გუშინ, უოლ სტრიტის ანალიტიკოსისგან დადებითი შეფასების მიღების შემდეგ, სოციალური მედიის გიგანტის — Meta Platforms-ის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ით არის გაუმჯობესებული.
მზარდი AI შესაძლებლობა
Raymond James-ის ანალიტიკოსმა — ჯოშ ბეკმა Meta Platforms-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $525-დან $550-მდე გაზარდა. სამშაბათს, ბაზრის დახურვისას, დაფიქსირებულ ფასთან შედარებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-იან აღმასვლას გულისხმობს.
ანალიტიკოსი განსაკუთრებით აფასებს Meta-ს ნაბიჯებს გენერაციული AI-ის მიმართულებით და აქედან გამომდინარე კომპანიას „ტოპ არჩევანს“ უწოდებს. ხელოვნური ინტელექტის ათვისებისთვის გადადგმული ნაბიჯები მოიცავს Meta-ს ძლიერ გამოთვლით ინფრასტრუქტურას და თანამშრომლების მზარდ სიას, რომლებსაც AI სერტიფიკატები აქვთ. ეს კი საძირკველს უმაგრებს LLaMA (Large Language Model Meta AI) 3-ის შთამბეჭდავ წარმადობას — დიდი ენობრივი მოდელის, რომელიც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მსოფლიოში AI-ის ერთ-ერთ წამყვან ასისტენტს, Meta AI-ის ამუშავებს.
ანალიტიკოსი ასევე აღფრთოვანებულია Meta-ს უნარით, შექმნას ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ახალი მოდელი ერთდროულად, თავისი ძირითადი სოციალური მედიის ბიზნესისთვის ყოველგვარი რისკის შექმნის გარეშე.
აპრილში Meta-მ წარადგინა LLaMA 3-ის ორი განსხვავებული ვერსია — 8 და 70 მილიარდ პარამეტრიანი მოდელები. პარამეტრები მიუთითებს თითოეული მოდელის ზომასა და მის შესაქმნელად გამოყენებული ცვლადების რაოდენობაზე.
Meta-ს სოციალური მედიის პლატფორმები წარმოადგენს ინფორმაციულ საგანძურს, რომელზეც შეიძლება კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მოდელების დაშენება და მონაცემების უზრუნველყოფა მიზნობრივი რეკლამირებისთვის, რაც Meta-ს შემოსავლის დიდ ნაწილს წარმოადგენს. გენერაციული AI-ის გამოჩენა Meta-სთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, გააფართოოს თავისი შემოსავლის ბაზა იმის ფონზე, რომ კომპანია ცდილობს, LLaMA მოდელები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
Meta კვლავ იკვლევს გზებს, AI რევოლუციისგან სარგებლის მისაღებად. ამავდროულად, კომპანია მზად არის, ისარგებლოს ციფრული რეკლამის ბაზარზე მიმდინარე აღდგენით.
უახლესი კვარტალური შედეგები
ბოლო კვარტალური ანგარიში Meta Platforms-მა 24 აპრილს გამოაქვეყნა. ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებს შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ცხრილში გაეცნოთ.
მაჩვენებელი | 2024 წლის I კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის I კვ. | წლიური ცვლილება (%) |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $36.46 მლრდ. | $36.27 მლრდ. | $28.65 მლრდ. | 27% |
განზავებული EPS | $4.71 | $4.34 | $2.20 | 114% |
წმინდა მოგება | $12.37 მლრდ. | $11.35 მლრდ. | $5.71 მლრდ. | 117% |
გარდა ამისა, კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა საინტერესო კომენტარები გააკეთა. მან ისაუბრა Meta-ს AI ინვესტიციებისა და ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანიის სარეკომენდაციო სისტემის შესახებ. მარკმა ინვესტორებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ახლახან გამოშვებულ MetaAI-ზე და შეეხო ღია AI ეკოსისტემის საკითხს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta Platforms-ის აქციებს?
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $493.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $547.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $610.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.