გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Netflix, Tesla, Super Micro Computer და Goldman Sachs.
Netflix
კვარტალური ანგარიშების სეზონი იწყება. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები კი აკეთებენ ფსონებს იმაზე, თუ ვინ გადააჭარბებს და ვინ ჩამორჩება მოლოდინებს. Netflix-ისთვის (NFLX) სიახლე პოზიტიურია.
გუშინ დილით, სამმა ცალკეულმა საინვესტიციო ბანკმა — Bank of America, MoffettNathanson და Morgan Stanley — გაზარდა სამიზნე ფასები ამერიკული სტრიმინგ კომპანიის აქციებისთვის. შედეგად, სავაჭრო დღის განმავლობაში, Netflix-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა.
რას ამბობს უოლ სტრიტი Netflix-ის შესახებ
MoffettNathanson-ის ანალიტიკოსებმა Netflix-ის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნეს, ხოლო სამიზნე ფასი $565-მდე გაზარდეს. ისინი პროგნოზირებენ, რომ კომპანიის გამომწერების რაოდენობა სწრაფი ტემპით გაიზრდება, რადგან Netflix განაგრძობს პაროლების გაზიარების პრაქტიკის აკრძალვას.
BofA და Morgan Stanley კომპანიის მიმართ უფრო პოზიტიურად არიან განწყობილნი. მათი ანალიტიკოსები Netflix-ის აქციებს, შესაბამისად, $740-ის და $780-ის ტოლ სამიზნე ფასებს ანიჭებენ. BofA-სა და Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების თქმით, Netflix-ს სტრიმინგ სივრცეში შესაშური საბაზრო პოზიცია გააჩნია, რაც კომპანიას მინიმუმ 2025 წლამდე გაყიდვებისა და მოგების მარჟის გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს. განსაკუთრებით BofA Netflix-ს კარგი ზრდის რამდენიმე წელიწადს უწინასწარმეტყველებს.
Morgan Stanley-ში ისიც კი თქვეს, რომ, თუ ახალი კვარტალური შედეგები, რომლებიც ხუთშაბათს გამოქვეყნდება, ძლიერი იქნება და კომპანიის ახალი სარეკლამო ბიზნესი ამოქმედდება, Netflix-ის აქციების ფასმა შეიძლება 2025 წლის ბოლოსთვის $950-საც მიაღწიოს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Netflix-ის აქციებს?
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $656.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $673.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $800.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla
გუშინ ელექტრომობილების მწარმოებლის — Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თქვა, რომ კომპანიამ რობოტაქსის სადებიუტო ღონისძიება მის მიერ დიზაინის შეცვლის მოთხოვნის გამო გადადო.
წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციების ფასი ასევე დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
რობოტაქსის ღონისძიება გადაიდო — კონკრეტული თარიღი უცნობია
ილონ მასკმა დაადასტურა Tesla-ს რობოტაქსის ღონისძიების შეფერხება, რომელიც თავდაპირველად 8 აგვისტოსთვის იყო დაგეგმილი — ის ოქტომბრისთვის გადაიდო. გუშინ მასკმა თავისი სოციალური მედიის ვებგვერდზე — X-ზე დაწერა, რომ დიზაინთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება მოითხოვა.
აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დამატებითი დრო Tesla-ს ინჟინრებს ასევე საშუალებას მისცემს, ავტომობილებს მეტი ფუნქცია დაამატონ. ღონისძიების ახალი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
მას შემდეგ, რაც Tesla-ს მენეჯმენტმა ეს ღონისძიება პირველად დააანონსა, ანალიტიკოსებმა ბაზარს შესთავაზეს თავიანთი შეხედულებები ავტონომიური მართვის მანქანებთან დაკავშირებით კომპანიის გეგმების შესახებ. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებმა კონცეფციას უწოდეს „თეზისის შემცვლელი“ ტესლას ბიზნესისთვის. Wedbush-ის ანალიტიკოსებმა კი განაცხადეს, რომ პროდუქტები, როგორებიც არის რობოტაქსი და ტესლას ავტონომიური მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, კომპანიას AI ბაზრის ყველაზე დაუფასებელ მოთამაშედ აქცევს.
