გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, Amazon-ის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. შედეგად ელექტრონული კომერციის გიგანტი გახდა მეხუთე ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $2 ტრილიონს გადააჭარბა.
წლის დასაწყისიდან Amazon-ის აქციების ფასი დაახლოებით 29%-ით არის გაუმჯობესებული.
AI და ქლაუდ გამოთვლები
ბოლო პერიოდში Amazon-ის აქციების ფასი გაიზარდა ხელოვნური ინტელექტისა და ქლაუდ გამოთვლების ხარჯების ზრდის გამო — ეს არის სფერო, რომელშიც ის ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო წილს Microsoft-თან და Alphabet-თან ერთად. მოსაზრებებმა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს, ტექნოლოგიური კომპანიების აქციების დადებითი იმპულსი მისცა. ამავდროულად, Amazon-ის ელექტრონული კომერციის ბიზნესმა შეინარჩუნა კარგი წარმადობა მაღალი ინფლაციური ზეწოლის მიუხედავად.
პოზიტიური სიახლეები
ონლაინ საინვესტიციო გამოცემა The Fly-ის თანახმად, Bank of America-ს (BofA) ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Amazon რჩება მათ ტოპ არჩევანად მსხვილი კაპიტალიზაციის და FAANG1 აქციებს შორის. BofA-ს ანალიტიკოსებმა Amazon-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნეს, ხოლო სამიზნე ფასი $210-დან $220-მდე გაზარდეს. სამშაბათს, ბაზრის დახურვისას დაფიქსირებულ ფასთან შედარებით ეს მაჩვენებელი 18%-იან აღმასვლას გულისხმობს.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ წელს Amazon-ს ეფექტიანობის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს, ჯერჯერობით, Amazon-ისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ციფრული საცალო ვაჭრობის აღდგენა იყო, მარჟის გაფართოებამ შეიძლება კიდევ უფრო შეუწყოს ხელი კომპანიის წინსვლას.
მეორე კატალიზატორი, რომელმაც Amazon-ის აქციებზე პოზიტიურად იმოქმედა, იყო ელექტრომობილების მწარმოებელ Rivian Automotive-თან დაკავშირებული სიახლე. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანული ავტომწარმოებელი — Volkswagen გეგმავს, $5 მილიარდის დაბანდებას ელექტრომობილების (EV) სტარტაპში. მიზანი არის ერთობლივი საწარმოს საშუალებით ინდუსტრიაში წამყვანი ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიის შექმნა.
Volkswagen-ის საწყისი ინვესტიცია Rivian Automotive-ში $1 მილიარდს შეადგენს. ავტომწარმოებლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ $4 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია 2026 წლისთვის განხორციელდება.
Amazon კი Rivian Automotive-ის 162 მილიონზე მეტ აქციას ფლობს, რაც მას EV სტარტაპში 16.4%-იანი წილით უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებული Amazon გახდა მეოთხე ამერიკული კომპანია, რომელმაც $1-ტრილიონიანი ნიშნული გადალახა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $194.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $221.55-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $246.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.4%-იან ზრდას გულისხმობს.
Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] FAANG არის აკრონიმი, რომელიც გამოიყენება ხუთი ტექნოლოგიური კომპანიის აღსანიშნავად: Facebook, Amazon, Apple, Netflix და Alphabet-ის Google.