ბოლო 5 წლის განმავლობაში ელექტრონული კომერციის ამერიკული გიგანტის — Amazon-ის აქციების ფასი დაახლოებით 104%-ით გაიზარდა. ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებულმა კომპანიამ მოახერხა როგორც COVID-19-ის პანდემიასთან, ისე 2022 წელს დაწყებულ ინფლაციურ კრიზისთან გამკლავება, თუმცა ეს რთული მოგზაურობა იყო. მოდით გამოვიკვლიოთ, რა შეიძლება ელოდეს მრავალფეროვან ტექნოლოგიურ კონგლომერატს მომდევნო ნახევარი ათწლეულის განმავლობაში.
საძირკვლის გაძლიერება
მიუხედავად იმისა, რომ Amazon-მა თავისი ბიზნესის წარმატებით დივერსიფიკაცია მოახერხა, დაწყებული ქლაუდ გამოთვლებით დასრულებული ხელოვნური ინტელექტით (AI), მის მთავარ მიმართულებას კვლავ ელექტრონული კომერცია წარმოადგენს. 2022 წელს ეს ფართომასშტაბიანი სეგმენტი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა COVID-ისა და მაღალი ინფლაციის გამო, რამაც მომხმარებლების მსყიდველუნარიანობა შეამცირა. მაგრამ ახლა ეს გამოწვევები წარსულშია.
2024 წლის პირველ კვარტალში Amazon-ის შემოსავალი წლიურად 12.52%-ით — $143.31 მილიარდამდე გაიზარდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ კომპანიის საოპერაციო მოგება 3-ჯერ — $15.3 მილიარდამდე გაუმჯობესდა.
მაჩვენებელი | 2024 წლის I კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის I კვ. | წლიური ცვლილება (%) |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $143.31 მლრდ. | $142.63 მლრდ. | $127.36 მლრდ. | 12.52% |
განზავებული EPS | $0.98 | $0.84 | $0.31 | 216.13% |
წმინდა მოგება | $10.43 მლრდ. | $8.95 მლრდ. | $3.17 მლრდ. | 229.02% |
ეს ტრანსფორმაცია ნაწილობრივ განპირობებული იყო ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვით ჩრდილოეთ ამერიკის ელექტრონული კომერციის განყოფილებაში (საოპერაციო შემოსავალი 455%-ით — $4.98 მილიარდამდე გაიზარდა) და საერთაშორისო ელექტრონულ კომერციაში ($1.25 მილიარდის ოდენობით ზარალი $903 მილიონის მოცულობის საოპერაციო შემოსავლით შეიცვალა).
ამასთან, გასული წლის განმავლობაში ამაზონმა შეცვალა პროდუქტის შენახვის მოდელი — კომპანიამ აშშ-ის მასშტაბით თავისი სასაწყობო ქსელი რეგიონებად დაყო, რაც ხელს უწყობს უფრო სწრაფ მიწოდებას.
აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ მარტში, Prime შეკვეთების თითქმის 60% მიწოდებულ იქნა იმავე დღეს ან ერთ დღეში, რადგან კომპანია ასევე აფართოებს „იმავე დღეს მიწოდების“ საწყობების ქსელს, სადაც ათასობით ყველაზე ხშირად შეკვეთილი ნივთი ინახება.
შეკვეთების შესრულების ახალი დეცენტრალიზებული ქსელი და სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლება ზემოქმედებს Amazon-ის მოგებაზე, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ზრდის ახალ მიმართულებებზე ფოკუსირდეს.
ზრდის ახალი მამოძრავებლები
მოსალოდნელია, რომ ამაზონის ქლაუდ კომპიუტერული განყოფილება, Amazon Web Services (AWS), კომპანიის მომავალი ზრდის გასაღები იქნება. ელექტრონული კომერციის მსგავსად, მენეჯმენტმა ამ განყოფილებაშიც გაათავისუფლა სამუშაო ძალის ნაწილი. ამან კი შედეგი გამოიღო, საოპერაციო მოგება 84%-ით — $9.4 მილიარდამდე გაუმჯობესდა.
AWS, რომელიც კომპანიამ 2006 წელს გამოუშვა, უზრუნველყოფს ქლაუდ სერვისებს ბიზნესებისთვის, სამთავრობო უწყებებისთვის და აკადემიური ინსტიტუტებისთვის ინფორმაციის შესანახად და კონტენტის მისაწოდებლად. Amazon-ის მენეჯმენტი ამბობს, რომ AWS ქმნის ინფრასტრუქტურულ პლატფორმას ქლაუდ სივრცეში სხვადასხვა გადაწყვეტებისთვის, როგორებიც არის აპლიკაციებისა და ვებგვერდების ჰოსტინგი, საწარმოების საინფორმაციო ტექნოლოგიებით (IT) უზრუნველყოფა და კონტენტის მიწოდება.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ეს სეგმენტი მუდმივი ზრდით ისარგებლებს. მასზე დადებითად მოქმედებს AI-სთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდა — განსაკუთრებით სტარტაპებისგან, როგორიც არის Anthropic, რომელიც მონაცემთა შენახვისა და მართვისთვის Amazon-ის ინდუსტრიაში წამყვან ქლაუდ პლატფორმას იყენებს.
Amazon-ს ასევე გააჩნია საკუთარი AI სასწავლო ჩიპები (Inferentia და Trainium), რომლებიც შექმნილია AWS-ის ქლაუდ სერვისებზე კლიენტების მოსაზიდად პოტენციურად დაბალ ფასად კონკურენტუნარიანი ტრენინგის სიჩქარის შეთავაზებით.
თუმცა ზრდის გეგმები მხოლოდ AWS-ით არ შემოიფარგლება. Financial Times-ის თანახმად, მენეჯმენტი მიზნად ისახავს ახალი საცალო არხის შექმნას, რათა საქონლის ამერიკელმა გამგზავნებმა ამანათები პირდაპირ ჩინეთიდან მიიღონ. გადაზიდვის დრო მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ ეს მომხმარებლებისთვის ხარჯებს საგრძნობლად შეამცირებს.
AWS-ისგან განსხვავებით, ეს ახალი საცალო არხი ალბათ არ გამოიმუშავებს მაღალმარჟიან ზრდას. თუმცა, მას შეუძლია ამაზონს დაეხმაროს, დაიცვას ბაზრის წილი ჩინური კონკურენტებისგან, როგორებიც არის Temu (PDD Holdings-ის შვილობილი კომპანია) ან Shein.
მოსალოდნელია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში AI ინვესტიციები შედეგებს გამოიღებს
2024 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯასიმ და ფინანსურმა დირექტორმა — ბრაიან ოლსავსკიმ ინვესტორები დაარწმუნეს, რომ AI-ში ინვესტირების ხარჯები სასურველ შედეგებს გამოიღებს.
„ჩვენ არ ვხარჯავთ კაპიტალს, თუ არ გვაქვს მკაფიო სიგნალები, რომ კონკრეტული მიმართულებების მონეტიზაცია შეგვიძლია” — განაცხადა ენდიმ.
აღმასრულებლების თქმით, AI-სთან დაკავშირებული ინვესტიციების ხარჯები, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში შემცირდება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $198.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $221.70-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $246.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12.2%-იან ზრდას გულისხმობს.
Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.