პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, ExxonMobil, Skechers, Snap და Roku.
Amazon
პარასკევს Amazon-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. Microsoft-ისა და Alphabet-ის ქლაუდ ინფრასტრუქტურების ძლიერმა შედეგებმა, როგორც ჩანს, ინვესტორებს აფიქრებინა, რომ ელექტრონული კომერციის გიგანტი თავის ქლაუდ სეგმენტში მსგავსი შედეგების დაფიქსირებას შეძლებს. კომპანია კვარტალურ ანგარიშს ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს.
წლის დასაწყისიდან Amazon-ის აქციების ფასი დაახლოებით 20%-ით არის გაუმჯობესებული.
აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა და Alphabet-მა ზოგადად ძლიერი კვარტალური ანგარიშები წარადგინა, რის შედეგადაც პარასკევს მათი აქციების ფასები, შესაბამისად, დაახლოებით 2%-ით და 10%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის ქლაუდ ინფრასტრუქტურის ბიზნესი — Amazon Web Services (AWS), კონკურენციას უწევს Google Cloud-სა და Microsoft Azure-ს, როგორც ჩანს, ინვესტორებს სჯერათ, რომ მომხმარებლების მიერ ქლაუდ პროდუქტებზე ხარჯების ზრდა AWS-ს სარგებელს მოუტანს.
გასულ კვარტალში Microsoft Azure-ის შემოსავალი წლიურად 31%-ით გაუმჯობესდა. მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად Fortune 500-ის (აშშ-ის 500 ყველაზე მსხვილი კომპანია შემოსავლების მიხედვით) 65%-ზე მეტი იყენებს ტექნოლოგიური გიგანტის Azure OpenAI სერვისს, რადგან ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარება ხელს უწყობს კომპანიების მიერ ქლაუდ ინფრასტრუქტურაზე ხარჯების ზრდას.
ამავდროულად, Alphabet-ის Google-ის კვარტალური შემოსავალი წლიურად 28%-ით გაიზარდა და მომგებიანობაც გაუმჯობესდა. მენეჯმენტის თქმით, ეს შედეგი ასახავს ძლიერ მოთხოვნას ქლაუდ ინფრასტრუქტურაზე და კომპანიის პროდუქტიულობის ინსტრუმენტებზე სამუშაო სივრცისთვის.
ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში AWS რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა — მისი ზრდა შენელდა და Amazon-ის ამ მიმართულებამ დაკარგა ბაზრის წილი როგორც Azure-თან, ასევე Google Cloud-თან კონკურენციაში. თუმცა მეოთხე კვარტალში AWS-მა აღდგენის გარკვეული ნიშნები აჩვენა.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ Amazon-ის კვარტალური შემოსავალი წლიურად 25.1%-ით — $142.5 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო მოგება თითო აქციაზე (EPS) — $0.31-დან $0.83-მდე.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $180.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 42 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $213.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $235.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან 19%-იან ზრდას გულისხმობს.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $406.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $477.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $550.00-ს, ხოლო მინიმალური — $440.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $172.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $189.79-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $220.00-ს, ხოლო მინიმალური — $146.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 38 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ExxonMobil
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, ExxonMobil-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ნავთობკომპანიის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ კვარტალში ExxonMobil-ის შემოსავალმა $83.1 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $78.3 მილიარდი). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კომპანიის მოგება წლიურად 28%-ით შემცირდა. EPS კი, მიუხედავად აქციების გამოსყიდვისა, 26%-ით — $2.06-მდე შემცირდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.21-ს.
დადებითი მხარე ისაა, რომ გასულ მეოთხედში თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (FCF) $10.1 მილიარდი შეადგინა, რაც 23%-ით აღემატება მოგებას.
ნავთობკომპანიები, როგორიც არის, მაგალითად, Exxon, ისტორიულად, ძლიერ მოგებას აფიქსირებს, მაგრამ ეს მაჩვენებელი იშვიათად არის გამყარებული FCF-ით.
პანდემიის პერიოდში თავად Exxon-მა თავიდან აიცილა ასეთი სიტუაცია, როდესაც მენეჯმენტმა, დაკლებული მოთხოვნის საპასუხოდ, კაპიტალური ხარჯები შეამცირა. მაგრამ 2023 წლისთვის, Exxon დაუბრუნდა თავის ძველ ჩვევებს — მოგებამ $36 მილიარდს მიაღწია, თუმცა FCF $33.5 მილიარდს ჩამოუვარდებოდა.
მდგომარეობა ახლაც მსგავსია — ბოლო 12 თვის განმავლობაში FCF-მა $32.1 მილიარდი შეადგინა, ხოლო მოგებამ $32.8 მილიარდს მიაღწია. 2024 წლის პირველი კვარტლის ანგარიში კი გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, Exxon ამ მხრივ გაუმჯობესდეს. მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს კომპანიის კაპიტალური ხარჯები $25 მილიარდს მიაღწევს, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $118.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $125.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $140.00-ს, ხოლო მინიმალური — $111.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Skechers
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Skechers-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ფეხსაცმელების კომპანიის აქციების ფასმა 11%-ზე მეტით მოიმატა და ყველა დროის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის გაუმჯობესებული.
