგიური გიგანტების — Microsoft, Alphabet, Meta და Amazon — კაპიტალური ხარჯები 2024 წელს $189 მილიარდს მიაღწევს, რაც S&P 500 ინდექსის კომპანიების მთლიანი კაპიტალური დანახარჯების მეხუთედზე მეტს (21%) შეადგენს.
რას ფიქრობენ უოლ სტრიტზე Nvidia-ს შესახებ?
ძლიერი მოთხოვნა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ანალიტიკოსების ტოპ საინვესტიციო რეკომენდაციებს შორის Nvidia კვლავ ფიგურირებს ბოლო პერიოდში აქციების ფასის ზრდის იმპულსის დაკარგვის მიუხედავად. გასული კვირის დასაწყისში Bernstein-ის ანალიტიკოსებმა გაიმეორეს, რომ ნახევარგამტარების სექტორში Nvidia მათი ერთ-ერთი ფავორიტი კომპანიაა. Bernstein-ში მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, მომავალ წელს მარჟები გაუმჯობესდება, ხოლო Blackwell-ის გაყიდვები გაიზრდება. მათი აზრით, Nvidia-ს პერსპექტივებთან დაკავშირებით მღელვარებისთვის ახლა შესაფერისი დრო არ არის.
გარდა ამისა, დაახლოებით 10 დღის წინ, Bank of America-ს ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ შესაძლოა, Nvidia-ს ბოლოდროინდელმა ვარდნამ ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობა შექმნას.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $119.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 42 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $153.24-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 42 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.