მეორე კვარტლის წარმოებისა და მიწოდების მოსალოდნელზე უკეთესმა მაჩვენებლებმა მიმდინარე თვის დასაწყისში Tesla-ს აქციების ფასის ზრდა გამოიწვია ზედიზედ 11 სავაჭრო სესიის განმავლობაში. დროის ამ მონაკვეთში ელექტრომობილების კომპანიის აქციების ფასი მთლიანობაში 44%-ით გაუმჯობესდა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა 410,831 მანქანა აწარმოა, ხოლო ბაზარს 443,956 მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მიწოდების მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა, მან გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 439,000-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ფინანსური სერვისების კომპანია Mizuho-მ Tesla-ს აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $180-დან $230-მდე გაზარდა. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ეფუძნება კომპანიის მოსალოდნელზე უკეთეს ანგარიშს მეორე კვარტლის მიწოდების მაჩვენებლების შესახებ.
Tesla-ს მენეჯმენტი უახლესი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას 23 ივლისისთვის გეგმავს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $253.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $193.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 223.5 %-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
Super Micro Computer
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ 22 ივლისიდან Super Micro Computer Nasdaq-100 და Nasdaq-100 Equal Weighted ინდექსებს შეუერთდება.
სან ხოსეში დაფუძნებული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია ჩაანაცვლებს Walgreen Boots Alliance (WBA) ორივე ინდექსში. Nasdaq-ის წარმომადგენლების თქმით, Walgreens ასევე დატოვებს Nasdaq-100 Ex-Tech Sector, Nasdaq-100 ESG და Nasdaq-100 Sustainable ESG Select ინდექსებს.
Super Micro Computer აწარმოებს სერვერის ტექნოლოგიასა და აპარატურას, რომელიც გამოიყენება მონაცემთა ცენტრებში. აღსანიშნავია, რომ ის თანამშრომლობს ჩიპების მწარმოებელ გიგანტ Nvidia-სთან (NVDA).
აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში Super Micro Computer აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ საფონდო ინდექსს — S&P 500-ს შეუერთდა. როგორც წესი, ასეთ ინდექსში დამატების შემთხვევაში, კომპანიის აქციების ღირებულება იზრდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ იმ საბირჟო ვაჭრობის (ETF) და ერთობლივი საინვესტიციო ფონდების მენეჯერებს, რომლებიც ამ საორიენტაციო ინდექსის წარმადობის გამეორებას ცდილობენ, ფონდების პორტფელებში ახალი პოზიციების დამატება უწევთ.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Super Micro-ს აქციებს?
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $898.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,051.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,500.00-ს, ხოლო მინიმალური — $800.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Goldman Sachs
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Goldman Sachs-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საინვესტიციო ბანკის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 27%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Goldman Sachs-ის შემოსავალი წლიურად 17%-ით — $12.73 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.35 მილიარდს.
საინვესტიციო ბანკის წმინდა მოგებამ კი 150%-ით — $3.04 მილიარდამდე მოიმატა, რაც ოდნავ აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $2.99 მილიარდს. Goldman Sachs-ის მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $8.62-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $8.42).
კომპანიის წმინდა საპროცენტო შემოსავალი (NII) წლიურად 33%-ით — $2.24 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინს — $1.66 მილიარდს.
გარდა ამისა, Goldman Sachs-ის მენეჯმენტმა კვარტალური დივიდენდის 9%-ით გაზრდის გეგმები დააანონსა. ეს მაჩვენებელი $2.75-დან $3.00-მდე გაუმჯობესდება.
სხვა საინვესტიციო ბანკები
აღსანიშნავია, რომ კვარტალური შედეგები პარასკევს სხვა საინვესტიციო ბანკებმა გამოაქვეყნეს. 2024 წლის მეორე კვარტალში JPMorgan-ის შემოსავალმა $50.2 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $41.72 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $4.4 შეადგინა (პროგნოზი — $4.14).
აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეიმი დიმონმა ბანკის შედეგები შეაქო, თუმცა თქვა, რომ სიფრთხილეს ინარჩუნებს მომავალი კვარტლების მიმართ. მან ეჭვების საფუძვლად დაასახელა ფისკალური დეფიციტი, ინფლაცია და „პოტენციურად ყველაზე საშიში“ გეოპოლიტიკური სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
Wells Fargo-ს კვარტალურმა შემოსავალმა კი $20.69 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $20.22 მილიარდს. EPS-მა კი $1.33 შეადგინა. ეს მაჩვენებელიც აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.28-ს.
ბანკის საკრედიტო ზარალმა მეორე კვარტალში $1.24 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა $938 მილიონი შეადგინა, ხოლო 2023 წლის მეორე მეოთხედში — $1.71 მილიარდი.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Goldman Sachs-ის აქციებს?
Goldman Sachs-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $492.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $501.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $535.00-ს, ხოლო მინიმალური — $435.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Goldman Sachs-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.