დასვენების დღით შემცირებულ სავაჭრო კვირაში, ინვესტორები მიადევნებენ თვალს ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლების კომენტარებს და ეკონომიკურ მონაცემებს, რომლებიც დაგვეხმარება გავიგოთ, განაგრძობს თუ არა აშშ-ში ინფლაციის დონე შემცირებას. აშშ-ის საფონდო ბირჟა დახურული იქნება ოთხშაბათს, 19 ივნისს, „მეორე“ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
მიმდინარე კვირაში აშშ-ის საბინაო ბაზრის მდგომარეობის შესახებ უკეთეს წარმოდგენას შექმნის არსებული საცხოვრებლების გაყიდვების, სახლების მშენებლობის დაწყებისა და მშენებელთა ნდობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნება. გარდა ამისა, ამ კვირაში კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებენ სამშენებლო კომპანიები — Lennar და KB Home.
ამასთან, გასული კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს სასურსათო მაღაზიების ქსელი — Kroger იმის ფონზე, რომ კომპანია განაგრძობს მუშაობას Albertsons-თან შერწყმის შესახებ მარეგულირებლებისგან დასტურის მისაღებად.
Fed
საპროცენტო განაკვეთების შესახებ უახლესი გადაწყვეტილების შემდეგ, ფედერალური რეზერვის (Fed) ოფიციალური პირები მთელი კვირის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობის, ინფლაციის პროგრესისა და საპროცენტო განაკვეთების პერსპექტივის შესახებ კომენტარებს გააკეთებენ.
ინვესტორები ყურადღებით გაანალიზებენ Fed-ის წარმომადგენლების შენიშვნებს გასულ კვირაში გამოქვეყნებული ინფლაციის ანგარიშების შესახებ, რომლებმაც აჩვენა, რომ აშშ-ში ფასები კვლავ კლებულობს. ეს კი, პოტენციურად Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შესაძლებელს ხდის.
მიმდინარე კვირაში კომენტარებს Fed-ის შემდეგი წარმომადგენლები გააკეთებენ: ფედერალური რეზერვის მმართველი საბჭოს წევრი — ლიზა კუკი, ფილადელფიის Fed-ის პრეზიდენტი — პატრიკ ჰარკერი, დალასის ფედერალური სარეზერვო ბანკის — პრეზიდენტი ლორი კ. ლოგანი, რიჩმონდის Fed-ის პრეზიდენტი — ტომ ბარკინი, კანზას სიტის Fed-ის პრეზიდენტი — ალბერტო მუსალემი და ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი — ოსტან გოლსბი.
საბინაო ბაზრის მონაცემები
მიმდინარე კვირაში საბინაო ბაზრის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორი გამოქვეყნდება. მათ შორის არის მშენებლების ნდობის (ოთხშაბათი), სახლების მშენებლობის დაწყების (ხუთშაბათი) და არსებული სახლების გაყიდვების (პარასკევი) მონაცემები.
ამასთან, დღეს და ხვალ ინვესტორები მეტ ინფორმაციას მიიღებენ საბინაო ბაზრის შესახებ, როდესაც სამშენებლო კომპანიები — Lennar და KB Home კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებენ. იპოთეკის მაღალმა განაკვეთებმა გავლენა იქონია მათ გაყიდვებზე, KB Home-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში გაყიდვები და მოგება შემცირდა.
Accenture და Kroger
გარდა ამისა, ამ კვირაში კვარტალურ შედეგებს სხვა ცნობილი კომპანიებიც წარადგენენ. საკონსულტაციო ფირმა — Accenture ფინანსურ მაჩვენებლებს ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, გამოაქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვარტალში კომპანიამ პროგნოზები შეამცირა. Accenture განაგრძობს თავის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებაზე მუშაობას.
ინვესტორებისთვის ასევე საინტერესოა Kroger-ის კვარტალური ანგარიში. კომპანიამ გასულ კვარტალში ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა და აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მარეგულირებლები ცდილობენ, ხელი შეუშალონ მის შერწყმას Albertsons-თან. ეს უკანასკნელი არის საკვებისა და მედიკამენტების საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია შეერთებულ შტატებში.
ამასთან, CarMax-ის კვარტალური ანგარიში (პარასკევი) ინვესტორებს უზრუნველყოფს ინფორმაციით აშშ-ში ავტომობილების საცალო ბაზრის მდგომარეობის შესახებ.