2024 წლის პირველ კვარტალში Skechers-ის შემოსავალი წლიურად 13%-ით — $2.25 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.2 მილიარდი). ზრდის ყველაზე დიდი მამოძრავებელი იყო კომპანიის „direct-to-consumer“ (პირდაპირ მომხმარებელზე) გაყიდვების არხი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ მიმართულებას ახასიათებს მოგების უფრო დიდი მარჟა, ვიდრე — საბითუმო გაყიდვებს.
გაყიდვების უფრო მაღალი მარჟისა და საოპერაციო დისციპლინის კომბინაციით, Skechers-მა კვარტალში დაახლოებით $300 მილიონის მოცულობის საოპერაციო შემოსავალი გამოიმუშავა, რაც 13%-ზე მეტით აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს.
რაც შეეხება მომავალს, Skechers-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 9%-ით — $2.2 მილიარდამდე გაიზრდება. მისი უწყვეტი ზრდის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია საერთაშორისო გაფართოება — პირველ კვარტალში ევროპა, 17%-იანი ზრდით, Skechers-ის ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი იყო. საერთაშორისო გაყიდვები ახლა კომპანიის მთლიანი შემოსავლების 65%-ს შეადგენს.
საზღვარგარეთის ბაზრები მთავარ როლს შეასრულებს Skechers-ის გეგმაში, 2026 წელს $10 მილიარდის მოცულობის წლიურ შემოსავალს მიაღწიოს.
Skechers-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $65.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $68.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $74.00-ს, ხოლო მინიმალური — $56.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Skechers-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Snap
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Snap-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი სოციალური მედიის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 28%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული.
Snap-ის მენეჯმენტი მოელოდა, რომ პირველ კვარტალში ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების (DAU) რაოდენობა 420 მილიონს შეადგენდა, ხოლო შემოსავალი — მაქსიმუმ $1.1 მილიარდს. თუმცა DAU-მ 422 მილიონს მიაღწია, შემოსავალი კი წლიურად 21%-ით — $1.2 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.12 მილიარდი).
ამჟამად Snap რამდენიმე ფაქტორით სარგებლობს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მისი სააბონენტო სერვისის Snapchat+-ის მომხმარებლების რაოდენობამ 9 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, 2023 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 7 მილიონს შეადგენდა. უფრო მეტიც, რეკლამის განაკვეთები (ღირებულება ყოველ 1,000 ნახვაზე) წლიურად 8%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, Snap-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი 15%-18%-ით გაიზრდება და მიმდინარე წელს კომპანია აქციებზე დაფუძნებულ კომპენსაციებზე $1.1 მილიარდს დახარჯავს.
Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $14.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.98-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $20.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 22-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Roku
მაჩვენებლების უმეტესობის მიხედვით, Roku-ს პირველი კვარტლის ანგარიში ძლიერი იყო. შემოსავალი და მოგება წლიურად გაუმჯობესდა და ორივე მათგანმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს. კომპანიამ გააუმჯობესა აქტიურ მომხმარებელთა ბაზაც და ერთობლივად, ამ მომხმარებლებმა Roku-ს პროდუქტის გამოყენების სიხშირეც გაზარდეს.
მიუხედავად ამისა, პარასკევს Roku-ს აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. ეს ასახავს ინვესტორების ნეგატიურ რეაქციას სტრიმინგ კომპანიის მომავლის პერსპექტივებზე.
პირველ კვარტალში Roku-ს შემოსავალმა $882 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $845.73 მილიონი). ზარალმა თითო აქციაზე კი $0.35 შეადგინა (პროგნოზი — -$0.61). შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში, ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $741 მილიონს და -$1.38-ს მიაღწია.
პირველ კვარტალში საშუალო შემოსავალმა თითო მომხმარებელზე (ARPU) $40.65 შეადგინა. ეს მაჩვენებელი დაღმასვლით ხასიათდება მას შემდეგ, რაც 2022 წლის შუა პერიოდში პიკს — $44.01-ს მიაღწია. მას შემდეგ ასევე შემცირდა Roku-ს მთლიანი მოგების მარჟა კომპანიის სარეკლამო ბიზნესისთვის — 60%-დან 50%-მდე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიას აქვს საფასო ძალაუფლების პრობლემა, ხარჯების პრობლემა ან ორივე მათგანის კომბინაცია.
რაც შეეხება მომავალს, Roku-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $935 მილიონს მიაღწევს, რაც აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $931.4 მილიონს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, Roku-ს შედეგები მომავალში შედარებით სუსტი აღმოჩნდეს.
Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $86.69-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $51.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 54%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.