გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Abbott Laboratories-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა სავაჭრო დღის განმავლობაში სამედიცინო მოწყობილობებისა და ჯანდაცვის კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა. როგორც ჩანს, ინვესტორები უფრო მეტად მომავლის პროგნოზებზე ფოკუსირდნენ.
მიმდინარე წლის განმავლობაში Abbott Laboratories-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით არის დაკლებული.
პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $9.96 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $9.89 მილიარდი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.98 შეადგინა (პროგნოზი — $0.96).
კომპანიის მენეჯმენტი მოელოდა COVID ტესტირებაზე მოთხოვნის შემცირებას და დააანონსა 17.6%-იანი წლიური კლება სადიაგნოსტიკო ერთეულების გაყიდვებში. მსოფლიოს მასშტაბით COVID ტესტების გაყიდვებმა $204 მილიონს მიაღწია, რაც ბევრად ჩამოუვარდება 2023 წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელს — $730 მილიონს.
Abbott Laboratories-ის ზრდის ყველაზე დიდი წყარო იყო სამედიცინო მოწყობილობები — მათმა გაყიდვებმა წლიურად 14.2%-ით მოიმატა. შედარებისთვის, კომპანიის კვებისა და ფარმაცევტული სექტორების ზრდამ, შესაბამისად, 5.1% და 3.1% შეადგინა.
რაც შეეხება მომავალს, Abbott-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის კორექტირებული EPS $1.08-$1.12-ს შეადგენს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.12). Abbott-ში ასევე მოელიან, რომ მთელი წლის კორექტირებული მოგება თითო აქციაზე $4.55-$4.70-ს მიაღწევს (უოლ სტრიტის პროგნოზი — $4.50-$4.70).
„პირველი კვარტლის შედეგები ასახავს წლის ძლიერ დასაწყისს და ჩვენ ვზრდით გაყიდვებისა და EPS-ის პროგნოზებს მთელი წლისთვის“ — განაცხადა Abbott-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ ბ. ფორდმა. „ეს იყო ზედიზედ მეხუთე კვარტალი, როდესაც მივაღწიეთ ორგანული გაყიდვების ორნიშნა ზრდას ჩვენს ძირითად ბიზნესში. განსაკუთრებით ძლიერი შედეგები დაფიქსირდა სამედიცინო მოწყობილობებსა და დამკვიდრებულ ფარმაცევტულ პროდუქტებში“.
პანდემიის პერიოდში Abbott Laboratories ერთ-ერთი უმსხვილესი COVID ტესტერი გახდა. გარდა ამისა, კომპანია აწარმოებს მრავალფეროვან ჯანდაცვის მოწყობილობებს და ფარმაცევტულ საშუალებებს. ამავდროულად, Abbott აშშ-ში ბავშვთა საკვების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Abbott-ის აქციებს?
Abbott Laboratories-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $106.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $127.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $141.00-ს, ხოლო მინიმალური — $107.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Abbott Laboratories-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Abbott Laboratories-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.